შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

"ვრცელდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო!"

21.02.2013 18:26

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მუშაობს,  ტელეეთერში გასული მასალის ეთიკურობაზე ხშირად ვკამათობთ.  ის მიიჩნევს, რომ მაუწყებლის რეიტინგზე ემოციური კადრები კარგად მუშაობს, რაც გამამართლებელ არგუმენტად სავსებით საკმარისია. მე კი ვუმტკიცებ, რომ ადამიანის სიკვდილის შესახებ საუბრისას, არ არის აუცილებელი მათი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, ან გარდაცვალების პროცესი მაჩვენონ - მე, როგორც მაყურებელს, ფაქტის ხომ ისედაც მჯერა.

ალბათ, ყველას აქვს ნანახი მულტფილმი "მამაცი გულით", სადაც დახვეწილი დედოფალი დათვად გადაიქცევა. ის დედოფლური მანერების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ერთ მომენტში თავს ვერ გააკონტროლებს და საჭმელს დათვივით ხარბად შეჭამს. გონზე მოსვლის შემდეგ ინანებს და ბოდიშებად იღვრება, თუმცა აზრი აღარ აქვს. სწორედ ამ დედოფალს მაგონებს ქართული მედია. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური სტანდარტების გარკვეულ ნორმებზე ყველა ვთანხმდებით,  სკანდალური კადრების ხელში ჩავარდნისას, მასმედია ყველაფერს ივიწყებს და დედოფალი-დათვივით ინსტიქტურად მოქმედებს.

ასე მოხდა ციხის კადრების შემთხვევაში, როცა ახალ-ახალ მასალას, ვინმეს რომ არ დაესწრო, ზოგიერთი ტელეკომპანია, პატიმართა სახის დაფარვის გარეშე უშვებდა. მაშინ კადრების სისასტიკემ მედიის ეთიკურობის საკითხი გადაფარა თუმცა მოგვიანებით, ყველა აღნიშნავდა, რომ მედია შეცდა. იგივე მოხდა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების კადრების გავრცელებისას, რომელიც ერთ-ერთმა საიტმა გადაიღო და შემდეგ ტელევიზიებითაც გავრცელდა. მედია მაშინაც შეცდა, როცა პროკურატურამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ამსახველი სკანდალური კადრები გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულების დაფარვა სცადეს, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ კადრებში ადამიანთა ამოცნობა შესაძლებელი იყო.

ბოლო ასეთი სკანდალი, 2004 წელს, ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდება. მასალა ყველა ტელევიზიამ გაუშვა ეთერში, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დოზით. მათ შორის, ყველაზე ოპერატიული "რუსთავი 2" აღმოჩნდა, რომელმაც მხოლოდ რობაქიძის სახე დაფარა. ჩართვაზე მდგომი ჟურნალისტი კი დარწმუნებით იმეორებდა, რომ ეს უწყვეტი კადრია და მანქანის გაჩერების პირველივე წუთებიდან არის გადაღებული.

მოგვიანებით, როცა "რუსთავი 2-ის" შენობასთან აქცია დაიგეგმა, მისმა თანამშრომლებმა გულწრფელი გაკვირვება გამოხატეს: კადრები ხომ სხვა ტელევიზიებმაც გაუშვეს, მათთან რატომ არ მივიდნენ გასაპროტესტებლადო?!

ასეთ მომენტებში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტელევიზიით კადრების გავრცელება ჯგუფურად ხდება და "დანაშაულიც" ასევე ნაწილდება. ფაქტია, რომ ამ მასალის გავრცელებისას, არცერთ ტელეკომპანიას, საკუთარი რეიტინგის გარდა, კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე არ უფიქრია. ის, რომ რიგმა არხებმა მასალა ეთერში მინიმალური დოზით გაუშვეს, ალბათ, უფრო საზოგადოების რეაქციის შედეგი იყო, რომელიც "რუსთავი 2-ის" გავრცელებულმა კადრებმა გამოიწვია.

