შემოგვიერთდი

07.12.2012 06:33

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს პირველი სხდომა

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
digital TV (photo: )

7 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნა. საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 5 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

დებულების თანახმად, საბჭომ უნდა უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელები ღონისძიებათა გეგმის პროექტი, რაც მოიცავს ციფრული მაუწყებლობის სტანდარტების, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების და ავტორიზაციის საკითხებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თანამიმდევრობის, ციფრულ სამაუწყებლო ქსელში მულტიპლექსორების სტრუქტურისა და ფლობის წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების შემუშავებას.

საბჭომ უნდა დაადგინოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დრო და თარიღი, განსაზღვროს  ერთსიხშირიანი და მრავალსიხშირიანი ქსელების გამოყენების საკითხები. მოამზადოს ციფრული მაუწყებლობისათვის სიხშირეების ეროვნული გეგმის განახლების, ქსელების უსაფრთხოების საკითხები, განსაზღვროს სორიენტაციო ხარჯები და შეიმუშაოს რეკომენდაციები სოციალურად დაუცველი და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარებისთვის. მათვე უნდა შეიმუშავონ მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

საბჭოს ევალება საკანონმდებლო აქტებში ცვლილების საჭიროებების დადგენა,  მათი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.

საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, სადაც უნდა აისახოს საბჭოს ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

საბჭოს ხელმძღვანელობს ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილი. ამ უწყების წარმომადგენელთა გარდა საბჭოში შედიან ფინანსთა სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ტელეკომპანიების დირექტორები - ჯამში 47 ადამიანი.

საბჭოს პირველ სხდომას EBRD-ის ექსპერტები ესწრებიან. შეხვედრაზე ისინი  საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელების გეგმის სამსჯელო პროექტების პრეზენტაციას მართავენ.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კი საერთოაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე, ამ სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს სწორედ EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test