შემოგვიერთდი

26.11.2012 10:51

მნიშვნელოვანია, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიებად არ ჩამოყალიბდნენ

მაია წიკლაური
ინტერვიუ
ზვიად ქორიძე (photo: )

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიაში ცვლილებები დაიწყო. მოხდა წილების გადანაწილება, ტელევიზიების გაყიდვა თუ ყოფილი მესაკუთრისთვის დაბრუნება. რა მიზანით განხორციელდა ეს ყველაფერი, რა წვლილი შეიტანა მედიამ არჩევნების შედეგებში და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მედიამ ხარისხიანი პროდუქცია შექმნას? - ამ და სხვა საკითხების შესახებ, Media.Ge "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

 

ბატონო ზვიად, როგორ შეიცვალა მედია არჩევნების შემდეგ, რას ნიშნავდა წილების გადანაწილება სხვადასხვა ტელევიზიაში?

არეულობა და ცვლილებები, რომელიც ახლა ხდება მედიაბაზარზე, არ იყო მოულოდნელი. ეს ბაზარი ქაოტური და არამდგრადი იყო. მედიასაშუალება რომ თვითკმარი გახდეს, ტელევიზიების მესაკუთრეების ნება უნდა არსებობდეს, რომ ჩადონ ფული და განავითარონ ეს ბიზნესი, შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც მოიზიდავს სარეკლამო შემოსავლებს. საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი ელექტრონული მედიასაშულება არ გვქონია. ერთადერთი მედიასაშუალება, რომელსაც  მოგებაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ეს ტელეკომპანია “იმედი” იყო 2003-2007 წლებში. ამ ტელეკომპანიაში დიდი ფული ჩაიდო, მაგრამ წლების მიხედვით ამონაგები იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ის  მალე სრულ მოგებაზე გავიდოდა. ხელოვნურმა ჩარევამ - მესაკუთრის პოლიტიკურმა ამბიციებმა და ხელისუფლების პასუხმა ამ ამბიციებზე - შეაჩერა ეს პროცესი. ამის შემდეგ “იმედი” უბრალოდ  ფულს ხარჯავდა. საიდან მოდიოდა ეს ფული, არავინ იცოდა, მაგრამ ხარჯავდა. რეალურად ჩვენი ტელევიზიები მხარჯველები არიან.  ისინი ხარჯავენ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე სარეკლამო ბაზარია. რიცხვების ეს დინამიკა აჩენს კითხვებს, ვინ არის ის კეთილი ბიძა, რომელიც საკუთარი ჯიბიდან ინახავს ამ ტელევიზიებს. უკეთეს შემთხვევაში ეს იყვნენ ის  ფინანსური ჯფუგები, რომლებიც მიბმულნი არიან პოლიტიკურ ჯგუფებს. საქართველოში ბიზნესი წარმატებული იყო, თუკი ის ახლო იყო პოლიტიკურ ძალებთან. ფინანსურ-პოლიტიკურ ჯგუფებზე მიბმული ტელევიზიები ღირებულს ვერაფერს ქმნიდნენ და ამიტომაც არამდგრადები იყვნენ.

წინა ხელისუფლებას საკუთარ კმაყოფაზე რამდენიმე ტელევიზია ჰქონდა - “რუსთავი 2”, “იმედი”, “რეალ ტვ”, “საქართველო” უმრავლესი რეგიონული ტელევიზიები, “მზე”. არჩევნების შემდეგ, ყოფილმა უმრავლესობამ და მათთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ჯგუფებმა დაიწყეს კაპიტალის დათვლა – რა ჰქონდათ,  რა დარჩათ და გადაწყვიტეს, რომ მათ ბევრი ელექტრონული მედიასაშულების შენახვა არ შეუძლიათ. ამიტომაც, ჩემი აზრით, მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ შეინახონ მხოლოდ “რუსთავი 2” ანუ ფული, რომელიც ამ ფინანსურ-პოლიტიკურ კორპორაციას გააჩნია, ჰყოფნის მხოლოდ ერთი კარგი მაღალხარისხიანი ტელევიზიის შენახვას.

