შემოგვიერთდი

16.01.2013 08:27

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში 3 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს მიერ შემუშავებული შენიშვნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწვეულმა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ექსპერტებმა 15 იანვარს გამართულ სხდომაზე წარადგინეს.

შეხვედრაზე სამი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც სხვადასხვა მიამრთულებით - ტექნიკური კონცეფციის მომზადების, სამართლებრივ საკითხთა და ეკონომიკური, ფინანსური და სოციალურ საკთხთა მიმართულებით იმუშავებენ. ისინი საბჭოს წევრების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით იმუშავებენ.

საბჭო 2012 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა. მისი წევრები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან. EBRD-ის ექსპერტებმა საბჭოს განსახილველად გაუგზავნეს პროექტი, თუ როგორ უნდა გადავიდეს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე და კომენტარების მომზადება სთხოვეს.

ორგანიზაციები რამდენიმე საკითხზე თანხმდებიან. საბჭოს ყველა წევრი მიიჩნევს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის გამოყენებული უნდა იყოს DVB-T2 სტანდარტი და MPEG4 ფორმატი (ციფრული მაუწყებლობის ტერმინოლოგიათა  განმარტებები  იხილეთ Media.Ge-ს ბიბლიოთეკაში.)

საბჭოს წევრები ასევე ფიქრობენ, რომ ამ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტექნოლოგიები. სხდომაზე „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სთხოვა, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს დადგენილება, რომელიც საკაბელო და სატელიტურ კომპანიებს ტექნოლოგიურად ნეიტრალური „რესივერების“ (მიმღების) გამოყენებას დაავალდებულებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარი მოწყობილობით შესაძლებელი იქნება მომავალში ციფრული სიგნალის მიღებაც. სხდომაზევე საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ს დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა, რომ ამგვარი „რესივერის“ შემოტანა, საკაბელო და სატელიტურ კომპანიებს ხარჯს არ გაუზრდის.

საბჭოს წევრებს ჯერჯერობით არ აქვთ ერთიანი პოზიცია მულტიპლექსის მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშრებით. ნაწილი მათგანი მიიჩნევს, რომ ქსელის ოპერატორი აუქციონის წესით უნდა გამოვლინდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ლიცენზია შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა გაიცეს და ის უკეთესი კონცეფციის მქონე კომპანიამ უნდა მიიღოს.

ყველა მათგანი თანხმდება, რომ უნდა გამოირიცხოს მონოპოლიის შექმნის შესაძლებლობა, მულტიპლექსის ოპერატორმა საჭიროა გამოიყენოს არსებული ინფრასტრუქტურა, ის უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯებზე ორიენტირებული.

რეგიონული მაუწყებლები მცირე არხებზე ანალოგური მაუწყებლობის შენარჩუნებას ითხოვენ.

EBRD-ის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული მაუწყებლობის ბოლო ვადამდე (2015 წლის 17 ივნისი) ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და სამუშაო ჯგუფებს მაქსიმალურად სწრაფად მუშაობისკენ მოუწოდეს. პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას თავად საბჭოს წევრებიც ითხოვენ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ.

ყველა ზემოთჩამოთვილილი საკითხი საბოლოოდ სამუშაო ჯგუფებმა უნდა გაწერონ, რასაც შემდეგ საბჭო ერთობლივად დაამტკიცებს.

თუმცა, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯემალ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ჩარჩო ვადების დაწესება საჭირო არ არის. „რთული პროცესია და ვადები დამოკიდებული იქნება თავად სამუშაო ჯგუფებზე“, - თქვა მან სხდომის მიმდინარეობისას.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  საერთაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველო კი ამ პროცესზე ახლა მსჯელობს.  სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. საბოლოო პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭომ უნდა შეიმუშაოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test