შემოგვიერთდი

28.12.2012 14:36

„მომხრე ვარ, რომ „მეცხრე არხი“ იყოს ის, რაც „ინფო 9“ იყო თავის დროზე“ - ლუბა ელიაშვილი

მაია წიკლაური
ინტერვიუ
ლუბა ელიაშვილი (photo: )

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორად ლუბა ელიაშვილი დაინიშნა და არხი თანამშრომლების ნაწილმა დატოვა, მის მიმართ არაერთი პრეტენზია გამოითქვა. რას პასუხობს მათ, როგორ მიმდინარეობს არხის რეორგანიზაციის პროცესი, რა ცვლილებები იგეგმება „მეცხრე არხზე“ და როგორი იქნება მისი დაფინანსების პოლიტიკა, ამ თემებზე Media.Ge “მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორს, ლუბა ელიაშვილს ესაუბრა.

ვიდრე „მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნებოდით, თქვენ იყავით  გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო პოლიტიკის დარგში. რა შედიოდა თქვენს მოვალეობაში?

სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა. ბატონ კახას სულ ეგონა, რომ უნდა დავმჯდარიყავი ნიუსრუმში და ახალი ამბები მეკონტროლებინა. მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი - არ ვიჯექი ნიუსრუმში ძალიან შეგნებულად და ვეუბნებოდი, რომ ჩემი ფუნქციაა შენთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვა, მაგალითად - როგორი თოქშოუები გვჭირდება, რა სიხშირით და ასე შემდეგ.

საინფრომაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თამარ რუხაძემ არხიდან წამოსვლის შემდეგ  განაცხადა, რომ თქვენ გსურდათ „ქართული ოცნების“ პოზიტიურად გაშუქება, მართლა ასე იყო?

თამარ რუხაძემ იცრუა. მსგავსი რამ არ ყოფილა. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც მე მივეცი ჩემთვის ძალიან სიმპატიურ ჟურნალისტთან დაკავშირებით,  ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი კოლეგებს შორის, რომელსაც არანაირი სანქცია არ მოჰყოლია.

გენერალური დირექტორის შეცვლა რატომ გახდა საჭირო?

ამას წყვეტს დამფუძნებელი.

თქვენი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მან მიიღო?

დიახ. კახა ბექაურის წასვლის შემდეგ ავტომატურად გავხდი მოვალეობის შემსრულებელი, 5 დეკემბერს კი ოფიციალურად დავინიშნე ამ თანამდებობაზე.

თქვენ თანამშრომლებთან ჩატარებულ პირველივე თათბირზე გამოთქვით უკმაყოფილება არხის რეიტინგთან დაკავშირებით და თქვით, რომ „სნობური ახალი ამბები“ მზადდებოდა.

მე მაქვს რეიტინგები, რომლის გამოც მე როგორც გენერალური დირექტორის მოადგილემ გამოვთქვი უკმაყოფილება და ვთქვი, რომ მოდით, ერთად ავწიოთ ეს რეიტინგი. რა არის ამაში ცუდი? სხვათა შორის კახა ბექაური საერთოდ არ გასაუბრებია თანამშრომლებს. მან ერთი დღით ადრე ეთერში იცრუა, როცა თქვა, რომ ჭორია მისი თანამდებობიდან გადადგომა. მე მარტო შევედი თანამშრომლებთან და სიმართლე ვუთხარი. რატომ არავინ ეკითხება, ბექაურს რატომ მოიტყუა წინა დღეს?

როდესაც არხიდან წავიდნენ, რა აღარ დამაბრალეს. თურმე ბინძურ კამპანიაში ვიღებ მონაწილეობას. Presa.ge-ში გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ასევე ბინძური კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ. მოყვანილი იყო თამარ რუხაძის, კახა ბექაურის და ნათია ლაზაშვილის გამონათქვამები. რახან ეს მასალა გამოქვეყნდა, მათი გაუგებარი ბრალდებებით შეიძლება ვთქვა, რომ ისინი ჩემს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას?  გაზეთის რაღაც წერილი გამო შეიძლებოდა ასეთი ამბავი ატეხილიყო? ყველაზე მეტი ლანძღვა ჩემს საკუთარ არხზე გავიდა. ნელა-ნელა გადაეჩვივნენ, იმიტომ, რომ დაინახეს ვამპირი არა ვარ და თავს არავის ვაჭამ. 

როდესაც დირექტორის მოადგილე იყავით, იგივე პრეტენზია არხის რეიტინგთან დაკავშირებით გამოგითქვამთ?

