შემოგვიერთდი

21.12.2012 07:19

„საბჭოს წევრებისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ გაიყვანენ ბარათაშვილს“ - ნინო დანელია

მაია წიკლაური
ინტერვიუ

20 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილე 5 კანდიდატი გადაიყვანა. სხდომას skype-ის საშუალებით სამეურვეო საბჭოს წევრი, მედიამკვლევარი ნინო დანელიაც ესწრებოდა.  ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

რამდენად ჯანსაღი იყო კანდიდატების შერჩევის პროცესი, დარჩნენ თუ არა სხვა ღირსეული კანდიდატები მეორე ტურს მიღმა, რამდენად გამჭვირვალეა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და დირექტორის შერჩევის პროცესი - ამ და სხვა კითხვებზე ნინო დანელიამ Media.Ge-ს პასუხები წერილობითი გასცა.  

როგორ მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების შერჩევის პროცესი? რამდენად შეთანხმებულად მუშაობდით ბორდის წევრები და რა იყო მთავარი კრიტერიუმი შერჩევისას?

პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა. მეურვეებმა უარი თქვეს საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე და კანდიდატების გამჭვირვალე განხილვაზე. ბუნებრივია, 143 კანდიდატის განხილვა შეუძლებელი და არასაჭირო იყო. არაა რთული 143-დან მეორე ტურში გადასასვლელი კანდიდატის არჩევა. შევთავაზე, რომ საბჭოს წევრების მოკლე სიაში მოხვედრილი კანდიდატები განგვეხილა, გვეთქვა - ვინ რატომ თვლის ძლიერ კანდიდატად საკუთარ რჩეულს, გვემსჯელა მათზე და ჯანსაღი პროცესი წარმართულიყო. ასე ხდება ყველგან, სადაც კი მე კომისიაში ვყოფილვარ: კომისიის წევრები მსჯელობენ და მსჯელობის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, ყველა ინდივიდუალურად და ფარულად რასაკვირველია, მაგრამ მსჯელობის, არგუმენტების გაცვლის, კამათის შემდეგ. ფარულობა კი იმაში გამოიხატება, რომ საბოლოოდ არავინ იცის, საბჭოს წევრის საბოლოო გადაწყვეტილება. ჩემს თხოვნაზე ასეთი პასუხები მოვისმინე: სად მაქვს ამდენი დრო, რომ ყველას კანდიდატი განვიხილოთ? კენჭისყრა ფარულია და ამიტომ არ ვიმსჯელებ; მყარად მაქვს გადაწყვეტილება მიღებული და არ გადავსინჯავ არავითარი კამათის შემდეგ; ნაცნობები არ მინდა გავანაწყენო, რომლებსაც ხმას არ მივცემ; არ მინდა ხმამაღლა ვთქვა ჩემი კანდიდატები და ა.შ.

დამეთანხმებით, ყოვლად არასერიოზული არგუმენტებია. არადა, საბოლოოდ რომ ჩამოწერა თავმჯდომარემ კანდიდატები, ვისაც თითო ხმა მაინც ქონდა, სულ 12 ადამიანი მოგროვდა. 12 კანდიდატის ერთგვერდიანი CV-ს განხილვას რა დრო უნდა დასჭირვებოდა? არ ღირდა ეს დრო დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩასატარებლად? არ ღირდა მეურვეებს ეჩვენებინათ, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვლადებულად მიიჩნევენ თავს? უდაოდ ღირდა! მით უფრო, რომ თავიდანვე წავედი კომპრომისზე და შევთავაზე, რომ კამერა გამოვრთოთ, თუ საჯაროობა არ გსურთ, ოღონდაც ვიმსჯელოთ, პასუხისმგებლობით და პროფესიულად მოვეკიდოთ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს-თქო. ამ თხოვნაზე, საბჭოს წევრმა დავით კანდელაკმა, რომელიც გია თორთლაძის კვოტით არის არჩეული საბჭოში მითხრა, რომ ჩემი არ სჯერა და რომ მე სკაიპით დამატებული მყავს ვიღაც ადმიანი და უზრუნველვყოფ საბჭოს სხდომის მოსმენას. არ ვიცი, ვინ უნდა მყოლოდა დამატებული, მთლად პრემიერის აპარატი, შსს, პროკურატურა, თუ ვინ. მოკლედ, ასეთი გაუგონარი ცილისწამება და შეურაცხყოფაც მოვისმინე. აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო არაა დახურული სხდომა, სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება და მისი ჩუმად მოსმენის უზრუნველყოფა, უბრალოდ მარაზმია, რომელიც მხოლოდ არაჯანსაღ გონებაში შეიძლება გაჩნდეს.

