შემოგვიერთდი

28.11.2012 08:32

ტრენინგი პრაღაში ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
როინ აგრბა, ალექსანდრე ვერზილოვი და ფრენკ უილიამსი (photo: )

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის პრაღაში დაიწყო სემინარი რედაქტორებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ორგანიზატორი პრაღის ჟურნალისტიკის ტრენერების საერთაშორისო ასოციაციაა (pimta). ამ ასოციაციაში ყოფილი რედაქტორები და გამოცდილი ჟურნალისტები შედიან. ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ჩვენი გაკვირვება პირველივე შეხვედრამ გამოიწვია. ფრენკ უილიამსი (Frank Wiliams) წლების მანძილზე „ბიბისის“ მთავარი რედატორი იყო, შემდეგ რადიო „თავისუფლების“ რუსული ბიუროს დირექტორის მოადგილე. ძალიან საინტერესო ლექცია ჰქონდა სარედაქციო სამუშაოსთან დაკავშირებით. ვერ ვიხსენებ ვინმესთან ანგარიშვალდებული ვყოფილიყავი და ჩემს საქმიანობაში სხვები  ჩარეულიყვნენო. სხვათა შორის თბილისშიც უმუშავია 90 –იანი წლების ბოლოს. იმ დროისთვის სახელმწიფო ტელევიზიაში, ქართველ ჟურნალისტებს „ბიბისის“ სტანდარტს ასწავლიდა. 2 კვირით შევძელით ამ ტელევიზიის გარდაქმნაო, მაგრამ სახელმწიფო კანცელარიაში ვიღაცას ძალიან არ მოსწონდა ეს სტანდარტიო. მოკლედ ფრენკმა ეს ტელევიაზია მხოლოდ 2 კვირით შეცვალა, არ დაუსახელებია იმ ჩინოვნიკის გვარი, ვინც ტელევიზიის საქმიანობაში უხეშად ერეოდა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა და ვხედავთ რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იგივე პრობლემების წინაშე დგას. 

ცოტა რამ ჩვენი, მონაწილეების შესახებაფხაზეთიდან ძირითადად რედაქტორები არიან პრაღაში ჩამოსული.  

როინ აგრბა – მისი ჟურნალისტური კარიერა სოხუმის რადიოდან დაიწყო. მოგვიანებით ინტერნეტის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ამჟამად ქმნის ვებგვერდებს. 

იზიდა ჭანია – წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა, ამჟამად „ნუჟნაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია.

ვიტალი შარია – წლების განმავლობაში გაზეთ „ეხო აბხაზიის“  რედაქტორი იყო. ახლა რადიო „ეხო კავკაზასთან“ თანამშრომლობს. 

დიმიტრი ბელი – რადიოსადგურ „სომას“ რედაქტორი.

ანტონ კრივენიუკი – თავიდან „ნუჟნაია გაზეტაში“ მუშაობდა. შემდეგ „ჩეგემსკაია პრავდაში. თანამშრომლობდა „ეხო კავკაზასთან“, ამჟამად მოსკოვში მოღვაწობს. 

ლაშა ზარგინავა, გურამ როგავა და გერონტი ყალიჩავა „მეცხრე არხზე“ მუშაობენ. 

მაია ფიფია - რადიო „ათინათში“  და მე რადიო „თავისუფლებიდან“, Media.Ge-დან IWPR-თანაც ვთანამშრომლობ.  

ყველაზე საინტერესო ჯერ წინ გვაქვს, დაგეგმილია სხვადასხვა მედისაშუალებებში ვიზიტები და რეადქტორებთან საუბარი. 

რადაქტორის ელემენტარულ ანბანზე ალექსანდრ ვერზილოვი გვესეუბრა. ალექსანრეც ჟურნალისტიკის საერთაშორისო ტრენერია. მან საინტერესო ფილმი გვიჩვენა. რუსეთის ინტერნიუსის მიერ მომზადებული დისკუსია ჟურნალისტიკის დანიშნულების შესახებ.  

ისევ ფრენკის ლექციის შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. კიდე ერთი ისტორია, რაც მან გვიამბო, ჩერნობილის კატასტროფას უკავშირდება. მაშინ  როცა საბჭოთა მედია ერთი კვირის განმავლობაში ასაიდუმლოებდა ამ ამბავს, „ბიბისი“ ოპერატიულად ატყობინებდა მთელ მსოფლიოს ამ ტრაგედიის შესახებ.

„მაშინ ვფიქრობდი რომ ორი მხრიდან ერთ–ერთი ნამდვილად გიჟი იყო. გიჟები ან ჩვენ ვიყავით, ან საბჭოური მედიაო“, – თქვა ფრენკმა. ყველა მივხვდით, იმ ორში ვინ იყო გიჟი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test