კი მითქვამს. არ მომწონდა დილის გადაცემა, არც ის გამოხმაურებები, რაც მას სოციალურ ქსელებში ჰქონდა.

გენერალური დირექტორის პოსტზე დაინიშვნის შემდეგ პირველი რა შეცვალეთ?

პირველი ის შევძელი, რომ თანამშრომლებმა ერთმანეთი გაიცნეს, კარგად არ იცნობდნენ. ახლა ცოტა უფრო მეტი ღიმილია ტერიტორიაზე.

რაც შეეხება პროგრამულ ბადეს, თუ ემატება მას გადაცემები, რა იცვლება?

გაწერილია უკვე, ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად ვაპირებ, რომ დავდო პროგრამული ბადე და ტელეკომპანია ავამუშავო.

როგორ ფიქრობთ,ა იმ გუნდთან, რომელიც „მეცხრე არხიდან“ თქვენი მოსვლის შემდეგ წავიდა, რატომ არ გამოგივიდათ ურთიერთობა?

იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან და როგორც ჩანს, კახა ბექაურის მეგობრებიც არიან. ეს არის მათი მეგობრული გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ვისთანაც უნდა იმასთან იმუშაოს.

როდესაც გენერალურ დირექტორად დაინიშნეთ, თქვით,  რომ არხი საერთო მაუწყებლად უნდა გადაკეთებულიყო 

არხი ეთერში გადიოდა როგორც საერთო მაუწყებელი, მაგრამ აბსოლუტურად დაუხვეწავი კონცეფცია ჰქონდა. ბატონი კახა ამბობდა, რომ აშენებს ახალი ამბების არხს, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში იმდენი ახალი ამბავი არ ხდება,  რომ გამუდმებით ტრიალებდეს. ერთი წელი „საცდელი მაუწყებლობა“ რომ გაწერია, დალოცვილო, და მაინც ამბობ, მაგარი ტელევიზია ვარო, მე არ მგონია, რომ ეს ასეა. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამგვარი მაუწყებლობა სამ თვეში დასრულდება. მალე საათში ერთხელ იქნება ახალი ამბავი ეთერში.

თუ ყოველ საათში ერთხელ ახალი ამბები გავა, გამოდის, რომ ისევ ახალი ამბების არხი იქნება.

ერთ საათში კი გავა საინფორმაციო, მაგრამ არ იქნება ნონსტოპი და უბედურება. ეს წამყვანები გასავათებულები რომ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ მეორდებოდა და მეორდებოდა ერთი და იგივე გაუჩერებლად. ეს არ მგონია სწორი. მე ვფიქრობ, რომ იმ 15 წუთის შემდეგ, როდესაც ნამდვილად ახალ ამბავს ეტყვი ადამიანს, შეიძლება რაღაც საინტერესო გადაცემა გაუშვა ეთერში.

დილის ახალი გადაცემით კმაყოფილი ხართ?

დილის გადაცემა ექსტრემალურ ვითარებაში გავიდა. ამ ეტაპზე მგონია, რომ რაც იყო, იმას ნამდვილად სჯობს. ამ მოსაზრებას იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი. ისიც ვიცი, რომ ვებ-გვერდის ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. რეიტინგითაც არ დაუკლია.

დიღომში მდებარე ოფისი ახალი ამბების არხისთვის იყო მოწყობილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფული არამიზნობრივად გაიხარჯა?

არანაირად. ძალიან კარგი ოფისია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ამბები საათში ერთხელ ძალიან იოლად გავა თავისი ტოქ შოუებით, დილის გადაცემით, უბრალოდ ელფერი ცოტა უფრო სხვანაირი ექნება. მაპატიეთ, მაგრამ ადამიანი მხოლოდ გაზეთებს რომ კითხულობს პირდაპირ ეთერში და თავის მოსაზრებებს ამბობს, არ არის სწორი.

კიდევ რა შეცვალეთ არხზე?

ახლა ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, სხვდასხვა ადამიანის მოსაზრებები გვაქვს.  მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი-ორი ვარსკვლავი ჟურნალისტი უნდა იყოს არხის სახე. მე იმის მომხრე ვარ, რომ ეს ტელევიზია იყოს ის, რაც „ინფო 9“ იყო თავის დროზე.  

ჟურნალისტი უნდა იყოს პირველ რიგში ინფორმაციის მომწოდებელი. მე არ მესმის როცა ჟურნალისტი სტუდიაში ზის და ელოდება სააგენტო როდის მიაწვდის ინფორმაციას.  მე მინდა ტელევიზია, სადაც ჟურნალისტი თვითონ მოიპოვებს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იქნება ყველაზე ფასეული.

