შემოგვიერთდი

29.01.2013 12:48

მედია-კავშირი „ობიექტივი“ ახლო ხედით

ნატა ძველიშვილი გელა ბოჩიკაშვილი
ახლო ხედით
მედია-კავშირი ობიეტივი (photo: )

მედია-კავშირი „ობიექტივი“ თბილისში რუსთაველის ქუჩაზე „კინოს სახლის“ მესამე სართულზეა განთავსებული. იმავე შენობაში, ერთი სართულით ზემოთ „რადიო თავისუფლება“ მაუწყებლობს.

„ობიექტივში“ სტუმრობისას მისი ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის ოთახის კართან მოქალაქე მხვდება, რომელსაც ტელეკომპანიის ეთერში გასვლა სურს. ხელმძღვანელთან და წამყვანებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ მას ჰპირდებიან, რომ გადაცემაში ემიგრაციაზე სასაუბროდ მიიწვევენ. მოგვიანებით „ობიექტივში“ მიხსნიან, რომ მათი ეთერი ყველასთვის ღიაა და დღის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი მოდის.

„ობიექტივის“  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოდელი

„იმდენად გახსნილები ვართ, რომ ჩემს ოთახშიც თავისუფლად შემოდიან ის ადამიანები, ვისაც „ობიექტივის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა. ისეთი ფაქტებიც ყოფილა, რომ სრულიად მოულოდნელად სტუდიაში შემოსულა პიროვნება,  შემოუღია კარი და რაღაც უკითხავს. ჩვენ არ გვინდა შევზღუდოთ ადამიანები, როგორც ეს სხვა ტელევიზიებშია“, - ამბობს „ობიექტივის“ პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია.

არხი პირდაპირ ეთერში 14 საათს მაუწყებლობს. მას დაახლოებით 120 წამყვანი ჰყავს. მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სჭარბობენ - პროფესიით ჟურნალისტები უმცირესობას წარმოადგენენ.  მედია კავშირ „ობიექტივში“ შემავალ ამავე სახელწოდების ტელეკომპანიაში, რადიოსა და გაზეთისთვის შტატში 50-მდე ჟურნალისტია აყვანილი. დღის განმავლობაში არხის ეთერში 20-მდე სტუმარი გამოთქვამს საკუთარ აზრს.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ „ობიექტივს“ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ამის მაგალითად, რამდენიმე გადაცემა მოჰყავს -  პოეტის ვაჟა ოთარაშვილის გადაცემა რეპრესირებულ თაობაზე „საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მსოფლიო“,  მხატვარ პუბლიცისტის, ნიკო ხერკელაძის გადაცემა საქართველოს ისტორიაზე, სადაც ის მაყურებელს საკუთარი წიგნიდან „ცრემლში ნალესი ხმალი“ გარკვეულ მონაკვეთებზე ესაუბრება. აქვე გადის ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის გადაცემა „3600 წამით სულიერების სამყაროში“, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერის ვალერი კვარაცხელიას გადაცემა „ოქროს კვეთა“.

ყველა წამყვანს თავისი გადაცემა აქვს და სტუმრებიც საკუთარი სურვილისამებრ მოჰყავს, გადაცემებს ძირითადად ერთი ფორმატი აქვს - წამყვანი სტუმართან ერთად გარკვეულ საკითხზე მსჯელობს. პროდიუსერი ფიქრობს, რომ მათ შორის მსგავსება მხოლოდ ერთი სტუდიით არის გამოწვეული. მისი აზრით, მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ „ობიექტივი“ ყველანაირი ჩარჩოების გარეშე მაუწყებლობს.

„ბევრ ადგილას მიმუშავია და „ობიექტივში“ ვიგრძენი ყველაზე მეტად რომ თავისუფლების სიო ქრის“, - აღნიშნავს ილია ჩაჩიბაია.

„ობიექტივის“ პრინციპები

არხის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის მიმართ, უარყოფით დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად აფიქსირებდა,  მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ჟურნალისტმა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დააფიქსიროს. მისი თქმით, ჟურნალისტის მიერ საკუთარი შეხედულებების არ გამოხატვა „მახინჯი სტანდარტია“, რომლის დამკვიდრებაც  90-იანი წლებიდან ე.წ. „ნეიტრალური ჟურნალისტიკის“ იდეოლოგებმა დაიწყეს.

„ეს არის სისულელე, ტყული და იდიოტობა იმიტომ, რომ ჟურნალისტიკის თეორია ჩვენ გვასწავლის, რომ ჟურნალისტმა მისი მასალიდან გამომდინარე უნდა შეცვალოს კონკრეტული სიტუაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ინაშვილი, რომელმაც პრემიერ მინისტრს მასთან ინტერვიუს ჩაწერისას გაუმხილა,რომ ხმა მას მისცა, თუმცა ახლა ამბობს, რომ ეს ფაქტი არ შეუქმნის უხერხულობას, ისევე აკრიტიკოს ახალი ხელისუფლება, როგორც ამას ძველი მთავრობის მიმართ აკეთებდა.

მის პოზიციას იზიარებს ილია ჩაჩიბაიაც. მისთვის წარმოუდგენელია, რომ ჟურნალისტმა საკუთარი მოსაზრება არ გამოხატოს.