“იმედი” ფორმალურად დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს, მაგრამ რეალურად ეს ტელევიზია თავიდან მოიშორეს. თან ამას სამართლიანობის აღდგენის ფორმა მისცეს. ეს რომ სასამართლოს გზით განხილულიყო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. რას ნიშნავს პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა? თუ ოჯახი არ ჩივის ზარალზე, მაშინ უნდა გაგვარკვიოს, რატომ არ ჩივის? რატომ მიაჩნდა ნორმალურად, რომ 5 წელი ის იყო სხვების ხელში და რატომ დაიბრუნა დათქმების გარეშე? ერთადერთი დათქმა იყო, რომ ის ვალების გარეშე დაიბრუნეს. ვინ ჩამოწერა ეს ვალები? ბოლო ორი წლის მანძილზე 15 მილიონ ლარამდე ჰქონდა “იმედს” დავალიანება. რა პროდუქცია აწარმოა მან, რომ მარტო საგადასახადო დავალიანება 15 მილიონი ლარი დაუგროვდა. ეს ტელევიზია ჩვეულებრივი სამრეცხაო იყო, ამიტომაც ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა.

5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ბევრი გადაჯგუფება მოხდა ტელევიზიების მესაკუთრეებში, რაც გზის ამბნევი იყო და სრული სამართლებრივი დომხალი შექმნეს. ჩემი რწმენაა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი თავად მიხეილ სააკაშვილია და ამიტომ მგონია, რომ ის მას არ დათმობს. “რუსთავი 2”-მა თუ იგივე სარედაქციო პოლიტიკა დატოვა, იმ მაყურებელსაც დაკარგავს, რაც ჰყავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ არხის დღევანდელ მესაკუთრეებს სურთ თანამედროვე ტელევიზიის გაკეთება. მთავარი საკადრო გადაწყვეტილება, ყოფილი გენერალური პროკურორის არხის გენერალურ დირექტორად დანიშვნა ნიშნავს განაცხადს - უნდა გავაკეთო ანგაჟირებული პოლიტიკური არხი, რომელიც მოემსახურება ჩემს ინტერესებს და მას თანამედროვე ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი ექნება.რაც შეეხება “რეალ ტვ”-ს, ის საკმაოდ იაფად გაიყიდა, 30 ათას ლარად. ესეც მომატებული საბაზრო ღირებულებაა ამ ტელეკომპანიისთვის. ვფიქრობ, ტელევიზიაში ისეთი შინაარსის მწარმოებელი კომპანია შევა, რომელიც ამ არხის საუკეთესო ტრადიციებს შეინარჩუნებს – ეს იქნება შავრაზმული ტელევიზია.

მნიშვნელოვანია, რომ „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ არ ჩამოყალიბდნენ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიებად, თუ ეს ასე მოხდა, მათ იგივე გზის გავლა მოუწევთ, რაც “რუსთავი 2”-მა 8 წლის მანძილზე გაიარა. “მაესტრო” და “მეცხრე არხი”, რომლებიც 2012 წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, “გამოცოცხლდნენ” – ორივეგან იმძლავრა რეკლამამ. ეს, შესაძლოა, იმის ნიშანია, რომ სარეკლამო ბაზრის დემონოპოლიზაციის პროცესი დაიწყო, რადგან კეზერაშვილს ბიზნესზე ადმინისტრაციული გავლენა აღარ აქვს, რომ აიძულოს რეკლამა “რუსთავი 2”-სა და “იმედზე” მიიტანონ, როგორც ადრე იყო. შესაძლოა, ბიზნესი აგრძელებს ძველი ტრადიციით ცხოვრებას: შინაარსის თვალსაზრისით ეს ორი ტელევიზია მთავრობის მხარესაა, ბიზნესი კი ფიქრობს - ხომ არ ჯობს დავასწროთ და ჩვენ თვითონ მივიტანოთ რეკლამა მათთან, რადგან, როგორც წესი, ბიზნესი ჩვენთან მაღალი სამოქალაქო ღირებულებებით არ გამოირჩევა.

ჩემი აზით, “მეცხრე არხი” არის პრობლემა პრემიერ-მინისტრისთვის და სურს მისი თავიდან მოშორება. ის მუდმივად აჩენს კითხვას. რთული დასამტკიცებელი იქნება, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლის კუთვნილ ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი. თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს ამ ტელეკომპანიის სხვისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან. თუმცა, რისკებსაც ვხედავ. მან იცის, რომ ეს არის საზოგადოება, რომელიც მთლიანად მედიიდან იმართება და მიჩვეულია მედიით მართვას. ამიტომ თუ მან დაკარგა ეს ტელევიზია და ამ დროს ოპონენტი არ თმობს ტელევიზიას, ის შეიძლება საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდეს და მივიღებთ მედიისგან მოწყობილ ობსტრუქციაში მყოფ მთავრობას. სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა გაყიდოს “მეცხრე არხი”, ან გადასცეს მისი აქციები არხის შემოქმედებით კოლექტივს, ან რაიმე სხვა ფორმა მოიფიქროს, მაგრამ არამც და არამც არ გააკეთოს ის, რაც განაცხადა პრესკონფერენციაზე – შეურწყას საზოგადოებრივ მაუწყებელს.