არჩეული 5 კანდიდატიდან ყველას მიეცით ხმა? თუ ვინმეს არ დაუჭირეთ მხარი, რატომ?

არა. ამ ხუთიდან სამს არ მივეცი ხმა. არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო იმაში, რომ მათ კარგი მენეჯერის უნარები და ცოდნა აქვთ. მაგრამ მედია, მით უმეტეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვეულებრივი ბიზნეს-კომპანია არაა. მას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს საზოგადოების წინაშე და თუ ეს ღირებულებები არ იცი, რაც უნდა კარგად იცოდე, ვთქვათ „ივენთ მასტერსისთვის“ კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, ან „დექსუსის კრიზისული“ ბიუჯეტის შედგენა (თინათინ რუხაძე), ინფორმაციის ელექტრონული არქივირების და ელექტრონული მართვის სისტემის პროექტების შემუშავება და ხელმძღვანელობა (მეგი თავდუმაძე), ადამიანის რესურსის მენეჯმენტი, ან მართვის მენეჯმენტში სრული პროფესორი იყო, მგონია, ვერ გახდები საზოგადოებრივი მაუწყებლის კარგი დირექტორი. თუმცა, მე მზად ვიყავი, ჩემი კოლეგებისათვის მომესმინა და გვემსჯელა და ნამდვილად შემეძლო ამ ადამიანების სასარგებლოდ აზრის შეცვლა, თუკი დისკუსიისას დავინახავდი, რომ მე ვცდები შეფასებაში.

რომელი კანდიდატია თქვენთვის მისაღები და რატომ?

მე შევარჩიე ექვსი კანდიდატი, ვისი მოსმენაც ჩემი აზრით, საინტერესო იქნებოდა ჩემთვის და  ქართული საზოგადოებისათვის. დავით ქართველიშვილი, ნათია აბრამია, ლევან ღირსიაშვილი, კოტე ჩლაიძე, ირაკლი ტაბლიაშვილი და გიორგი ბარათაშვილი. ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარე: ზოგს - დასავლეთის წამყვან მედიაში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად, მაღალი მედია სტანდარტების ფლობა, ზოგს - მედია-პროდუქტის მწარმოებელი ორგანიზაციის მართვის გამოცდილება, ზოგს - ტელევიზიის ტექნიკური მხარის ცოდნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ CV-ს მიხედვით, მათ პროფესიულ წარსულს არ ამძიმებს არავითარი კომპრომატი. აქედან სამს პირადადაც ვიცნობ, სამს არ ვიცნობ. მათზე მსჯელობა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და საბჭოს ისიც კი ვთხოვე, ჩემს კანდიდატებზე მაინც ემსჯელათ. მე არავისთან დასამალი არაფერი მაქვს და არც ნაცნობები გამინაწყენდებიან, რადგამ ყველამ იცის, ვისაც რამე შეხება ჰქონია ჩემთან, რომ ნაცნობობით არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება და ჩემთვის უმთავრესი სწორედ პროფესიონალიზმია და არა ნაცნობობა. ამის გადამოწმებაც ადვილია. GIPA-ს (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის) კომისიის წევრი ვარ ყოველ წელს, ასევე რამდენიმე ფონდში ვყოფილვარ კომისიის წევრი მედია-პროექტების შერჩევისას.

რომელ კანდიდატს აქვს ყველაზე მეტი შანსი საბჭოს შემადგენლობიდან გამომდინარე?

საბჭოს წევრებისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ გაიყვანენ ბარათაშვილს და ეს სქემაც ასე მოიფიქრეს: სამ კანდიდატს დაიწუნებენ, მედიის მენეჯმენტში არარსებული გამოცდილების გამო, ერთს - მენეჯმენტში საკმარისი გამოცდილების უქონლობის გამო და დარჩება ბარათაშვილი, გია ჭანტურიას მოადგილე, მენეჯმენტის გამოცდილებით, შიდა კადრი, ამ ტელევიზიის ცოდნით. ეს ინფორმაცია გამოვიდა საბჭოდან. რასაკვირველია, ამბობენ, რომ ასე უნდა გახელაძეს და ყველას ავიწყდება საკუთარი პირადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ვნახოთ რა იქნება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ამჯერადაც, შედეგი პროცესამდე გადაწყვეტილი არ აღმოჩნდეს.

