შემოგვიერთდი

14.12.2012 14:12

ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ინტეგრირება ახალ მედიასთან

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ჩეხეთის საზოაგდოებრივი მაუწყებელი (photo: )

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში წაგვიყვანეს. მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორი ზდენეკ შამალი, პრაღის ჟურნალისტიკის ტრენერების საერთაშორისო ასოციაციის (PIMTA) წარმომადგენელიცაა. ზდენეკმა გულთბილად მიგვიღო და მაუწყებლის შესახებ გვესაუბრა. ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად 4 არხი აქვს ეთერში გაშვებული. „პირველი არხი“ – მთავარია, უფრო შერეულია და მხოლოდ 8 საათზე აქვს მთავარი ახალი ამბები. „მე–2 არხზე“ დოკუმენტური ფილმები და შემეცნებითი პროგრამები გადის. „CT – 24“ მხოლოდ ახალ ამბებს გადასცემს, ხოლო „მეოთხე არხი“ მთლიანად სპორტულია, მალე საბავშვო არხსაც გაუშვებენ ეთერში.  ჩეხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას მართავს  სამაუწყებლო საბჭო, რომელსაც ჩეხეთის სენატი ამტკიცებს. როგორც წინა წერილში გიამბეთ, ჩეხეთში მოქალაქეები ტელევიზიის და რადიოს გადასახადს იხდიან, ტელევიზიისთვის თვეში დაახლოებით 5 დოლარს, რადიოსთვის 2,5 დოლარს. ეს შემოსავლები საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა არხებმა სრულფასოვნად იმუშაოს. მედიის მუშაობას ჩეხეთში ძირითადად კანონმდებლობა არეგულირებს, არსებობს ცალკე კანონი ჩეხეთის ტელევიზიის შესახებ, კანონი რადიოს შესახებ, ასევე ჩეხეთის ტელევიზიის კოდექსი, რომელიც ექსპერტების და ჟურნალისტების მიერ არის  მიღებული. გარდა ამისა ჩეხეთის ახალი ამბების  დირექტორების დეკრეტით განსაზღვრულია,  როგორ უნდა ასწავლონ ახალგაზრდებს ჟურნალისტიკა. 

მალე ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ეს იქნება პირველი არჩევნები, როცა პრეზიდენტს პირდაპირი გზით აირჩევენ (აქამდე სენატი ირჩევდა) და ტელევიზიის ნიუსრუმი უკვე წინასაარჩევნო რეჟიმზე ეწყობა. 

ადგილობრივი ჟურნალისტების ანაზღაურებით დავინტერესდი. ზდენეკ შამალი მპასუხობს, რომ კარგი ჟურნალისტის ანაზღაურება დაახლოებით 3 000 დოლარია. ვინ არის კარგი ჟურნალისტი მეთქი? ვინც კარგ რეპორტაჟს ამზადებს და გამოცდილება აქვს დაგროვილიო.  ოთახში სადაც შეხვედრა იმართებოდა მან ერთ ასეთ კარგ ჟურნალისტს უხმო.  

ანეტა სნოპოვა– სიმპათიური ქალბატონი საზოგადოებრივი მაუწყებლის გამომძიებელი ჟურნალისტია. ბოლო რეპორტაჟი თავდაცვის უწყების მიერ სამხედრო ტექნიკის ტენდერის გარეშე შესყიდვას ეხებოდა, რამაც სკანდალი გამოიწვია და უწყების მაღალჩინოსნების გადადგომა მოჰყვა. ასე რეაგირებს ჩეხეთის ხელისუფლება საგამოძიებო რეპორტაჟებზეო.  აქ ჟურნალისტებს არ კლავენ, არ ემუქრებიან, თუმცა პერიოდულად რაღაცა მინიშნებები პირად ცხოვრებაზე ჩნდება ხოლმე და ეს არ გვაღელვებსო – ამბობს ანეტა. აქ ადამიანებს უფრო სასამართლოში წასვლა ურჩევნიათო. ადგილობრივი მედიაექსპერტებიც აღიარებენ, რომ ჩეხეთის სასამართლოში  ბევრი საქმე შედის მედიის წინააღმდეგ.

ჟურნალისტური სოლიდარობითაც დავინტერესდით. თუ მედიის წარმომადგენელს უსამართლოდ დაჩაგრავენ და პოლიტიკური მოტივით გაუშვებენ, მაშინ მის დასაცავად ყველა გამოვა, მაგრამ თუ ჟურნალისტმა პროფესიული შეცდომა დაუშვა, მაშინ პირველ დარტყმას სწორედ კოლეგები მიაყენებენო. საუბრის დასასრულს ნიუსრუმში და სტუდიებში გადავინაცვლეთ. სტუდიაში კი სანახავი არც არაფერი იყო. ყველა კედელი ხასხასა მწვანეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალური სტუდიები არსებობს. ამ ერთი მწვანე სტუდიიდან უამრავი კომპიუტერული სტუდიის დიზაინის შექმნა შეიძლება.  

სტუდიიდან ახალი მედიის განყოფილებაში გადავინაცვლეთ, ამ განყოფილებას ერთი სართული მთლიანად უკავია. ამჟამად ყველა გადაცემის ელექტრონულ ბაზაში შენახვა ხდება.  ტელევიზიის ყველა არხი კი ინტერნეტთან ხდება ინტეგრირებული. ტელევიზიის ხელმძღვანელებმა იციან, რომ ყოველწლიურად ტელემაყურებლის რაოდენობა იკლებს და იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, ამიტომ მათი გადაწყვეტილებით ტელევიზია ინტერნეტითაც უნდა მივიდეს მომხმარებლამდე. როგორც გვითხრეს, ინტერნეტში რეკორდი ოლიმპიური თამაშების დროს მოიხსნა, როცა ადამიანები ტელეფონებშიც კი მათ გადაცემებს უყურებდნენ. გარდა ამისა, გარდა არხების მთავარი გვერდებისა, კონკრეტული გადაცემების ვებგვერდებიც არსებობს, სადაც მომხმარებელს აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ახალ მედიას ყველა ტრადიციული მედიასაშუალება უკვე დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან იციან რომ მომავალი ინტერნეტისაა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test