შემოგვიერთდი

16.12.2012 10:30

ლუბა ელიაშვილი „ქართული ოცნების“ პოზიტიურად გაშუქებას ითხოვდა - თამარ რუხაძე

მაია წიკლაური
ინტერვიუ
თამარ რუხაძე (photo: )

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის წასვლის შემდეგ მისი ადგილი ლუბა ელიაშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე ბექაურის მოადგილე იყო საინფორმაციო პოლიტიკის დარგში. მისი მისვლის შემდეგ არხი  ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. რატომ თქვეს მათ ლუბა ელიაშვილთან მუშაობაზე უარი, ვისი ინტერესების გატარება სურდა მას და რატომ დაიწყო მოულოდნელად არხის რეორგანიზაცია, - ამ საკითხებზე Media.Ge „მეცხრე არხის“ საინფრომაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თამარ რუხაძეს ესაუბრა, რომელიც არხიდან ჟურნალისტებთან ერთად წამოვიდა.

ტელევიზიაში მისვლისას რა ამოცანები დაგისახათ არხის მენეჯმენტმა?

როდესაც საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელობას გთავაზობენ, პირველ რიგში კითხულობ იციან თუ არა მათ, როგორ ახალ ამბებს აკეთებ, რა პრინციპები გაქვს. მუშაობის დაწყებამდე საუბარი მქონდა  კახა ბექაურთან. მასთან ადრეც ვმუშაობდი, ამიტომ დეტალური საუბარი არ ყოფილა. საქმეზე ჩვენი შეხედულებების აბსოლუტური თანხვედრა იყო. მეც მაწუხებდა მხოლოდ ის, თუ  რამდენად იქნებოდა ჩემი სამუშაო თავისუფლება დაცული. მან მითხრა, რომ ამის გარანტი იქნებოდა თვითონ, გენერალური დირექტორი, როგორც ჩემი ზემდგომი პირი. ერთადერთი ამოცანა იყო უნდა შემექმნა ნიუსრუმი და შემდეგ ახალი ამბები.

უკვე მუშაობის პროცესში რა შენიშვნები იყო, რა პრეტენზიები ჰქონდა არხის მენეჯმენტს?

თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევდი მაყურებლების, ჩემი ჟურნალისტების და გენერალური დირექტორის წინაშე. ამ შემთხვევაში არც ერთი მიმართულებით შენიშვნა, ან პრეტენზია არ ყოფილა.

ამ პროცესში რა როლი ჰქონდა ლუბა ელიაშვილს? როგორც გაირკვა ის დირექტორის მოადგილე იყო საინფორმაციო პოლიტიკის დარგში.

დიახ, ის იყო ბექაურის მოადგილე, მაგრამ მისი თანამდებობა იყო აბსოლუტურად ფორმალური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებდა. ქალბატონ ლუბას ამის არც უფლებამოსილება ჰქონდა და არც ავტორიტეტი, რომ მისი აზრი გასათვალისწინებული ყოფილიყო. ის ტელევიზიაში მოდიოდა ძალიან იშვიათად. წინასაარჩევნოდ მას საკუთარი სურვილები ჰქონდა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო.

რა სურვილები ჰქონდა? რაში ვერ თანხმებოდით?

მაგალითად, მას ჰქონდა ასეთი მოსაზრება, რომ მოდი, ორი თვის განმავლობაში გავაშუქოთ მხოლოდ ერთი პარტია. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის მონიტორინგი. ასეთი იდეები და სურვილები გაუგებარია ჩემთვის. „მეცხრე არხზე“ არ იყო არცერთი რეპორტიორი რომლისთვისაც ამგვარი რამ მისაღები იქნებოდა. 

იყო სიუჟეტი ქსენოფობიაზე, სადაც ვიხსენებდით იმ პოლიტიკოსებს ვისაც ამგვარი რამ უთქვამთ. მათ შორის ხვდებოდა „ქართული ოცნების“ წევრიც. ქალბატონ ლუბას სურდა, რომ ეს პოლიტიკოსი არ მოხვედრილიყო სიუჟეტში.

ლუბა ელიაშვილს სურდა „ქართული ოცნება“ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში დადებით ტონში გაშუქებულიყო?

კი ასეა. მაშინ ჩემი ზემდგომი და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები იყო გენერალური დირექტორი, ამიტომ ასეთ სიტუაციაში არ ჩამითვლია თავი ვალდებულად, რომ მოადგილის სურვილები და შეხედულებები გამეთვალისწინებინა.

კახა ბექაური იყო თქვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ?

იყო, რა თქმა უნდა.

ლუბა ელიაშვილმა თქვენი გუნდის მიმართ ერთერთ პრეტენზიად არხის დაბალი რეიტინგი დაასახელა. მანამდე ამ საკითხზე არხის მენეჯმენტს პრეტენზიები ჰქონდა?

თუ ლუბა ელიაშვილი 7 თვის მანძილზე დირექტორის მოადგილე იყო საინფორმაციო პოლიტიკის დარგში, მაშინ მისი პასუხისმგებლობა რატომ არ იყო არხის ურეიტინგობა? მე არ ვიცი მას სჯერა, თუ არა ბოლო კვლევების, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ „მეცხრე არხს“ მოსალოდნელზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

კიდევ რა პრეტენზია ჰქონდა არხის უკვე ახალ გენერალურ დირექტორს?