მე მგონია, რომ აბსოლუტურად არაკანონზომიერად ძალიან დიდი სატელეფონო ლიმიტი ჰქონდათ წამყვანებს, რომლებსაც სინამდვილეში არ უწევთ სამსახურის თემაზე ვიღაცეებთან რეკვა. ჟურნალისტს ბევრად უფრო სჭირდება სატელეფონო ლიმიტი. ეს ამბავიც გამოვასწორე.

აღარ იქნება ის უცნაური განაწილება, როდესაც ვიღაცეები დილიდან საღამომდე დარბიან, ძალიან ცოტა ხელფასი აქვთ და ვიღაცეები სულ სამი საათით მოდიან, ეთერში გამობრჭყვიალდებიან და ძალიან დიდ ხელფასს იღებენ.

გადაიხედა სახელფასო პოლიტიკა?

კი, რა საკვირველია. მე გენერალური დირექტორის, ანუ ჩემი ხელფასი 4-ჯერ შევამცირე. დღეს არის ის ხელფასები, რასაც იმსახურებენ თანამშრომლები.

რამდენი რეგიონული ბიურო დაიხურა და რატომ?

დაიხურა 7 და დარჩა 15. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იყო.  შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც იყო ამის საჭიროება, რადგან უამრავი ახალი ამბავი ხდებოდა. ახლა იმდენი ამბავი აღარ ხდება.

 „მეცხრე არხს“ დაფინანსება არ შემცირებია?

ტელეკომპანიის დაფინანსება დამფუძნებლების გადასაწყვეტია.  მე მაქვს ასეთი ამბიციური გეგმა, რომ სარეკლამო დაფინანსებამ დოტაციური დაფინანსების გარკვეული პროცენტი უნდა ჩაანაცვლოს და ეს პროცენტი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს. განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ეს არხი ბაზარზე ისე დამკვიდრდეს, რომ დოტცია ძალიან შეამციროს.

„მეცხრე არხმა“ და „ინფო 9-მ“ ბიუროები შეამცირა, „ინფო ტვ“ შეუერთდა „მეცხრე არხს“, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების მოგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ სჭირდება საინფორმაციო საშუალებები?

არა, ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მისგან ნამდვილად არ არის ისეთი დამოკუდებულება, რომ რაღაც უნდა შემცირდეს, ან გაიზარდოს.  დოტაციის პროცენტი თუ ძალიან დიდი იქნება, ვერ შევასრულებ სარეკლამო შემოსავლის ზრდის პირობას. თუ მართვაში შემოვდივარ, ჩემი პირობა ასეთია, სხვანაირად ფეხის ფეხზე გადადება და იმის ლოდინი, რომ ფული გათავდა და ახლა კიდევ მომეცი, არ  მგონია სწორი. ბიზნეს ურთიერთობებში მენეჯერსა და დამფუძნებელს შორის უნდა იყოს კონკრეტული პირობები, რომელიც უნდა სრულებოდეს.

ანუ დაფნანსების შემცირება და სარეკლამო წილის გაზრდა ივანიშვილის მთხოვნა არ ყოფილა?

არა ამაზე საუბარი არ გვქონია.

უცხოელებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო აგრძელებს მუშაობას?

მე ვესაუბრე ბატონ მენარდს. ის ახალი წლების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მას ვთხოვე, რომ Google-ში ერთად ჩეწერა სიტყვები „ლუბა ელიაშვილი“ და „იბერია“, რომ ჩემზე წარმოდგენა ჰქონოდა. რაც შეეხება ბორდის დანარჩენ წევრებს, მათთანაც ვარკვევ ურთერთობას, გიორგი მარგველაშვილის ადგილი ვაკანტურია. მგონია, რომ ქართველი წევრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

სამეთვალყურეო საბჭოსგან იყო კონკრეტული რეკომენდაციები?

ბატონ კახასთან. მე მათთან ურთიერთობის საშუალება არ მქონია.

თქვენ, როგორც გენერალურ დირექტორს, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ „მეცხრე არხი“ არ არის ლოალური მთავრობის მიმართ და სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია?

რაც მე დირექტორად დავინიშნე, ნიუსრუმში ნამყოფი ვარ ალბათ სამჯერ. იმედაც [საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედა დარსალია] ჩემთან დაახლოებით ამდენჯერვე არის ნამყოფი. „მეცხრე არხი“ მთავრობის მიმართ კი არა, ჩემს მიმართ არ არის ლოიალური.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test