შემოგვიერთდი

19.11.2012 11:31

დევნილ ქალთა პრობლემები და მათი გაშუქება

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
დევნილ ქალთა პრობლემები და მათი გაშუქება (photo: )

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ (UN Women) ერთად დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ქალთა პრობლემების უკეთ გაშუქების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება.  გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ახალგაზრდა დევნილი ქალებისთვის ამ პროექტის გაცნობა მოხდა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ჟურნალისტებს კომპაქტურ დასახლებებში არსებული პრობლემები გააცნეს, რომლებსაც დევნილი ქალები აწყდებიან. ჩატარებული კვლევების მიხედვით იკვეთება, რომ დევნილთა დასახლებებში სულ უფრო იზრდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, გარდა ამისა იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა საკუთარი უფლებების შესახებ ბევრი არაფერი იციან.   

პროექტის მიხედვით ასეთი პრობლემების გამოკვეთაში მონაწილეობა თვითონ დევნილმა ქალებმა უნდა მიიღონ. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ შექმნილია მოქალაქე ჟურნალისტების ქსელი, რომელიც სამეგრელოში და შიდა ქართლში რადიოპროექტს ახორციელებდა. ახლა დევნილი მოქალაქე ჟურნალისტები ქალთა პრობლემების გაშუქებით დაკავდებიან. მათთვის ჩატარდა ტრენინგი რომლის მიზანი ინიციატივის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისთვის“ ვებგვერდისთვის პროექტის სტანდარტების და მოთხოვნილებების შესაბამისად, ახალი მასალების დაგეგმვა და მომზადებაა. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ რედაქტორის გიორგი კუპატაძის განცხადებით ქალთა უფლებების და მათი პრობლემების მიმართ  მოქალაქე ჟურნალისტების აქტიურობა და ადვოკატირება ამ პრობლემების გამოკვეთის და გაშუქების მეტ შესაძლებლობებს იძლევა. 

 „კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდად აისახება, მაგრამ ქალები ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდიან გარკვეულ საკითხებს. ძალიან რთულად აისახება მათზე მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რაც არსებობს კომპაქტურ დასახლებებში და მიგვაჩნია, რომ მეტი აქტიურობა მედიის და სამოქალაქო აქტივისტების არის საჭირო, რათა ხელი შეეწყოს ამ პრობლემების მოგვარებას და ადვოკატირებას ამ პროცესის“, – ამბობს გიორგი კუპატაძე.

ინიციატივა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისთვის–ხმა ცვლილებებისთვის“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო და ნდობის აღდგენის უნარების და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქართველ, აფხაზ და ოს ქალთა შორის სახალხო დიპლომატიის ინიციატივების ხელშეწყობის გზით. პროექტის მიზანია სპეციალისტი და ჟურნალისტი ქალების ჯგუფის ფორმირება, რომელიც მაღალი სტანდარტების, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს მომაზადებს ქალთა უფლებების საკითხებზე. ასეთი მასალები უკვე თავსდება პროექტის ვებგვერდზე. „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ კომუნიკაციების მენეჯერი გვანცა ასათიანი აცხადებს, რომ მიზანი დევნილ და კონფლიქტით  დაზარალებული ქალების ინფორმირება და მათი გააქტიურებაა. 

 „გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მანდატი არის ქალების და გოგონების გაძლიერება. გაძლიერებაში იგულისხმება ის რომ მათ უკეთ იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და ამასთან ერთად ადვოკატირება გააკეთონ თავიანთი უფლებების და უფრო მეტ ქალს მიაწოდონ ეს ინფორმაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გოგონებთან. მათი დახმარებით და მათი უშუალო მონაწილეობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფომ.“ – აცხადებს გვანცა ასათიანი.

ნათია ჭოველიძე 2 წლის განმავლობაში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რადიოპროექტში მონაწილეობდა, რომელსაც დევნილთა ამბები ერქვა, ამ პროექტის ფარგლებში კომპაქტური დასახლებებიდან მოქალაქე ჟურნალისტების მიერ ახალი ამბების მომზადება ხდებოდა. ახლა ნათია და მისი მეგობრები ქალთა უფლებების შესახებ ვიდეორეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

 „დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, რომ მონაწილეობა მივიღო პროექტში და მეც ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა უფლებების დაცვაში და როგორც ჟურნალისტმა მოვამზადო რეპორტაჟები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახური ძალადობა იყო ჩვეენი ერთ–ერთი ძირითადი თემა და მე ვაპირებ რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რეპორტაჟი მოვამზადო.“– ამბობს ნათია ჭოველიძე.

პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე (women-peace.net) აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები საკუთარ მასალებს უკვე ათავსებენ. პროექტის ხელმძღვანელების მიზანია, რომ მეტი ქალის გაერთიანება მოხდეს, რომლებიც სამშვიდობო და ქალთა უფლებების საკითხებზე იმუშავებენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test