შემოგვიერთდი

05.12.2012 11:25

ტელევიზორის და რადიოს გადასახადი და მომთხოვნი საზოგადოება

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები პრაღაში (photo: )

ერთ–ერთ საახალწლო მიმართვაში ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა თქვა, ”მეამაყება, რომ ჩეხეთში არაა სენსაციაზე მონადირე ყვითელი ან მაამებლური ჟურნალისტიკა, სამაგიეროდ არიან ჟურნალისტები, რომლებიც შესაძლო საფრთხეების მიუხედავად, თავისუფლად და მიუკერძოებლად აშუქებენ პოლიტიკის ბნელ კუნჭულებს”.

პრაღის ჟურნალისტიკის ტრენერების საერთაშორისო ასოციაციის (PIMTA) წარმომადგენლებმა ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის გამართულ

ერთ–ერთ ლექციაზე რედაქტორი და პუბლიცისტი, მედიაექსპერტი ანდრეი ფოჟიკოში მოიწვიეს. ფოჟიკოშმა ჩვენი ყურადღება მედიის თავისუფლების ხარისხის რეიტინგის გაცნობით მიიქცია და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჩეხეთი მე–8 ადგილიდან მე–14-ზე დაქვეითდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე უკეთესი მე–3 ადგილი ესტონეთს უკავია. საქართველო კი 104–ე ადგილზეაო, გვითხრა. თუმცა იქვე გაგვამხნევა, თქვენზე უკან აზერბაიჯანი, რუსეთი და აზიის არაერთი ქვეყანააო. ჩვენ ის უფრო გაგვიხარდება ჩეხეთთან უფრო ახლოს ვიდგეთო, – ქართულად გადავულაპარაკეთ მეგობრებმა ერთმანეთს. ეს რეიტინგები სხვადასხვა კრიტერიუმებით ითვლება – კანონმდებლობა, სარედაქციო თავისუფლება, ჟურნალისტების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, უსაფრთხო გარემო და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორია განმსაზღვრელი.

ჩეხეთში პრესის შესახებ კანონი, ამ ქვეყნის ავსტრია–უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს არსებობდა. ანდრეი ფოჟიკოში ამბობს, რომ იმ კანონიდან ერთი მუხლი ყველა შემდგომ კანონში გადმოვიდა და ეს არის უფლება პასუხზე. ნებისმიერ პირს, ვისაც მედია ეხება, გამომცემლებმა უნდა მისცენ უფლება პასუხზე და ეს უფლება მხოლოდ ერთხელ შეიძლება იქნას გამოყენებული. ჩეხეთში ეთიკის გაწერილი კოდექსი ყველასთვის არ არსებობს, ყველაფერს კანონმდებლობა არეგულირებს, მაგრამ არსებობს ჟურნალისტების სინდიკატი, რომელიც კოლეგების უფლებების დასაცავად არის შექმნილი. 

ფოჟიკოში კანონმდებლობაზე დიდხანს საუბრობდა, – ჯერ კიდევ 1968 წლის ივნისში ჩაიწერა პრესის შესახებ კანონში, რომ ცენზურა დაუშვებელია. ცენზურა აღიქმებოდა, სახელმწიფო ორგანოებიდან მედიის საქმიანობაში ჩარევად.  მაგრამ სულ მალე ამ კანონში შესწორებები შევიდა და ცხადდებოდა, რომ ეს ნორმა არ ვრცელდებოდა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებზე. ფოჟიკოში გვიამბობს, რომ 1968 წლამდე ჟურნალისტებს შინაგანი თავისუფლება ჰქონდათ, მაგრამ საბჭოთა მმართველობის გაძლიერებასთან ერთად იწყება ავტოცენზურა, ჩვენებურად რომ ვთქვათ თვითცენზურა – ნაცნობი ტერმინია ქართულ მედიაში არა?

1977 წლიდან პრაღაში დისიდენტური მოძრაობა ძლიერდება, ვაცლავ ჰაველის თავისუფლების ქარტია ხელიდან ხელში გადადის და ეს ჟურნალისტიკაზეც აისახება. ერთ–ერთი გაზეთი იმასაც ბედავს, რომ ჰაველს დაბადების დღე მიულოცოს. ჩეხები უკვე ხვდებიან, რომ მალე რაღაცა შეიცვლება და შეიცვალა კიდეც. 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სულ მალე ძალაში შედის ახალი კანონი პრესის შესახებ, იხსნება ყველა შეზღუდვა და ეს კანონი ფაქტიურად 1968 წლის მდგომარეობას უბრუნდებაო – ამბობს ფოჟიკოში. 