რატომ არ უნდა გააკეთოს?

ივანიშვილმა რომ “მეცხრე არხის” ტექნიკა შესწიროს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს შესაძლებელია. მაგრამ გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ გადაწყვიტოს ვინ დაასაქმოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადასაწყვეტი. ეს მაშინ, როცა კანონის ნორმებზე ვსაუბრობთ. თუ განვიხილავთ რა იქნება უმჯობესი, შესაძლოა სხვა არხებიდანაც ჯობდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტების გადაყვანა და არა მხოლოდ “მეცხრე არხიდან”.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი როლი „რუსთავი 2“–მა ითამაშა, რა წვლილი შეიტანა ამ არჩევნებში მედიამ?

2003 წელს არ იყო მხოლოდ „რუსთავი 2“–ის ფაქტორი. „რუსთავი 2“ მაშინ  ოპოზიციის ძირითადი პარტნიორი იყო და იმ ხელისუფლების მიმართ  სხვა ტელევიზიების მხარდამჭერმა სარედაქციო პოლიტიკამ დიდად განაპირობა, რომ მან იმძლავრა. როგორც „რუსთავი 2“–ზე არ მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები 2003 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, იგივე ვითარება იყო „მეცხრე არხსა“ და „მაესტროზე“. გარდამტეხი კადრები, რომლებსაც მაშინ „რუსთავი 2“ სთავაზობდა მაყურებელს, ახლა  „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ გაუშვეს ეთერში. არ ჩატარებულა კვლევა,  მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ციხის კადრებმა გადაწყვიტეს არჩევნების ბედი. 2003 წელს ასეთი ძლიერი და მომცველი არ იყო ინტერნეტი, როგორც ახლა. სოფლებში და რეგიონებში, სადაც არ არსებობდა საკაბელო ოპერატორები და არ იმუშავა “მასტ ქერის” პრინციპმა, სწორედ ინტერნეტის საშუალებით იღებდნენ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეები ამ ტელევიზიებიდან. ამ არჩევნებზე  არ იყო თავისუფალი მედიასივრცე. ამიტომ ვერ მოხერხდა მოქალაქეების სრული ინფორმირება, რაც უფრო მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ეს მედიამ პოლიტიკური ფაქტორების გამო ვერ მოახერხა, რაც შეეხება ემოციურ ფონს, ამის შექმნა მედიამ შეძლო, ამიტომაც მივიღეთ ფორმით არჩევნები, მაგრამ შინაარსით რევოლუცია. ეს არ მოხდა კამათით, დისკუსიით, დებატით. ეს იყო ემოციური  არჩევანი.

არჩევნების შემდეგ, რამდენად დგამს დღეს ქართული მედია ნაბიჯებს ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად და რამდენად აისახება პროდუქტის ხარისხზე ის, რომ  ერთ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები, რომლებიც არაეთიკურობით გამოირჩეოდნენ, ახლა სხვა, ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნის ამბიციის მქონე ტელევიზიებში იწყებენ მუშაობას?

ეს ბუნებრივი პროცესია: ვერავის ხელოვნურად ვერ შევუქმნით ბარიერს. ადამიანი რომელიმე ტელევიზიაში სამუშაოდ თავისი ბეგრაუნდით მიდის. ტელემენეჯერმა იცის, ვინ მიდის მასთან და აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს თავად მაყურებელმაც იცის. მაყურებელმა თუ მიიღო ამა თუ იმ ჟურნალისტის გადაცემა, მაშინ ამას ვერაფერი შეაჩერებს. თუ მაყურებელი უყურებს გადაცემას, სადაც  ხშირად ირღვევა ეთიკური სტანდარტი და არ აქვს რეაქცია, ეს ნიშნავს რომ დაბალია მედიაწიგნიერების ხარისხი. თანამედროვე რეალობაში მნიშვნელოვანია მაყურებლის პასუხისმგებლობაც. მან უნდა თქვას, არ მაწვდის ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას, არ არის მიუკერძოებელი, სავსეა ეთიკური პრობლემებით და არ მინდა ასეთი გადაცემა. ასეთ დროს  ტელეკომპანია გადაწყვეტს, შეაჩეროს ეს გადაცემა. დღეს სურათი ამ მხრივ არ იცვლება, რადგან რამდენიმე დემოგრაფიული პარამეტრი გვკარნახობს, რომ უფროსი ასაკის ადამიანები საქართველოში კონსერვატულები არიან და  შეჩვეული ეთერის პრინციპს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ, ნოვატორობით მედია არ გამოირჩევა, აქ არ არის ისეთი გადაცემები, რომლებიც დამაფიქრებელია,  საზოგადოებრივი დისკუსიის წარმომშობი ან საზოგადოებრივი პროცესების მაპროვოცირებელია. არხები სავსეა ტოკ-შოუებით, მაგრამ მედია მიმდინარე მოვლენების სტატიკური აღწერით შემოიფარგლება, ის პროცესები, რაც რეალურად საზოგადოებაში ხდება, არ შემოდის მედიასივრცეში. აქ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი თემები დომინირებს.

