შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

როგორ და რისთვის შუქდება კრიმინალური ამბები

15.02.2013 18:13

უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საწყის ეტაპზე სწავლისას, მედიის უზარმაზარი გავლენა რომ ნათლად ეჩვენებინა, ლექტორმა ისტორია მოგვიყვა: იმისათვის, რომ მაყურებელზე საკუთარი გავლენა დაენახათ, ერთ-ერთმა ტელეარხმა, გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ზაფხულის პაპანაქება სიცხეში გამოაცხადა, რომ მეორე დღეს ყინვა იქნებოდა, ის ადამიანები კი, ვინც მათ ოფისთან ქურქით მივიდოდნენ, განსაკუთრებულ სიურპრიზს მიიღებდნენ. მეორე დღეს ტელეკომპანიასთან ბეწვის თბილ ქურთუკებში გამოწყობილი ადამიანების რიგი დადგა. ეს იყო შედეგი, რომელსაც ექსპერიმენტის ავტორებიც კი ვერაფრით წარმოიდგენდნენ.

ერთი შეხედვით, შეიძლება, სასაცილო იყოს, თუმცა მასმედიის გავლენას საზოგადოებაზე, ეს ფაქტიც კარგად ასახავს. ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ, "რუსთავი 2" იყო ტელეკომპანია, რომელმაც 2003 წელს "ვარდების რევოლუცია" მოახდინა. ლამის იგივე შედეგი მიიღო ტელეკომპანია "იმედმა" 2007 წლის ნოემბერში.

ესეც რომ არა, თავის დროზე, ჟურნალისტური ეთიკა, ჭკვიანმა ადამიანებმა იმიტომ მოიგონეს, რომ ხალხში ზედმეტი პანიკა არ გამოეწვიათ, ან ადამიანების უფლებების შეზღუდვა არ წაეხალისებინათ. სენსაციებზე ნადირობის დროს, ჟურნალისტებს უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომლებიც სიუჟეტებში გმირებად გამოგვყავს და ასევე ადამიანები, რომლებსაც ამ მასალას ვაწვდით.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმ არხების რიტორიკა, რომლებიც არჩევნებამდე მმართველი გუნდის პიარკამპანიით იყვნენ დაკავებულები, რადიკალურად შეიცვალა. მათ სისტემატურად დაიწყეს ძარცვის, ყაჩაღობისა და სხვა კრიმინალური შემთხვევების გაშუქება, რამაც საზოგადოებაში, გარკვეული შიში გამოიწვია.

შიშის ფაქტორს აძლიერებს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ დეკემბერში მიიღო და უკვე ამოქმედდა, ამას თან ერთვის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც, რომელიც კრიმინალის მოსალოდნელ გაზრდაზე საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებს საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს.

ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე  მოვლენები, თუმცა, რატომღაც მგონია, ზოგიერთი ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ყაჩაღობის, ძარცვისა თუ მკვლელობის, ფაქტების ხშირი და გულმოდგინე გაშუქება, ხალხში პანიკის დათესვას ემსახურება. თავად წამყვანებიც, ყოველი სამართალდარღვევის ფაქტზე ისეთი ტონით და ნიშნის მოგებით საუბრობენ, თითქოს, აუდიტორიას ეუბნებიან, მეტის ღირსები ხართ, გასული წლის პირველ ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულებმა ხმა ხელისუფლების შეცვლის სასარგებლოდ რომ მიეცითო.

არ მახსენდება შემთხვევა, რომ არჩევნებამდე რომელიმე ტელეკომპანიას, თუნდაც, ბანკის ფილიალის გაძარცვისათვის, პრაიმ-თაიმში ამხელა დრო დაეთმოს. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური ფაქტები მაშინაც ხდებოდა, ისინი ქვეყნის აყვავებაზე საუბრით იყვნენ დაკავებულები. თავი რომ დავანებოთ, ვარაუდს იმაზე, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ხალხის მღელვარების გამოწვევა, საზოგადოების ნაწილი მაინც ხვდება, კრიმინალური ფაქტების ასე გაშუქების რეალურ მიზეზს.

შესაძლოა, ამ ტელევიზიებს  საქმე მოსალოცადაც კი ჰქონდეთ: კრიმინალური ამბების გულმოდგინე მიმოხილვით, აუდიტორიას განსაკუთრებით იზიდავენ. პირადად მე კი მიმაჩნია, რომ მათი მუშაობის დღევანდელი სტილი გაცილებით ამაზრზენია, ვიდრე მაშინ, როცა ერთი და იმავე საწარმოს რამდენჯერმე გახსნას აშუქებდნენ, ადამიანთა დასაქმებასა თუ დევნილთა კარგ საცხოვრებელ პირობებზე კი მინისტრები ძილისპირულს გვიყვებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test