შემოგვიერთდი

05.11.2012 13:20

მორატორიუმის იდეა და პოლიტიკური ნების საკითხი

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
მორატორიუმის იდეა და პოლიტიკური ნების საკითხი    (photo: )

სტამბოლში სამოქალაქო დიალოგის მეორე დღე მოულოდნელი და საკვირველიც კი აღმოჩნდა. წინა შეხვედრების დროს ოსური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ჩვენს შიდა საქმეებად განიხილავდნენ და თითქოს არც აინტერესებდათ ეს ყველაფერი. ამ შეხვედრაზე კი ახალი მთავრობის მიმართ ინტერესს ღიად აფიქსირებდნენ. მოულოდნელი კი ის იყო, რომ ოსმა პოლიტოლოგმა კოსტა ძუგაევმა პოლიტიკური საკითხების გვერდით გადადება და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების წინ წამოწევის იდეა დააყენა.  

ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგის (თვალსაზირისი) ფორმატში, ქართველმა და ოსმა პოლიტოლოგებმა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. მოულოდნელი იყო ოსი პოლიტოლოგის, კოსტა ძუგაევის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე  მოლაპარაკებების პროცესში 5 წლიანი მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ. ძუგაევის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რეინტეგრაციაა, სამხრეთ ოსეთისთვის კი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება და რუსეთთან შეერთება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებში წარმოუდგენელია შეხების წერტილების მოძებნა, მაგრამ არსებობს ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხები, სადაც შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა. ძუგაევის აზრით, ახალი წლიდან როგორც თიბილოვის ისე ივანიშვილის მთავრობას ქართულ–ოსურ ურთიერთობებში ახალი სტარტის დაწყება მოუწევთ. ამიტომ, მისი აზრით, უკეთესი იქნება თუ ამ სტარტს პოლიტიკური კონტექსტი მოშორდება. სწორედ ამიტომ ძუგაევი პოლიტიკური საკითხების განხილვაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. 

„ჩემი აზრით, ჩვენს საერთო ინტერესებში უნდა იყოს გარკვეული მორატორიუმის გამოცხადება, ან შესაძლოა ამას სხვა რაღაც ვუწოდოთ.  აი რამდენ ხანს არ უნდა შევეხოთ მას (პოლიტიკას) ეს დამოკიდებულია შიდა პოლიტიკური პროცესების დინამიკაზე საქართველოში და სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად ეს დამოკიდებულია  ორივე მხარის მოქმედი ხელისუფლების კეთილი ნების ქონა არქონაზე. ჩემი აზრით ეს სადღაც 5 წელი უნდა გაგრძელდეს, შემდეგ ვითარება უფრო ცხად კონტურებს მიიღებს, შემდეგ კი უფრო გავერკვევით ამ დროის განმავლობაში“, – აცხადებს კოსტა ძუგაევი.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ყურადღებით უსმენდა კოსტა ძუგაევის გამოსვლას. მისი თქმით ეს მოსაზრება ახალი არ არის და მასზე ქართველ ექსპერტებსაც ნაფიქრი აქვთ. ხუციშვილის აზრით, მხარეებმა არ უნდა დაიწყონ იმ თემებზე ლაპარაკი, რაც დასაწყისშივე მოლაპარაკების პროცესს მოკლავს. ეს თემები კი პოლიტიკური ხასიათისაა, ამიტომ კონფლიქტოლოგის აზრით ხელისუფლებებმა როგორც ცხინვალში ისე თბილისში ანალიტიკოსების მოსაზრებები უნდა გაიზიარონ და ყურადღება ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისკენ მიმართონ. 

 „მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მოლაპარაკება დაიწყოს იმ საკითხებით, რომლის განხილვითაც ის უნდა დამთავრდეს. არის გარკვეული თანმიმდევრობა, რომელი საკითხები უნდა იქნეს დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე, იმისათვის რომ წარიმართოს მოლაპარაკება. არის საკითხები რომლებიც თავიდანვე ბლოკავს და აუქმებს ნებისმიერ შესაძლებლობას და არის საკითხები, რომლებიც არის საერთო ინტერესის და რაღაც სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის. ამიტომ არის შანსი, რომ გარკვეული სტიმულირება მოხდეს შემდგომი საუბრის. მე ვთვლი რომ სტატუსის საკითხი უნდა გადაიდოს. ძალიან მიხარია, რომ იგივე აზრი აქვთ ჩვენს ოს პარტნიორებს და კოლეგებს. მე მგონი ასეთივე პოზიცია უკავიათ აფხაზებსაც. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მათთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ეს მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა უნდა მოიცავდეს იმ საკითხებს, რომელიც გაკეთებადია ახლო პერსპექტივაში. ჰუმანიტარულ და  ეკონომიკურ საკითხებს. ესე იგი, უნდა შეიქმნას ერთობლივი სივრცე ვაჭრობისთვის, კომუნიკაციისთვის, ურთიერთობისთვის“, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

როგორც ცნობილია ქართული და ოსური მხარეები დღეს მხოლოდ ჟენევის დისკუსიის ფორმატში საუბრობენ, მაგრამ ამ ფორმატს დიდი შედეგი ჯერ არ მოუტანია, რადგან ნებისმიერი პრობლემის განხილვისას პოლიტიკური კონტექსტი საქმეს აფუჭებს და მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან ხოლმე. არსებობს სამოქალაქო  დიალოგის რამდენიმე ფორმატი, მათ შორის არის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი დიალოგი „თვალსაზრისი“, სადაც ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმდინარე პრობლემებზე საუბრობენ და მომლაპარაკებლებს ერთგვარ რეკომენდაციებსაც უგზავნიან ხოლმე. სტამბოლში გამართულ ბოლო შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე მორატორიუმის იდეა გაჟღერდა ახლა კი დისკუსია ცხინვალსა და თბილისში დაიწყება. ამ იდეის განხორციელებისთვის კი მოლაპარაკებებში ჩართული  ყველა მხარის პოლიტიკური ნება იქნება საჭირო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test