შემოგვიერთდი

07.12.2012 13:05

EBRD-ის ექსპერტების პროექტი ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს გადასასვლელად

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
EBRD-ის ექსპერტების პროექტის პრეზენტაცია (photo: )

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწვეულმა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ექსპერტებმა პიტერ ლანდიმ (Peter Lundy), იუკკა კონერვისტომ (Jukka Kanervisto) და დიტერ კრიონეგერმა (Dieter Kronegger) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის პროექტი 7 დეკემბერს წარადგინეს. საკუთარი ხედვა მათ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წევრებს პირველ სხდომაზე გააცნეს. პროექტი ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა.

საერთაშორისო დონეზე (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის ივნისია განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების ხელშეშლიდან.

ექსპეტების მიერ შემუშავებული პოლიტიკა განსაზღვრავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითად შედეგებს და სამოქმედო გეგმას  ციფრულ მაუწყებლობაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასვლის უზრუნველსაყოფად.

EBRD-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველომ ე.წ. სიმულქასთინგის პერიოდი უნდა დაიწყოს 2014 წელს.

მულტიპლექს ოპერატორიც კომისიის მიერ აუქციონის წესით გამოვლინდება. გამარჯვებული ვალდებული იქნება, ააგოს ეროვნული მულტიპლექსური პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის 90 პროცენტის დაფარვას ციფრული სიგნალით და გადასცემს 30 სტანდარტული რეზოლუციის სატელევიზიო არხის ეკვივალეტს. მასზე გავრცელდება must carry-სა და must offer-ის პრინციპები,  რაც ნიშნავს იმას, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ აარჩევს მულტიპლექსური პლატფორმებით გადასაცემ პროგრამებს და ვალდებული იქნება, გადასცეს ყველა არსებული ტელეპროგრამა.

თავად ტელეკომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლებს ამ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ და კონტენტის წარმოებასთან ერთად სურვილის შემთხვევაში უნდა შეეძლოთ გახდნენ მულტიპლექსის ოპერატორები.

ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გამოთავისუფლდება სიხშირეები, მარეგულირებელი კომისია აუქციონზე გაიტანს დამატებითი სიხშირეების პაკეტს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გამოყენებული უნდა იყოს DVB-T2 სტანდარტი  და MPEG4 კოდიფიცირების სისტემა. ექსპერტები ტელევიზიებს რეკომენდაციას აძლევენ, საწყის ეტაპზე  SD TV ფორმატში იმაუწყებლონ და შემდეგ გადავიდნენ  HD TV ფორმატში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საინფორმაციო კამპანია სწორად უნდა დაიგეგმოს და ანალოგური სიგნალის გამორთვის თარიღი ყველა ოჯახისთვის ცნობილი უნდა იყოს.

გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული გეგმის შემუშავება სოციალურად დაუცველი მოსახლეობსითვის  აპარატურით უზრუნველსაყოფად, უნდა შეიქმნას ვებ-გვერდი და ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას მაუწყებლობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს განუმარტავენ.

პოლიტიკის დამტკიცების შემდეგ, დაიწყება სამოქმედო გეგმის განხორციელება, რასაც კოორდინაციას გაუწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამთავრობო კომისია, ხოლო ანგარიშვალდებულება განხორციელდება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე. ამავე პერიოდში ცვლილებები უნდა შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში და პროცესი სამართლებრივადაც დარეგულირდეს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2013 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა. უკვე 2013 წლის გაზაფხულისთვის მარეგულირებელმა კომისიამ უნდა მოამზადოს აუქციონი პირველი სამი მულტიპლექსის პლატფორმისთვის (ორი პარალელური მაუწყებლობისა, და ერთი ამ პერიოდის დასრულების შემდგომი პერიოდისთვის, სამივე შეთავაზებული ერთ პაკეტად). საბოლოოდ ანალოგური სიგნალი 2015 წლის მარტისთვის უნდა გამოირთოს.

ექსპერტებმა საკუთარი ხედვა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის პროექტი ეკონომიკის სამინისტროში შექმნილ სათათბირო ორგანოს, საბჭოს განსახილველად გადასცეს. საბჭო ეკონომიკის მინისტრის 5 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა.

მას ხელმძღვანელობს ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილი. ამ უწყების წარმომადგენელთა გარდა საბჭოში შედიან ფინანსთა სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ტელეკომპანიების დირექტორები - ჯამში 47 ადამიანი.

სწორედ ამ საბჭომ უნდა უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში კონკრეტული სამუშაოების განხორციელება. 17 დეკემბრამდე საბჭოს წევრებს ევალებათ EBRD-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული პოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და კონკრეტული წინადადებების მომზადება. საბჭოს მომდევნო შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბძემ პირობა დადო, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ბაზარზე მორგებული.

„გავითვალისწინებთ ყველა მაუწყებლის ინტერესს. ჩვენი მიზანია, მათ ჰქონდეთ გამართული ბიზნესმოდელი და ხელი შევუწყოთ კონკურენციის გაზრდას“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

EBRD-ის ექსპერტმა პიტერ ლანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანალოგური სიგნალის გამორთვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ საბჭოს წევრებს მოუწოდა, რაც შეიძლება მკაცრად დაიცვან სამუშაოსთვის გაწერილი კონკრეტული ვადები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test