შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„პოლიტიკოს“ პოლიტიკა

18.03.2013 22:48


ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მედიაშიც ბევრი ცვლილება მოხდა. ზოგი არხი არჩევნების დასრულებისთანავე დაიხურა, ზოგი - მოგვიანებით. აქ მომუშავე ჟურნალისტთა ნაწილი კი ახალგახსნილ სააგენტოებში დასაქმდა.

ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო სააგენტოს წარმოადგენს "პოლიტიკო" (politico.ge), რომლის რედაქტორიც "იმედის" ყოფილი თანამფლობელი და დირექტორი, ასევე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძეა.

მასთან ერთად "პოლიტიკოში" „იმედის“ იმ ჟურნალისტთა ნაწილიც მუშაობს, რომლებიც ტელეკომპანიიდან მისი პატარკაციშვილებისათვის დაბრუნების შემდეგ წამოვიდნენ.

„პოლიტიკოს“ მიზნებში წერია, რომ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა გააჩნია, არ არის მიკერძოებული, სამართლიანად და დაბალანსებულად აშუქებს პოლიტიკურ მოვლენებს. როცა საქმე ნიუსებს ეხება, ასეცაა, თუმცა გამონაკლისები მაინც გვხვდება (მაგ: „აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა - ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ლიტმუსის ტესტი - ანუ ივანიშვილი ნატოს წინააღმდეგ“).

გარდა ყოველდღიური ნიუსებისა, რომლის ნაწილსაც „პოლიტიკოს“ რედაქცია თავად ამზადებს, ნაწილი კი, წყაროს მოთითებით, სხვა სააგენტოებიდან აქვეყნებს, პორტალს საკუთარი გადაცემებიც აქვს. მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიება, „ხუთი ყველაზე“, სპეციალური რეპორტაჟი და ა.შ. „პოლიტიკოზე“ სტატიებიც ქვეყნდება, სადაც „ცხელი თემების“ ანალიზს ცდილობენ, თუმცა რატომღაც, ისინი ძალიან ჰგავს სტატიებს, რომელსაც presa.ge წინასაარჩევნოდ დებდა. ერთ-ერთი ასეთი სტატიაა „შეხვედრა შეხვედრისათვის არც ისეთი შეხვედრა შეხვედრისათვის ყოფილა, როგორც გვეგონა“, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, presa.ge-სეულ ფორმატშია განხილული. მასალის ბოლოს „ყველაზე მაღალი ხარისხის პოლიტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილ ვარაუდებს“ გვთავაზობენ, თუმცა რას ან რომელ ავტორიტეტს ეყრდნობა ეს ვარაუდები, აღნიშნული არ არის.

საინტერესო რუბრიკაა „ხუთი ყველაზე“. ამ განყოფილებაში საიტზე, ჯერჯერობით, სამი გადაცემა დევს. პირველი „ქართული ოცნების“ ყველაზე სასურველ პატიმართა ნუსხას წარმოგვიდგენს, მეორე - პოლიტიკოსთა ჩხუბის ხუთეულია, რომელიც დავითაშვილი-რატიანის ისტორიით არის ინსპირირებული, მესამე კი ბიძინა ივანიშვილის მიერ უკან წაღებულ სიტყვათა ნუსხას წარმოგვიდგენს. წამყვანის ტექსტში გვხვდება სიტყვები, როგორებიცაა „ოცნების ოცნება“, „ოცნების მთავრობა“ და ა.შ.

„პოლიტიკოს“ გამოკითხვებიც აქვს, მაგალითად, ერისიონის მოსკოვში ვიზიტზე, სადაც იმ გამვლელებთან, რომლებიც ვიზიტს დადებითად აფასებენ, ჟურნალისტი იმდენჯერ შედის დამატებითი კითხვით, სანამ პასუხად არ იღებს, რომ ეროვნულმა ბალეტმა კრემლში სტუმრობით შეცდომა დაუშვა.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რუბრიკა, „პოლიტიკოს“ ჟურნალისტური გამოძიებაა. მედიასივრცეში მცირეხნიანი მოღვაწეობის მიუხედავად, საიტმა რამდენიმე გამოძიების ჩატარება მოასწრო. მათგან რეზონანსული კახეთში არჩევნების წინა ღამეს დაღუპული ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის საქმე აღმოჩნდა. მაშინ სხვადასხვა პოლიტიკური პირები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბავშვი პოლიტიკურ დაპირისპირებას შეეწირა. როგორც გიორგი არველაძემ განაცხადა, ამ საქმის გამო ის დაკითხვაზე დაიბარეს (მოგვიანებით, მან ეს ფაქტი „თავისუფალ მედიაზე ზეწოლად“ შეაფასა). გადაცემა ნახევარ საათს გრძელდება. ჟურნალისტი პერიოდულად აკეთებს აქცენტს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილის ოჯახს, ამ თემაზე საუბარი აუკრძალა. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ეს უცნაურად არ ჟღერს: გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავშეკავებას, საქმეში მოქმედ ადამიანებს გამომძიელები ხშირად სთხოვენ. გარდა ამისა, ჟურნალისტურ გამოძიებაში ერთი მხარე ფართოდ არის წარმოჩენილი, რაც შეეხება მეორე  მხარეს, ავტორი  ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მანანა ბერიკაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხოლო მაშინ, როცა  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ უამრავი კითხვა ჩნდება, გადაცემაში კომენტარად მხოლოდ მინისტრის ძველი განმარტებაა გამოყენებული, ამასთან, არც ისაა აღნიშნული, ეცადა თუ არა ჟურნალისტი სამინისტროდან პასუხების მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, საიტის განმარტებაში წერია, რომ მიზანი მომხმარებლისათვის დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაა, თუმცა როცა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ახალი ვიდეომასალა გავრცელდა, პორტალზე კადრების ანალიზი დაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები მასალის ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზის აუცილებლობაზე წერდნენ, „პოლიტიკოს“ მიერ შემთავაზებული ანალიზი, პრაქტიკულად, იმის დამტკიცებას ემსახურებოდა, რომ პოლიციას დაზარალებულებისათვის იარაღი არ ჩაუდია.

პორტალის თავში ცხელი თემების განყოფილებაა მოთავსებული, სადაც აქტუალური საკითხები ასეა გამოტანილი: წულუკიანი, ერისიონი, უგულავა, დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) და ა.შ, რაც, სოლიდური საიტისათვის, ცოტა უხერხულად გამოიყურება. ამასთან, აქ განთავსებული ინფორმაციების უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ ეხება. მათი ნაწილი ერთი შეხედვით დაბალანსებულია, თუმცა, ძალიან მაგონებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებს, სადაც მონიტორინგისათვის ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია, სამაგიეროდ, კონტექსტია ტენდენციური.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test