კიდევ ერთი დეტალი, დღეს ჩეხეთში, ნებისმიერ მედიასაშუალებაში მასალაზე პასუხისმგებლობა რედაქტორს ეკისრება. გამოცემების დიდი ნაწილი ახლა გერმანელი ბიზნესმენების ხელშია, მედიაექსპერტი არ  გამორიცხავს, რომ ამ ბიზნესმენებს კულუარული კავშირები პოლიტიკურ წრეებთან ჰქონდეთ, ამიტომ მანიპულაციის შესაძლებლობაც არსებობდეს,  მაგრამ განმსაზღვრელად მაინც ბიზნესი რჩება.  რევოლუციის შემდეგ პარტიებმა უარი თქვეს საკუთარ გამოცემებზე. ამჟამად ჩეხეთში პარტიული პრესიდან, მხოლოდ კომუნისტების გაზეთი რჩება. სხვა მედიასაშუალებები კერძო საკუთრებაა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა.  საზოგადოებრივი ტელევიზიის და რადიოს შესახებ უფრო დაწვრილებით შემდეგ წერილში მოგიყვებით. ახლა კი ის, რაც საქართველოშიც ბევრს აინტერესებს და ჩვენთვისაც ცოტა მოულოდნელი და გასაკვირი იყო.

როგორ ფინასდება საზოგადოებრივი მაუწყებელი? ის პირდაპირ ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. ფოჟიკოში ამბობს, რომ ჩეხებს ტელევიზორის და რადიოს გადასახადი სპეციალურ ანგარიშზე შეაქვთ. დათვლილია, რომ 10 მილიონი მოსახლეობიდან დაახლოებით 3 მილიონ ოჯახში დგას ტელევიზორი. ამიტომ თითოეულ ტელევიზორზე გადასახადი 100 კრონს (დაახლოებით 5 დოლარს) შეადგენს. რადიოს გადასახადი 40 კრონია და მას ყველა მანქანის მფლობელი იხდის. მნიშვნელობა არა აქვს, უყურებთ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადასახადი მაინც უნდა გადაიხადოთ. თუ ადამიანს ტელევიზორი არა აქვს, მან განცხადება უნდა დაწეროს, თუმცა მუდმივი შემოწმების ობიექტი გახდება. ფოჟიკოში ამბობს რომ თავიდან ამ გადასახადის ამოღება ჭირდა, მაგრამ შემდეგ ეს საქმე ერთ საადვოკატო ფირმას გადასცეს, რომელმაც დავალიანების მქონე აბონენტებისთვის ამნისტია გამოაცხადა, შემდეგ კი საქმეც აეწყო. ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გადასახადს იხდის, მართალია სასტუმროები ძალიან ზარალდებიან ამის გამო, რადგან ყველა ნომერში ტელევიზორი დგას, მაგრამ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოსო, – განმარტა ფოჟიკოშმა. საუბარში ფრენკ უილიამსი ჩაერთო და კიდევ უფრო გაგვაკვირვა. (ფრენკი წლების განმავლობაში ბიბისის მთავარი რედაქტორი იყო, შემდეგ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორის მოადგილე). იგი ამბობს რომ ბრიტანეთში, სახლში ტელევიზორი არა აქვს, არადა იქაც იგივე გადასახადი არსებობს, ოღონდ უფრო მაღალი ტარიფით. – ხშირად მაკითხავდნენ სახლში შესამოწმებლად, მე კი სასამართლოს ნებართვას ვითხოვდი. მოგვიანებით ლოკატორებით დადიოდნენ და ასე არკვევდნენ რომელ სახლში იდგა ტელევიზორი და რომელში არაო.  

აი ასეთი ამბებია, ადამიანები ტელევიზორის და რადიოს გადასახადს იხდიან, მაგრამ ითხოვენ კიდეც ხარისხიან პროდუქციას. ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად 4 არხი აქვს ეთერში გაშვებული. „პირველი არხი“ – მთავარია, უფრო შერეულია და მხოლოდ 8 საათზე აქვს მთავარი ახალი ამბები. მე–2 არხზე დოკუმენტური ფილმები და შემეცნებითი პროგრამები გადის. CT – 24 მხოლოდ ახალ ამბებს გადასცემს, ხოლო მეოთხე არხი მთლიანად სპორტულია, მალე საბავშვო არხსაც გაუშვებენ ეთერში.  

 

ეს დასასრული მომდევნო წერილის შესავლად ჩავთვალოთ. გაგრძელება იქნება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test