შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

GPB, ბორდი და საინფორმაციო სამსახურის მარადიული უფროსი

05.03.2013 22:28

მოდი, შევთანმხდეთ, რომ გარე თვალისთვისაც კი, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყოველთვის ბევრი პრობლემაა. პრობლემაა არხის რეიტინგი, პრობლემაა ის, თუ რას არ აშუქებს და მალავს ტელევიზია, პრობლემაა დირექტორი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ხალხს ამ თანამდებობისათვის შეუფერებელი ჰგონია, თუმცა ბორდი მაინც ირჩევს, პრობლემაა, რომ რეიტინგის გაზრდისთვის არაფერს აკეთებენ (ნუ, რა საჭიროა, მილიონობით დაფინანსება მაინც გარანტირებული აქვთ), პრობლემაა საინფორმაციო გამოშვებების რიტორიკა, პრობლემაა ტოქშოუებისა და ანალიტიკური გადაცემების ცალსახად პოლიტიზირებული წამყვანები და ა.შ. თუმცა, ალბათ, უმთავრესი პრობლემა აქ სამეურვეო საბჭოა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხშირად მიუღია გადაწყვეტილებები, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, საზოგადოებაზე მეტად, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების სფეროს განეკუთვნებოდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, გასული წლის დეკემბერში წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, გიორგი ბარათაშვილის არჩევაა. მაშინ ბორდის წევრებმა განაცხადეს, რომ გიორგი ბარათაშვილის კვალიფიკაცია (მაგალთად) ნათია აბრამიას კვალიფიკაციაზე დამაკმაყოფილებელი იყო.

იმავე ბორდმა, არჩევიდან ორი თვის შემდეგ, ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მიზეზად, არხზე შექმნილი კრიტიკული ვითარება დაასახელეს, რომელსაც, მათი განმარტებით, დირექტორმა თავი ვერ გაართვა, თუმცა, ალბათ, უმეტესობა მიიჩნევს, რომ მისი გაშვების ნამდვილი საფუძველი, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლება გახდა.

ხათუნა ბერძენიშვილზე ლეგენდები ბევრს გვსმენია. ლეგენდები არამხოლოდ მისი ხელმძღვანელობით შექმნილ „მოამბეზე“, არამედ, თანამშრომლებისადმი მის პიროვნულ დამოკიდებულებებსა თუ მიმართვის ფორმებზე. ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე, მან საკუთარ თავს პროფესიონალი უწოდა და ამაყად განაცხადა, რომ ყველა მედიამონიტორინგსა და რეზოლუციაში, „მოამბე“ ერთადერთი დაბალანსებული საინფორმაციო არხი იყო.

ჩვენ ძალიან კომიკურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისეთში, სადაც პრეზიდენტი მედიის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვს მაშინ, როცა მისი ხელისუფლების პირობებში, მედიის კონტროლის დონე ძალიან მაღალი იყო; ისეთში, სადაც არსებობს ფაქტობრივი სახელმწიფო ტელევიზია ფიქტიური სახელით (საზოგადოებრივი მაუწყებელი);  იქ, სადაც ამ ტელევიზიის ბორდს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დირექტორის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში ჩარევის ნება არ აქვს, მაინც ერევა..

უხერხულია, როდესაც ხათუნა ბერძენიშვილი პრობლემების გაშუქებასა და მათ გამო ხელმძღვანელობასთან კონფლიქტზე ისე საუბრობს, თითქოს „მოამბე“ არ იყო, რომელმაც ციხის სკანდალის შესახებ, ინფორმაცია მაყურებელს მეორე დღეს შემდეგ, სასხვათაშორისოდ მიაწოდა, ის აქტუალური თემებიც დაავიწყდა, რომლებსაც სსმ-ს საინფორმაციო სამსახური ცუდად კი არა, საერთოდ არ აშუქებდა, დაავიწყდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ, პროსამთავრობო აგიტაციას ეწეოდა. სამაგიეროდ, ახსოვს საერთაშორისო მედიამონიტორინგის შედეგები, რომლებიც, უმეტესად იმას ითვლიან, თუ რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა დრო დაეთმო ეთერში და არც იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ როგორ არის ფაქტები დალაგებული.

უხერხულია, როცა ხათუნა ბერძენიშვილი ვინმეს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ითხოვს და ბორდს საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. სხვათაშორის, პრესკონფერენციაზე ახსენა კიდეც, რომ პრობლემები ჭანტურიასაც ჰქონდა, თუმცა მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოო. როგორც ჩანს, მორიგი ბარათაშვილი აღმოჩნდა.

მაშინ, როდესაც დირექტორის გათავისუფლების მიზეზად ბორდი არხზე შექმნილ კრიზისზე საუბრობს, რატომ არ დადგა ბარათაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი იანვრის დასაწყისში, როცა 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს?

ხათუნა ბერძენიშვილის დანიშვნის უფლება ბორდს ისევე არ აქვს, როგორც დირექტორის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში ჩარევის უფლება არ ჰქონია. თუმცა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ბერძენიშვილი კვლავ თავის ძველ თანამდებობას დაუბრუნდება და ყველაფერი ისევ ისე კარგად იქნება, როგორც ამ რამდენიმედღიან „გაუგებრობამდე“ იყო.

 

P.S. მაშინ, როდესაც სსმ-ს თანამშრომელთა ნაწილმა, ბორდის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოთქვა, ბრიფინგი გამართა და დავით პაიჭაძეს გადაცემის პირდაპირ ეთერში გაყვანა სთხოვა, პაიჭაძემ ისინი უარით გაისტუმრა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ კოლეგებმა ბრიფინზე 15 წუთით ადრე შეატყობინეს და ამიტომ ბადეს ვერ შეცვლიდა. აქვე დაამატა, რომ გადაცემის თემასა და სტუმრებს თვითონ განსაზღვრავს და თავის სარედაქციო დამოუკიდებლობას უფრთხილდება. საინტერესოა, ბრიფინგი ხათუნა ბერძენიშვილს რომ გაემართა, დაუთმობდა თუ არა თავის მაღალრეიტინგულ გადაცემაში რამდენიმე წუთს?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test