ძნელია, ილაპარაკო ეთიკაზე, ადამიანური ტრაგედიებით მანიპულირებისა თუ მეტი სკანდალის ჩვენების გაუმართლებლობაზე მაშინ, როდესაც იმავე "რუსთავი 2-ის" ეთერში, არაერთი შემთხვევა არსებობს, როგორ აცხადებენ ახალი გარდაცვლილი ადამიანების ვინაობას, როგორ ეკითხებიან ჭირისუფალს, თუ რას გრძნობს იმ მომენტში, როგორ შოულობენ და უშვებენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ ნიუსად კადრებს, რომელიც თოკით ხტომისას დაღუპული ორი ახალგაზრდა ადამიანის უკანასკნელ წუთებს და მათი მეგობრების რეაქციას ასახავს და აქვე ამატებენ, რომ მოცემული კადრებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს; სინამდვილეში კი მხოლოდ რეიტინგსა თუ ექსკლუზივზე ფიქრობენ და საერთოდ არ აინტერესებთ, ლახავენ თუ არა კონკრეტული ადამიანების უფლებებს - მათ ხომ ნეგატიური გამოხმაურებაც რეიტინგად მიაჩნიათ, რომელსაც მომხმარებელი მათთან მიჰყავს. ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, უფრო ძნელია, არ გაგიკვირდეს ტელეკომპანიის თანამშრომელთა გაოცება, თუ რატომ არის "რუსთავი 2" ყოველთვის "განტევების ვაცი".

ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი რეიტინგზე მუშაობა ვებ-გვერდებზეც ძალიან ხშირად ხდება. მაშინ, როდესაც ინტერნეტმომხმარებელთა დიდი მაწილი ტელევიზორს არ უყურებს, მსგავსი მასალის გამოტოვების საშუალებას,  palitratv.ge არავის აძლევს. ტელევიზიების ეთერში გასვლისთანავე, ისინი მასალას ჭრიან და საკუთარ ვებ-გვერდზე ათავსებენ. ბუნებრივია, რეიტინგი ძალიან მაღალია და, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, რას აშავებენ, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს იმეორებენ - ეს ხომ საზოგადოების მაღალი ინტერესია! აღშფოთებისას კი, მაუწყებლებზე გაბრაზებულ ადამიანებს ავიწყდებათ ვები-საიტები, სადაც მათი უმეტესობა, ამ კადრებს ნახულობს და, ხშირად, რამდენჯერმეც ატრიალებს.

ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ დაგმეს ტელეკომპანიების საქციელი და მოუწოდეს, არ გააშუქონ გადაუმოწმებელი, ღირსებისა და პირადი ცხოვრების შემლახველი მასალა, რომელიც  ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების ინტერსთა გაღვივებას, თუმცა, როგორც ყოველთვის, განცხადება განცხადებად დარჩება, რომელსაც ყურად არავინ იღებს და არც მომავალში გაითვალისწინებს. ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მსგავსი მასალის გამოჩენისთანავე, ეთერში გაშვებისგან ტელეკომპანიათა დიდი ნაწილი თავის შეკავებაზე არც იფიქრებს, საზოგადოება კვლავ აღშფოთდება, კვლავ გამართავს აქციებს, რომლითაც ამ მედიასაშუალებათა რეიტინგის გაზრდას შეუწყობს ხელს და ყველაფერი ისევ წრეზე წავა.

ალბათ, ასეთი სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, განისაზღვროს, რა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი: რა უფრო მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის, დაინახოს როგორ იცლებიან ადამიანები სისხლისგან, უყუროს, როგორ ტირიან მიცვალებულს ჭირისუფლები, თუ გაიგოს სიახლე დადასტურებული ფაქტების შესახებ, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენს?!

მედიასაშუალებათა დღევანდელი ლოგიკით, მაღალ საზოგადოებრივ ინტერსს, შესაძლოა, ადამიანთა ინტიმური ცხოვრების დეტალებიც წარმოადგენდეს. საინტერესოა, რამდენი მათგანი გაუშვებს მსგავს კადრებს პირდაპირ ეთერში?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test