არჩევნებიდან დღემდე შინაარსის ანალიზი რომ გავაკეთოთ, სამ სატელევიზიო არხზე - “მაესტროზე”, “მეცხრე არხზე” და “კავკასიაზე” ერთი და იგივე მოლაპარაკე თავები არიან. ეს გავს იმავე პოლიტიკას, რაც მანამდე წინა ხელისუფლების მხარდამჭერ ტელევიზიებს, “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდათ.

რა ხდება ამ მხრივ “რუსთავი 2”-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში?

ისინი სარედაქციო დღის წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში არიან. მაგალითად, “რუსთავი 2”-ზე გასულ ერთ–ერთ სიუჟეტში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ეხებოდა პრაღაში, წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.  ისინი ვერ აღიქვამენ, რომ სხვა მთავრობაა ქვეყანაში, უკვე სხვა სინამდვილეა. გამოდის, რომ ელექტორატს ისევ სთავაზობენ ვირტუალურ სინამდვილეს, სადაც მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” სახეებს უნდა ვუყუროთ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო სამსახურის შესვლა მედიაზე ზეწოლად შეფასდა, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ასე?

როცა მთავრობა საჯარო კაპიტალის განკარგვის კანონიერებას ამოწმებს, პრობლემა არ არის. ყველაფერი მარტივია – მე მოგეცი ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნება უნდა იბოძო და ანგარიში ჩამაბარო. თუ ჩამაბარებ ანგარიშს და ჩანს, რომ დავალიანებაა, მაშინ სრული უფლება მაქვს, რომ შევამოწმო. მთავრობა რომ „პირველი არხის“ შინაარსში ჩაერიოს, მაშინ უნდა ვისაუბროთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე. თუმცა, მთავრობას სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის ვალდებულება რომ აქვს, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს სარედაქციო პოლიტიკა, ან ისე იყოს, როგორც დღეს არის: იბლოკება თემები, არ ხდება აქტუალური საკითხების განხილვა. ბუნებრივია, როცა სამოქალაქო ღირებულებების დეფიციტია, შეიძლება. მთავრობას სულმა წასძლიოს და ჩაერიოს ამ პოლიტიკაში. ეს სახიფათო იქნება. ეს რომ არ მოხდეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს  უნდა ეყოს გონიერება და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს. ფულის ხარჯვის კანონიერების შემოწმებაში პრობლემა არ არის, ეს  არანაირი ირიბი ცენზურა არ არის, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოკიდებული რეკლამაზე, კერძო შემოწირულობაზე. ამიტომაც არასწორი იყო იმ აქცენტების დასმა, რაც პოლიტიკოსთა ნაწილმა  და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სცადა.

2013 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე, რუსულენოვანი არხი, „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ (პიკი) ამ ფორმით აღარ იარსებებს. თქვენი აზრით, საჭირო იყო თუ არა ამ არხის არსებობა და რა როლი შეასრულა მან მედიაბაზარზე?