მან  თათბირზე თქვა, რომ ახალი ამბები იყო უინტრესო და კეთდებოდა სნობურად. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სნობური სიუჟეტი. ქალბატონმა ლუბამ განაცხადა, რომ  მოსწონს „ინფო 9“-ის სტილი. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ მუშაობს, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჟურნალისტიკა, რასაც სააგენტო აკეთებდა. არის ერთი სტანდარტი, რითაც კეთდებოდა „ინფო 9“ და მეორე, რითაც ხელმძღვანელობდა „მეცხრე არხი“. მე ვმუშაობ ასე, ამიტომ იმ ადამიანთან მუშაობა წარმოუდგენელია, ვისთვისაც ეს სტანდარტი მიუღებელია. ან უნდა დაემორჩილო, ან უნდა წამოხვიდე. 

ჩვენ ყველამ შევთავაზეთ, მაუწყებლობა რომ არ შეჩერებულიყო დავრჩებოდით, სადამდეც საჭირო იქნებოდა. მან გვიპასუხა, რომ მაშინვე თავისუფლები ვიყავით. 

იყო რამდენიმე დღიანი მცდელობა მფლობელებთან შეხვედრის, რომელიც არ გამოვიდა.

ლუბა ელიაშვილის მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მეცხრე არხის“  რეორგანიზაცია უნდა დაწყებულიყო, რაც ფორმატის შეცვლას გულისხმობს - ახალი ამბების არხის ნაცვლად საერთო მაუწყებლობა იქნება. მანამდე იყო რეორგანიზაციაზე საუბარი?

დეკემბრის ბოლოდან იგეგმებოდა ახალ ოფისში გადასვლა, მუშავდებოდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის დილის პროექტი, საღამოს საინფორმაციო გადაცემის, თოქშოუს.  მე პირადად ვმუშაობდი ნიუსში შემავალ ერთ-ერთ ორ საათიან გადაცემაზე. ეს პროცესიც თითქმის დასრულებული იყო. საერთო მაუწყებლობა რომ უნდა გამხდარიყო და გასართობი გადაცემები დამატებოდა, ამაზე საუბარი არ ყოფილა.

დიღმის ახალი ოფისი მთლიანად არის გაკეთებული და მოწყობილი ახალი ამბებისთვის  ავტომატიზირებულია ყველაფერი იმისათვის რომ დილიდან საღამომდე საინფორმაციო გადაცემები გადაიცემოდეს. იქ არ არის საერთო მაუწყებლობისთვის საჭირო სტუდიები. ახალი ეთერი ისევ საინფორმაციო ფორმატის უნდა დარჩენილიყო.

თქვენი აზრით, რატომ შეიცვალა გეგმები?

ჩემთვისაც გამოცანად რჩება.

საუბრობენ იმაზე, რომ ახალ ოფისსა და  „მეცხრე არხზე“ დიდი თანხა დაიხარჯა. გაუგებარია თუკი დაიხარჯა დიდი თანხა დიღმის ოფისზე, რომელიც არის მორგებული ახალ ამბებზე, და ახლა გადადიხარ საერთო მაუწყებლობზე, გამოდის რომ ყრი ამ ფულს.

საზოგადოების ნაწილი „მეცხრე არხს“ მისი შექმნისთანავე საარჩევნო პროექტად მიიჩნევდა. თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ ეს გრძელვადიანი პროექტი იქნებოდა?

ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ადრე „მეცხრე არხის“ გაუქმებით დიდი შეცდომა დაუშვა და იგივეს აღარ გაიმეორებდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინი არ ყოფილა, რომ ეს წინასაარჩევნო პროექტი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით ახალი ოფისისთვის რაც კეთდებოდა, ყველაფერი იყო გრძელვადიან პერიოდზე გათვილილი. ჩემი კონტრაქტი იყო ერთწლიანი, სულ მცირე ერთი წელი მაინც უნდა გვემუშავა.

კახა ბექაურის წასვლა მოულოდნელი იყო თქვენთვის? მანამდე ამ თემაზე საუბრობდნენ?

არა, საბოლოო ჯამში მოულოდნელი იყო. მე შეიძლება მესმოდა რაღაც ხმები ამ თემაზე, მაგრამ როდესაც არხის მენეჯმენტი გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს და როდესაც განახლებული ეთერი უნდა დაიწყოს, გენერალური დირექტორის წასვლა მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა.

მასთან საუბარი გექნებოდათ, რით ახსნა დაწყებული საქმის  შუა გზაზე მიტოვება?

მისი კომენტარიდან გამომდინარე ძალიან აშკარა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია.

„საერთო გაზეთმა“ ნაციონალური მოძრაობის აგენტურაში დაგადანაშაულათ. თქვენ განაცხადეთ რომ ჩივილს აპირებთ.

იურისტებს უნდა ვაჩვენო ამ გაზეთის ბეჭდური ვერსია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი კითხულობს ამ სტატიას. ფაქტია, რომ მათ ჩემი პატივი და ღირსება შელახეს და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ტყუილი დაწერეს, მაშინ, როდესაც მისი გადამოწმება ძალიან მარტივი იყო. მე კი ამ გამოცემიდან არავინ დამკავშირებია.

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მხოლოდ ირინა გოგოსაშვილის [სტატიის ავტორი] იდეებია. ეს მიზამიმართული კამპანიაა იმის დასადასტურებლად, რომ არხიდან წასული ადამიანები იყვნენ ცუდები და კარგია, რომ ისინი ტელევიზიიდან წავიდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test