რამდენად ნორმალურია, რომ გასაუბრება კანდიდატებს შერჩევის მეორე დღეს დაენიშნათ? არ გისაუბრიათ საბჭოს წევრებთან ამ საკითხზე? (სავარაუდოდ საბჭოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კანდიდატებს სჭირდებათ მომზადება. მათ კონცეფციებიც არ აქვთ წარმოდგენილი)

კონცეფციებს არავინ ითხოვს. პრობლემაც ესაა. დარწმუნებული ვარ, ზოგ წევრს კალმისტარი და ბლოკნოტიც არ ექნება, რომ ჩაინიშნოს კანდიდატების საუბარი და პასუხები. მათ ეს არ სჭირდებათ. მათ იციან, ვის უნდა მისცენ ხმა. ალბათ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე, ასეთი რთული კონტექსტის გათვალისწინებით, საბჭოს მიმართ ასეთი უნდობლობის ფონზე, ეს ადამიანები არ ითხოვენ წერილობით კანდიდატის ხედვას მაუწყებლის განვითარებაზე, არ მსჯელობენ, არ კამათობენ, პირდაპირ იღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის ზეპირსიტყვიერებაზე დაყრდნობით. ასეთი არასერიოზული და არაპროფესიული მიდგომა სადმე თუ გაგიგიათ, იქნებ მაგალითი მოვუყვანოთ მკითხველს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

GIPA-ს მისაღები გამოცდებიდან დაწყებული, სხვადასხვა ფონდით დამთავრებული, ყველა კომისია კამათობს, ამტკიცებენ საკუთარი კანდიდატების, თუ პროექტების ძლიერ მხარეებს, არიან მომხრეები, მოწინააღდმდეგეები, პროცესი მიდის. აქ კი - სრული იდილიაა. ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. არსად ასეთი გამოცდილება არ მქონია.

თქვენი კომენტარები წავიკითხე გიორგი მელაძის სტატუსზე ფეისბუქში. ამბობთ, რომ იყო მცდელობა, ხელი შეეშალათ თქვენთვის სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას. თუ იყო ასეთი ფაქტი, იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ.

მე არ ვყოფილვარ ჩართული მთელი სხდომის მსვლელობისას. რაღაც დროს, თქვეს, რომ რაღაც ფინანსური დოკუმენტი უნდა მიეღოთ ვალთან დაკავშირებით და რომ ეს არ დამაინტერესებდა. ამიტომ, სკაიპიდან დროებით გამომრთვადნენ და მერე, როცა კანდიდატებზე გადავიდოდნენ, ჩამრთავდნენ. ვთქვი, რომ მაინტერესებდა ფინანსური დოკუმენტიც და რადგან საბჭოს სხდომას ვესწრებოდი, ვერ ვხედავდი პრობლემას, რომ სრულფასოვნად მიმეღო მონაწილეობა სხდომაზე.  ამასობაში აღმოჩნდა საბჭოს ერთი წევრი, ვინც თქვა, რომ ბაკურ სულაკაურს (საბჭოს წევრი) არ ჰქონდა ყველა CV ნანახი და უნდა გადაეხედა მათთვის. ამიტომ, მე გამთიშეს იმ მოტივით, რომ სულაკაურს იმ ეკრანზე უნდა წაეკითხა CV-ები, სადაც მე ვიყავი სკაიპით ჩართული. შეგახსენებთ, რომ საბჭოს სამუშაო ოთახში დგას კომპიუტერი და ის ლეპტოპი, რომლითაც მე ვიყავი ჩართული არ იყო ერთადერთი კომპიუტერი ოთახში. კომპიუტერი ასევე დგას იქვე, სამდივნო ოთახში და თავმჯდომარის ოთახში. ასე, რომ საბჭოს წევრს მშვიდ გარემოში შეეძლო გაცნობოდა კანდიდატთა ბიოგრაფიებს. მოკლედ, ასე იყო, თუ ისე, მე გამომრთეს და ჩამრთეს კარგა ხნის მერე. ამ დროს იქ რა მოხდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩემი თანდასწრებით ფინანსურ დოკუმენტზე არ უმსჯელიათ.  მე უკვე საკმაოდ აღელვებული ვიყავი კანდელაკის ცილისწამების მოსმენის შემდეგ და წინააღმდეგობა აღარ გამოწევია, როცა კანდიდატების გვარების ჩამოწერა დაიწყო დაფაზე.

