შემოგვიერთდი

27.11.2012 13:59

თანამგზვრული ციფრული ტელევიზია – საუკეთესო არჩვენი საქართველოსთვის

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული ტელესიგნალის გავრცელება რამდენიმე პლატფორმით ხდება: მისი მიღება შესაძლებელია მიწისზედა ქსელებით, კაბელით, თანამგზავრისა თუ ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით. თანამგზავრული ტელევიზია სიგნალის გადაცემის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა, რომელსაც სიგნალის გაცილებით დიდი გამტარუნარიანობა აქვს, ვიდრე მიწისზედა ტელევიზიის გადამცემ სისტემებს.

ფართოზოლოვანი არხებიდან გამომდინარე, თანამგზავრი იდეალური საშუალებაა სიგნალის გასავრცელებლად, რადგან შეუძლია, იოლად და სწრაფად უზრუნველყოს მომსახურება ისეთ რეგიონებშიც კი, სადაც კაბელური და/ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები  ეკონომიკურად ან პრაქტიკულად გაუმართლებელია.

თანამგზავრი გამოიყენება როგორც სიგნალის უშუალოდ მიღებისათვის (უშუალოდ  სახლში/DTH), რაც შენობებზე დამონტაჟებული თეფშების საშუალებით ხდება, ისე იმისათვის, რომ სიგნალით უზრუნველყოს მიწისზედა და კაბელური სატელევიზიო ქსელები.

თანამგზავრულ ციფრულ  ტელევიზიას რამდენიმე უპირატესობა აქვს, კერძოდ:

- შეუძლია, უკეთესად გადასცეს ვიდეო- და აუდიოსიგნალები, რომლებიც შედარებით დაბალ სიხშირულ დიაპაზონს გადიან, ამიტომ მკაფიო გამოსახულება და ხმა აქვთ.

- აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები HD მაუწყებლობის განსახორციელებლად

- შეუძლია, სიგნალი ერთდროულად მიაწოდოს მაყურებელთა დიდ რაოდენობას გეოგრაფიულად განსხვავებულ რეგიონებში

- თანამგზავრული ტელევიზია არანაირად არ არის დამოკიდებული მიწისზედა ინფრასტრუქტურაზე. იმ ადგილებში, სადაც მიწისზედა სატელევიზიო ქსელები არ არსებობს ან არასათანადოდაა განვითარებული, თანამგზავრული ტელევიზია კავშირგაბმულობის საშუალებათა ერთადერთი ქმედითი ალტერნატივაა. თანამგზავრული მაუწყებლობა მსოფლიოს უშორეს წერტილებში მცხოვრებ აბონენტებსაც კი მიეწოდება, თანაც ყველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე.

ამ უპირატესობების გამო თანამგზავრული ტელევიზია იდეალური პლატფორმაა ისეთი გეოგრაფიული და ლადშაფტური თავისებურებების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თანამგზავრის საშუალებით მოსახლეობას შეუძლია, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებშიც უყუროს მაღალხარისხოვან ციფრულ ტელეგადაცემებს და იმდენივე ტელეარხი ჰქონდეს, რამდენიც დიდი ქალაქების მცხოვრებლებს.

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ალბათ, ვერასდროს შეძლებს ციფრული სიგნალის მიღებას მიწისზედა ქსელის საშუალებით, ამიტომ მათთვის სწორედ თანამგზავრული ტელევიზია გახდება სიგნალის მიღების ერთადერთი საშუალება მას შემდეგ, რაც  ანალოგური მიწისზედა ქსელი საბოლოოდ გაითიშება.

 

საქართველოსგზა გაციფრულებისკენ

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თანახმად, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წელს გადავა. ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის „გაციფრულება” 2015 წელს უნდა დასრულდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაშიც. ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს განვითარებისა და ზოგადი „გაციფრულების“ გზაზე. საქართველოს ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის სახელმწიფო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, 2012 წლის დასაწყისში საქართველოში მაინც გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის „გაციფრულებისაკენ“. 2012 წლის იანვარში საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა ადგილობრივმა ციფრულმა თანამგზავრულმა ტელევიზიამ - „მაგთისატმა“. ეს  მოხდა მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი ხელშეკრულება დაიდო საქართველოს კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომსა“ და მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს თანამგზავრულ ოპერატორს - SES-ს  შორის.

მაგთიკომის გენერალური დირექტორის, დევიდ ლის განცხადებით, „მაგთისატის მეშვეობით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე ხელმისაწვდომია 90–მდე ციფრული არხი. ამ არხების ნაწილი პირველად გაიშვა ქვეყანაში. მაგთისატის ამოქმედებამდე ძალზე მცირე იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ციფრულ ტელევიზიას იღებდნენ. საქართველოში მხოლოდ კაბელური და ინტერნეტ-ტელევიზია (IPTV) იყო ხელმისაწვდომი, არადა მათი საშუალებით მთელი ქვეყნის დაფარვა ძალზე რთული და ძვირადღირებული პროცესია, მეტადრე - მაღალმთიან რეგიონებში“.

ამრიგად, საქართველო მიჰყვება მსოფლიო ტენდენციებს და ნაბიჯ–ნაბიჯ გადადის ტელევიზიის ციფრულ ფორმატზე, რაც აშკარად  დიდ სარგებლობას მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ციფრული ტელევიზია საშუალებას გვაძლევს, ჩვენს ტელეეკრანებზე ვუყუროთ მრავალ უცხოურ არხს, გვქონდეს მაღალხარისხოვანი პროგრამების ფართო არჩევანი, ვისარგებლოთ ინტერაქტიული მომსახურებით, და ყოველივე ამასთან ერთად უზრუნველყოფილი გვქონდეს  ხმისა და გამოსახულების მაღალი ხარისხი. ციფრული ტელევიზიის ზოგადი უპირატესობების გარდა, თანამგზავრულ ციფრულ ტელევიზიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – თანაბარი მედიაშესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ნებისმიერი კუთხეში - დიდი ქალაქი იქნება თუ პატარა სოფელი - მაყურებელს სატელევიზიო პროგრამების ფართო არჩევანი ექნება.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test