არხი შეიძლება იყოს რუსულენოვანიც და ყველა იმ ძირითად ენებზეც,  რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა მშობლიური ენაა.  კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ინიციატორი იმისა, რომ საკუთარ სივრცეში შექმნას არა ისეთი რუსულენოვანი არხი, როგორიც იყო „პიკი“, არამედ სათემო მაუწყებლობის პლატფორმა და გააკეთოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი, ოსურენოვანი სათემო მაუწყებლები. ეს არ უნდა იყოს ისე, როგორც ეს დღეს ხდება, როცა „მოამბის“ შინაარსი ითარგმნება ამ ენებზე. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი არხები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, მშობლიურ ენაზე მიიღონ  ინფორმაცია. ეს მათ ქართულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებას არ მოწყვეტდა და არ მოხდებოდა ამ ჯგუფების მარგინალიზაცია.„პიკი“ ამას ვერ შეასრულებდა, რადგან მისი სამიზნე აუდიტორია არ იყო საქართველოს მოსახლეობა. მისი სამიზნე აუდიტორია საქართველოს გარეთ მცხოვრები ადამიანები იყვნენ. მეტიც, ის რუსეთის აუდიტორიაზე იყო გათვლილი ერთი მთავარი მიზნით - მე შენ გთავაზობ საქართველოს ლამაზ სურათს და შენ უნდა დარწმუნდე, რომ საქართველოში ყველაფერი ასე კარგად არის; რომ  საქართველო არის ასეთი კარგი და რუსეთი ასეთი ცუდი. ასეთ შავ–თეთრ ტონალობაში გაკეთებული ტელევიზია ცუდია. იყო პლუსებიც –  ბევრი წერტილიდან საინტერესო რეპორტაჟები, მაგრამ დიდი ფუფუნებაა, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის მოქალაქეების ინფორმირებულობა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე. თუ საქართველოს საზოგადოებრვი მაუწყებელი გამოვა ინიციატივით და იტყვის, რომ სურს საგარეო მაუწყებლობაც,  რაც იმისთვისაა საჭირო, რომ საქართველოდან უცხოეთში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიდეს, ვაჩვენოთ საერთაშორისო პროცესების მიმართ საქართველოს დამოკიდებულება, მაშინ შეიძლება ასეთი პროგრამა გაკეთდეს, მაგრამ კითხვა მიჩნდება – რატომ მხოლოდ რუსულ ენაზე და არა, მაგალითად, ინგლისურად ან ჩინურად?! „პიკი“ სამრეცხაო იყო, სადაც ბევრი ფული გაიწმინდა და მისი პროდუქციისგან ეფექტი არ მიგვიღია.

და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად იქნება ტელეკომპანია „აჭარა“–თვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მინიჭების სტატუსი დამოუკიდებელ ტელევიზიად  ქცევის გარანტი?

დამოუკიდებელ ტელევიზიად თუ გვინდა ვაქციოთ ტელეკომპანია „აჭარა“, მაშინ უნდა გავყიდოთ. საქართველოში ორი ან მეტი საზოგადოებრივი ტელევიზიის არსებობა გაუმართლებლად მიმაჩნია. მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის შემქმნელი საზოგადოების ყველა წევრი იღებს ერთიან წილს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისთვის. როცა ვაკეთებთ ორ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მეორე  იქნება რეგიონული ხასიათის, მივიღებთ დისკრიმინაციულ ვითარებას. გამოდის, რომ დამატებითი ხარჯი უნდა გაიღოს აჭარაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა? ან შეიძლება ვისაუბროთ აჭარის მთლიან შიდა პროდუქტზე? ეს ხომ ნონსენსია. თუ აჭარაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს დავაკისრებთ გადასახადს, ესეც დისკრიმინაციული იქნება. თუ არ  დავაკისრებთ და ისევ ამ ფორმულაში ჩავეტევით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იქნებიან აჭარის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც გაიღებენ იგივე ხარჯს, რასაც აჭარის მაცხოვრებლები, ოღონდ, მათგან განსხვავებით, მიიღებენ მხოლოდ ერთ მაუწყებელს. ასეთი დისკრიმინაცია არ უნდა დავუშვათ. საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ მაუწყებელმა მოიფიქროს რეგიონული პოლიტიკა.  შეიძლება გაკეთდეს რეგიონალური სტუდიები მთელ საქართველოში, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულები იქნებიან და რომლებიც, ერთი მხრივ, მაუწყებელს უზრუნველყოფენ მრავალფეროვანი ინფორმაციით, მეორე მხრივ კი, მოამზადებენ ყოველდღიურ 2 ან 3-საათიან რეგიონულ პროგრამებს, რომელიც დღის განმავლობაში გავა ამ რეგიონების ტერიტორიებზე სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რთული მოდელია, შეიძლება   ვიკამათოთ, მაგრამ თუ ისევ იმ ფორმით იქნება ტელეკომპანია „აჭარა“, როგორც დღეს არსებობს, ჩაიყრება ფული და დაიკარგება. ეს იმ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იქნება, რომლებიც ამბობენ, რომ აჭარას თავისი ტელევიზია უნდა ჰქონდეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test