ითხოვთ, რომ გასაუბრება კანდიდატებთან პირდაპირ ეთერში გადაიცეს, დაგთანხმდნენ ამაზე თქვენი კოლეგები? ან რაიმე სახის მოლაპარაკება ამ საკითხზე მიმდინარეობს?

არა, არ დამთანხმდებიან. ადამიანები, მათი რჩეულების მოკლე სიაზე მსჯელობაზე არ დამთანხმდნენ და პირდაპირ ეთერს დათანხმდებიან?! მაშინ ხომ დავინახავთ ყველანი - რომელმა კანდიდტმა რა იცის, ვის როგორი ხედვა აქვს, რა კითხვებს სვამენ საბჭოს წევრები.

გაგახსენებთ, ჭანტურიას კონკურენტი იყო ზვიად ქორიძე. ეს კანდიდატები პირდაპირ ეთერში დებატებში რომ დაესვათ, ზვიად ქორიძის სრული უპირატესობა მაშინვე გამოჩნდებოდა. მერე ხომ უფრო გაუჭირდებოდათ იმის დასაბუთება, რატომ აირჩიეს ჭანტურია.

პროცესის გამჭვირვალობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ტელევიზიას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ფუნქცია აქვს, მას ყველაზე მეტად სთხოვს საზოგადოება მიუკერძოებელ და პროფესიულ პასუხს კითხვებზე, მას არ ეპატიება იყოს მიკერძოებული ტელევიზია, ის საზოგადოებრივ ინტერესს უნდა ემსახუროს. ყველას გვაქვს ანგარიშვალდებულება და უნდა შეგვეძლოს საზოგადოებას დავუსაბუთოთ რატომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორსაც ვიღებთ.

გარკვეული პირები მედიის სფეროდან ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის პროცესის გადადებას მანამ, სანამ ახალი კანონმდებლობა არ შემუშავდენა და ახალი ბორდი არ აირჩევა. ეთანხმებით მათ? როგორ ფიქრობთ არსებული საბჭო ვერ შეარჩევს ღირსეულ კანდიდატს?

არ ვეთანხმებოდი დღევანდელ დღემდე. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ საბჭო გააცნობიერებდა - თუკი ახლა არასწორად წარიმართებოდა პროცესი, რის შედეგადაც არ იქნებოდა სანდო პროფესიული რეპუტაციის დირექტორი შერჩეული, პარლამენტი ამ საბჭოს დაშლიდა და მე პირადად არ მაქვს გარანტია, რომ საბჭოც და დირექტორიც არ იქნეიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები და ეს ტელევიზია ისევ მორიგი მმართველი უმრავლესობის ხელში არ აღმოჩნდება.

ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნაა მნიშვნელოვანი და არა ერთი პოლიტიკური ბანაკიდან, მეორეში მისი გადაყვანა. მაგრამ, დღეს ეჭვი მაქვს, რომ საბჭო, რომელსაც კამათის ეშინია, რომელიც ნაცნობების შიშით მალავს არჩევანს, რომელსაც დრო არ აქვს იმისათვის, რომ კანიდატები განიხილოს, რამე წესიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. მესმის, რომ ასე კოლექტიურ საბჭოზე არ უნდა ვლაპარაკობდე და იქ 10 წევრია, მაგრამ, დღეს ეს 10 წევრი კოლექტიურად იყო საჯარო, გამჭვირვალე განხილვის წინააღდეგი და არცერთმა არ თქვა, რომ არავითარი მუხანათურად სკაიპში ვინმეს ჩართვა და სხდომის მოსმენა არ შეიძლება პრობლემა ყოფილიყო, რადგან, რაც უნდა უკიდეურესად ამორალური ადამიანი ვყოფილიყავი, საბჭოს სხდომები ღიაა და სწორედ ამ გამჭვირვალების დასამტკიცებლად კეთდება სხდომების ჩანაწერები.

თუმცა 20 დეკემბრის სხდომაზე კამერა რამდენჯერ ჩაირთო და გამოირთო ვერ გეტყვით, არ დამითვლია. ასე, რომ თქვენ მხოლოდ სხდომის მონტაჟს ხედავთ თურმე და არა მთელი სხდომის ჩანაწერს. შესაბამისად, პროცესის გამჭვირვალებაზე საუბარი სრულ აბსურდად მეჩვენება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test