შემოგვიერთდი

12.02.2001 20:00

სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია რეორგანიზაციისთვის ემზადება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "ახალი თაობა", გაზეთი "ალია", გაზეთი "დრონი", გაზეთი "რეზონანსი"
სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციაში წელიწადნახევრის წინ დაწყებული რეორგანიზაცია კვლავ გრძელდება. როგორც სახელმწიფო ტელევიზიის შეფმა ზაზა შენგელიამ განაცხადა, უკვე ტრადიციადქცეული სატენდერო სისტემა წელსაც ამოქმედდება. კერძოდ, მარტიდან დაიწყება სატენდერო მასალების წარდგენა, ივნისის დასაწყისში შედეგები გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბრიდან გამარჯვებულებს ცისფერი ეკრანი ელის. ტელერადიოდეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს მის საზოგადოებრივ ტელერადიომაუწყებლობად გადაქცევას. შენგელიას აზრით, ამ გარდაქმნას 5 წელი მაინც დასჭირდება. სახელმწიფო ტელევიზიის არსებობის 55 წლის მანძილზე ასეთი რეფორმა არ განხორციელებულა, რადგან დაფინანსების პრობლემა არ ყოფილა. 8,5 მლნ ლარიდან, რომელსაც ტელევიზია დღეისათვის ბიუჯეტიდან იღებს, 7 მლნ მხოლოდ ხელფასებს ხმარდება. დღეს ტელევიზიაში 2300 თანამშრომელია, მაშინ, როცა გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციებით სახელმწიფო ტელევიზიას 800 თანამშრომელზე მეტი არ სჭირდება. 2000 წელს ჩატარებული ტენდერში 80 გადაცემამ გაიმარჯვა. მაგრამ, ტელევიზიის შეფის მოადგილე ედნარ გიორგობიანს მიაჩნია, რომ ასეთი დაფინანასების დროს ოპტიმალური რაოდენობა 40 გადაცემაა. ამიტომ შემცირდება სატენდერო ნომინაციებიც, სავარაუდოდ 10-15 ნომინაცია დარჩება. შესაბამისად, გადაცემების ოდენობა 25 არ უნდა აჭარბებდეს. ტენდერამდე ტელერადიომაუწყებლობაში ჩამოყალიბდება ე. წ. შვილობილი კომპანიები ანუ რედაქციებს შვილობილ კომპანიებად გასვლის უფლება მიეცემათ. 100%-იანი დამფუძნებელი იქნება საქართველოს ტელევიზია და რადიო, სამაგიეროდ მათ ექნებათ იურიდიული სტატუსი, ხოლო ტელერადიომაუწყებლობა მათ მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსასყიდლოდ ყველაფრით, გარდა ხელფასისა. შვილობილ კომპანიებს უფლება ეძლევათ სხვა ტელეკომპნიებისაგან შეკვეთები მიიღონ და მიჰყიდონ მათ საკუთარი პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ შვილობილ კომპანიებად გადასვლა არ შეეხებათ საინფორმაციო სამსახურებს. ვინც უარს იტყვის შვილობილ კომპანიად გასვლაზე, ტენდერში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული სექტემბერშიწარდგება ტელერადიომაუწყებლობის სახელით ეთერში, ხოლო ტენდერს მიღმა დარჩენილები გადავლენ მოცდენის პრინციპზე და დაელოდებიან მომავალ ტენდერს. ისინი დარჩებიან უწყებაში, მაგრამ ხელფასს ვერ მიიღებენ. გაზეთ "ალია"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილემ ფინანსების დარგში კახა ბექაურმა განაცხადა, რომ შემცირება არა მარტო შემოქმედებით ნაწილს, არამედ ადმინისტრაციას, ტელეცენტრს ანუ ტექპერსონალს და საერთო სამსახურებსაც შეეხება. ტელევიზიი მე-2 არხი ზაზა შენგელიას თქმით გადავა პირველ არხზე ანუ იქნება როგორც ცენტრალური ტელევიზიის მეორე არხი. "ინფორმაცია მე-2 არხი" შეერწყმება "მოამბეს". გარდა ამისა, სექტემბრიდან "მოამბე" მოამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს "ალიონისთვისაც". ანუ საინფორმაციო სამსახური გაერთიანდება "მოამბის" ირგვლივ. ინტერესს იწვევს სახელმწიფო არხების ეთერში ლიცენზირებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი პროდუქციის გაშვების საკითხიც. ზაზა შენგელიას განცხადებით ეს პრობლემა 2001 წლის 1 სექტემბრიდან მოგვარდება. მას დაარეგულირებს "კანონი ქართული ენის შესახებ", რომლის მიღებას პარლამენტი ივნისისთვის გეგმავს. რაც შეეხება არალიცენზირებული პროდუქციის გაშვებას, ეს დღევანდელი კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, თუმცა ამ მოთხოვნას კიდევ უფრო გაამყარებს კანონი "ტელეკომპანიების ლიცენზირების შესახებ".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test