შემოგვიერთდი

11.01.2013 11:52

საჯარო ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
დისკუსია თბილისი - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კანონპროექტი (photo: )

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისას ფინანსურ გამჭვირვალობას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის გაზრდისა და აჭარის ტელევიზიისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭებას განიხილავდნენ 10 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა კოალიციის მედია ადვოკატირებისთვის ინიციატივით გაიმართა.

მწვავე დისკუსია, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესმა გამოიწვია. ყველაზე დიდი დროც ამ საკითხს დაეთმო.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე უნდა შემცირდეს. საიდანაც 3-3 წევრი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კვოტით აირჩევა და მათ პარლამენტი უმრავლესობით დაამტკიცებს, 2 წევრს სახალხო დამცველი დაასახელებს. მეცხრე კანდიდატი კი, ავტომატურად აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი იქნება. ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრებს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი.

დისკუსიის მონაწილეთა ნაწილი არ ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ საბჭოს კანდიდატები პოლიტიკური ჯგუფების კვოტების მიხედვით უნდა აირჩნენ. მათი აზრით, ეს უფრო გაზრდის პოლიტიკოსების გავლენას საზოაგდოებრივ მაუწყებელზე.

კანონპროექტის ავტორების თქმით, კი აბსოლუტურად პოლიტიკური გავლენებისაგან დაცული საბჭო ვერ იქნება, რადგან მას პარლამენტი ირჩევს. საბჭოს დამოუკიდებლობას მათი აზრით, სახალხო დამცველის მიერ დანიშნული წევრები უზრუნველყოფენ.

შეხვედრაზე მყოფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, ქეთევან სადღობელაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს დაკომპლექტების შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ადამაინების შერჩევა, ვინც არ იქნება პოლიტიკურად ანგარიშვალდებული რომელიმე პარტიასთან.

დისკუსია გამოიწვია საბჭოს წევრთა შესარჩევი კრიტერიუმების საკითხმაც. დისკუსიის რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ რომ ადეკვატურად უნდა განისაზღვროს ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ საბჭოს წევრები.  მათი თქმით, კანონპროექტში არსებული კრიტერიუმები გადაჭარბებულია და უფრო დეტალურ განსაზღვრას საჭიროებს.

„მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ  სფეროში“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

იქვე მითითებულია, რომ თუკი აქამდე საბჭოს წევრებს პრეზიდენტი ასახელებდა, ეს ფუნქცია მთლიანად პარლამენტს უნდა გადაეცეს. კანონპროექტის ერთერთი ავტორის, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც მედიის სფეროს სპეციალისტები შევლენ და მათ უნდა აირჩიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. თუმცა რა ნიშნით უდნა შეირჩნენ ამ კომისიის წევრები, ან როგორი იქნება პროცედურა კანონპროექტის ავტორებს ჯერ განსაზღვრული არ აქვთ.

დისკუსიაზე განიხილეს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხიც.

ეს საკითხი ქეთევან სადღობელაშვილმა წამოჭრა. „2004 წლიდან დღემდე, მაუწყებელში არცერთ დირექტორს არ უმუშავია ვადის ამოწურვამდე. ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დირექტორს უნდა ეკისრებოდეს და ბორდს არა?“ -  განაცხადა მან

ლაშა ტუღუშმა კი უპასუხა, რომ „კოალიციის მედია ადვოკატირებისათვის“ კანონპროექტის მიხედვით სამეურვეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება მის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე და ბიუჯეტის არასწორად განკარგვაზე. პარლამენტს წლის განამავლობაში ერთხელ შეეძლება საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საუბარი შეეხო მაუწყებლის ფინანსური გამჭირვალობის საკითხის, ასევე აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის მეოთხე საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საკითხს.

„ზოგს ჰგონია, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაუწყებლის ხარჯებისა და შემოსავლების ჯამური თანხა. ზოგიერთების აზრით კი, უნდა იყოს ცნობილი კონკრეტულ თანამდებობაზე რა ხელფასი გაიცემა, მაგრამ არა პიროვნების სახელი და გვარი, ვინც ანაზღაურებას იღებს. ეს საკითხი კიდევ დასახვეწია“, - განაცხადა ტუღუშმა.

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონპროექტი განსახილველად უკვე გადაგზავნილი აქვს. დამატებითი ცვლილებების ჩამოყალიბების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტს კვლავ მიმართავენ და შენიშვნის, ან ჩასწორების სახით გაუგზავნიან.

მედიაკოალიციამ იგივე კანონპროექტის შესახებ დისკუსია ბათუმში 9 იანვარს გამართა. ეს შეხვედრა ძირითადად აჭარის ტელეკომპანიის სტატუსის საკითხს შეეხო.  კანონპროქტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია და რადიო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სიხშირეზე, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე იმაუწყებლებს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის არანაკლებ 15 პროცენტით დაფინანსდება.

 

იხილეთ მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი:

საკანონმდებლო წინადადება 1

საკანონმდებლო წინადადება 2

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test