„მაშინ უნდა დააფიქროსიო შენი პოზიცია, როცა ეს საჭროა, მაშინ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის მოსახლეობა, რომლებსაც უჭირთ და რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მათთვის განსაკუთრებული ადამიანი ხარ, რადგან  რადიოდან და ტელვიზიიდან ელაპარაკები“, - ამბობს ილია ჩაჩიბაია.

„ობიექტივის“ ფინანსები

ირმა ინაშვილის თქმით, „ობიექტივის“ ტიპის მედიასაშუალების მაუწყებლობა,  სხვა ტელევიზიებსგან განსხვავებით, კოლოსალურ თანხებს არ ითხოვს. მედია-კავშირის მთავარი შემოსავლები წევრების შემოწირულობაა. 2012 წლის დეკემბერში მათ განაცხადეს, რომ „ობიექტივის“ ფინანსური ანგარიშები საჯაროა და ყოველთვიური ბრუნვა არ აღემატებოდა 80-92 ათას ლარს. აქედან 50 ათასი ლარი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ გადარიცხული თანხა იყო. სანაცვლოდ „ობიექტივი“არჩევნებამდე  მის საინფორმაციო გამოშვებას ყოველდღე ერთი საათის ქრონომეტრაჟით უშვებდა.

„ობიექტივი“ ბათუმის „ტელეარხი 25“-ის ეთერში დღეში 9 საათის განმავლობაში გადაიცემა, რის სანაცვლოდაც „ობიექტივი“ მას თანამგზავრის გადასახადს უხდის. ცოტა ხნის წინ მარკეტინგის სამსახური ჩამოაყალიბეს და როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, სარეკლამო შეკვეთების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ამჟამად მხოლოდ სამი რეკლამა გადის ეთერში.

ბოლო პერიოდში „ობიექტივმა“ სტუდია განაახლა. მართალია, ყველა გადაცემა ისევ ერთი დეკორაციით გადის, მაგრამ დაემატა კამერა და ტოქშოუ ნაცვლად ერთი კამერისა, რომელსაც რამდენიმე სტუმარზე ერთდროულად უწევდა ხოლმე მუშაობა, ახლა რამდენიმე კამერით გადის ეთერში.

შტატში მყოფი 50 თანამშრომლის გარდა, ყველა ენთუზიაზმე მუშაობს. 

ირმა ინაშვილს დაცვა ემსახურება. ამბობს, რომ დაცვის აყვანა „ობიექტივმა“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრები გაავრცელეს.

„არანაირად არ ვარ დაცული შურისძიებისგან, ამიტომ ჩემმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ უღირს ჩემი თავი იმად, რომ დამიცვან“, - აღნიშნავს „ობიექტივის“ ხელმძღვანელი და ამატებს, რომ დაცვის წევრები მისი დიდი ხნის მეგობრები არიან „9 წლის განმავლობაში ჩვენ თანამებრძოლები და თანამოაზრეები ვიყავით, მათი ანაზღაურება სიმბოლურია.“

პატიმართა წამების კადრები

ირმა ინაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ გავრცელებულმა პატიმართა წამების ამსახველმა კადრებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თანამდებობები დატოვეს მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, დაიწყო საპროტესტო აქციები. „ობიექტივის“ გუნდმა კადრები ვლადიმერ ბედუკაძისგან მიიღო, რომელმაც რამდენიმე ხნის შემდეგ განაცხადა, რომ ირმა ინაშვილმა ეს ვიდეომასალა ორ მილიონ ლარად გაყიდა. თავად „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე „ხელში ჩაიგდეს სხვადასხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, ცუდი ზეგავლენა მოახდინეს მასზე და დეზინფორმაცია მიაწოდეს“. მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ბრიუსელიდან დაბრუნებულს თბილისის აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა, აეროპორტიდან კი მისი მანქანა ბაიკერებმა გამოაცილეს. თვითონ თავს გმირად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მის ადგილას ყველა ჟურნალისტი გაავრცელებდა კადრებს.

„გმირი მაშინ არ მეგონა თავი, როცა აფხაზეთიდან 200 კილომეტრი ფეხით გამოვიარე ჭუბერზე და უამრავი ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე. როგორ შეიძლება გმირი ახლა მეგონოს თავი, ამ ეპიზოდში მოანწილეობის გამო“, - ამბობს ის.

აეროპორტში პომპეზური დახვედრა არ მოეწონა. „როცა შენ რაღაც კეთილ საქმეს გააკეთებ, ბევრი მტერი გიჩნდება. როცა ასეთ დახვედრას გიწყობენ, ამ მტრების რიცხვი ორმაგდება“, - აღნიშნავს ირმა ინაშვილი და ამბობს, რომ მანქანაში ჩაჯდომისას გულაჩუყების გამო კი არ იტირა, არამედ დაინახა ის საფრთხე, რასაც ამგვარი დახვერდა შეუქმნიდა. ინაშვილის თქმით, მისი ვარაუდი გამართლა და ბევრი შანტაჟის, გინებისა თუ ზეწოლის ატანა მოუწია.

http://www.youtube.com/watch?v=XXQQiRRPtrc&feature=youtu.be

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test