შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„ანატომიის“ აგებულება

28.03.2013 22:58


„ანატომია“ კვირაში ერთხელ, “მეცხრე არხზე” გადის. მისი წამყვანი ნათია მიქიაშვილია. ტელეკომპანიის საიტზე ვკითხულობთ, რომ  ეს „საგამოძიებო-ანალიტიკური შინაარსის გადაცემაა, რომელიც მაყურებელს ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების ან სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენლის საქმიანობის შესახებ მოუთხრობს, თუმცა „ანატომია“ თავის მხრივ მოვლენისა და ფაქტის ანატომიურად შესწავლასაც გულისხმობს“. მიუხედავად ამისა, გადაცემას ფაქტთა ანატომიური შესწავლა ხშირად აკლია. ალბათ, ამიტომაც ხდება მაყურებელთა გამუდმებული კრიტიკის ობიექტი.

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი, გადაცემამ აგვისტოს ომზე მომზადებული მასალით გამოიწვია. რეაქცია მაშინ ცალსახად უარყოფითი იყო. გადაცემის შესავალში წამყვანი მაყურებელს არჩევანს სთავაზობს - გადაწყვიტოს, ვინ დაიწყო ომი. ამავდროულად, ქართული მხარის მხრიდან შეიარაღებულ პროვოკაციაზე საუბრობს, მოჰყავს ციტატები ჰიტლერის გამონათქვამებიდან, ქართული რეზერვისტების მსვლელობის კადრებს კი ფონად გერმანული მარში ადევს.

ზოგადად, ამ გადაცემაში მუსიკალური გაფორმება და სპეცეფექტები, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ასე, მაგალითად, აგვისტოს ომზე მომზადებულ მასალას, იქ, სადაც ქართულ მხარეზეა საუბარი და პრეზიდენტი სააკაშვილი ჩნდება, წითელი ფერი ადევს (მე, როგორც მაყურებელს, სისხლის ასოციაცია გამიჩნდა). გარდა იმისა, რომ მთელ „ანატომიას“ დაძაბული ფონი ადევს, მუსიკალურ გაფორმებას ავტორები ასოციაციურ ასპექტშიც ხშირად იყენებენ. მაგალითად, გადაცემაში, რომელიც ბიზნესმენების საქმეს ეხება, იმის სათქმელად, რომ ივა ჩიღვინაძეს ძმები გაჩეჩილაძეების დაფინანსების დაწყების შემდეგ, ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა, კადრები  უცნობის „პოლიტიკური დედაენიდან“ გამოიყენეს. ავტორებმა პარალელი კლიპის შინაარსსა და მიხეილ სააკაშვილის საკუთარ გუნდთან შეხვედრას შორის გაავლეს. ბოლო გადაცემაში კი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ არასამთავრობოებზე" მოგვითხრობდნენ, გიგა ნასარიძის კომენტარი, წლების წინ, კომედიურ გადაცემა „N-შოუში“ მის მიერ შესრულებული „ეს საწყალი კურდღელით“ დაჭრეს (როგორც ამ შემთხვევაში ვივარაუდე, ავტორებს უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ როგორი არასერიოზული და საწყალია ნასარიძე).

მუსიკალური ფონის გარდა, წამყვანისა და ჟურნალისტის ტექსტები ხშირად სცდება კომპეტენციის ზღვარს და შეფასებას მოიცავს. მაგალითად, გადაცემაში, რომელიც გიგი უგულავას ეძღვნება, მიქიაშვილი ამბობს: „უგულავამ ნაციონელური გადაგდების ილეთი ჩაგვიტარა,“ „გიგი უგულავა, თუ გაუმჯობესებული მიშა“ და ა.შ. ბოლო გადაცემაში ჟურნალისტის ტექსტი შემდეგია: „2003 წლამდე ნაციონალური მოძრაობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არასამთავრობო სექტორს წამოადგენდა. ამ კუთხით მათი ინტელექტიუალური რესურსის არდაფასება დანაშაულია, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ რამდენიმემილიარდიანი მატერიალური რესურსის არდანახვა კი - უვიცობა.“

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ეს ორი კომპონენტი, ანალიტიკურ-საგამოძიებო ფორმატის ასპექტში უნდა განვიხილოთ, თუ ფაქტების ანატომიურ შესწავლაში?

ისევ ბოლო გადაცემას რომ მივუბრუნდეთ, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, ავტორი იმ ადამიანების ჩამონათვალს აკეთებს, რომლებიც ახალგახსნილ NGO-ებში არიან დასაქმებულნი და დიდ ხელფასსაც იღებენ. სიუჟეტში, მსგავსი არასამთავრობოს წარმომადგენელი ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ინტერვიუა ჩაწერილი, გიორგი ხუროშვილია. დანარჩენებზე ამბობენ, რომ მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ეს მაშინ, როცა ჩიორა თაქთაქიშვილი, თითქმის, ყოველ მეორე დღეს მართავს პრესკონფერენციას, ამასთან პარლამენტშიც შეიძლება მისი მოხელთება, ხატია დეკანოიძის პოვნა აგრარული ინოვერსიტეტის მხარდამჭერ აქციებზე თავისუფლად შეიძლებოდა, ოთო კახიძე და სხვებიც საკმაოდ ხშირად ხვდებიან მედიას, ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რატომ გახდა პრობლემა „ანატომიისათვის“ ამ ადამიანების მიგნება?!

გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, გადაცემის ავტორთა მთავარ სამიზნეს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. არადა, ახალი ხელისუფლების ხუთთვიანი მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, მის წევრებსაც ჩაედინათ რამე ისეთი, რაც ანალიტიკურ-საგამოძიებო გადაცემას დააინტერესებდა.

მიუხედავად სიტყვიერად განსაზღვრული ფორმატისა, სიძულვილის ენასა თუ ტენდენციურობას რომ  თავი დავანებოთ, გადაცემას ვერც ჟურნალისტური გამოძიების მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს და ვერც ანალიტიკურის ფორმატს. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, მაყურებელზე ემოციური ზემოქმედებაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, სპეცეფექტები და მძიმე მუსიკალური გაფორმება, ადამიანს გარკვეულ განწყობას უქმნის, რაც მათ შინაარსის გააზრებაში უშლის ხელს.

შესაძლოა, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, გადაცემის ავტორები Media.Ge-ს რედაქციას დაუკავშირდნენ. შესაძლოა, მათ ფაქტობრივ უზუსტობებზეც მიმითითონ და გასწორება ითხოვონ, დიდი ალბათობით, იმასაც აღნიშნავენ, რომ „ანატომია“ რომელიმე გახმაურებული დასავლური პროექტის ქართული ვერსიაა, თუმცა ფაქტია, რომ ეს არის გადაცემა, რომელსაც, მე რომ ჟურნალისტიკის ლექტორი ვიყო, აუცილებლად ვაჩვენებდი სტუდენტებს. იმისათვის, რომ მათ ნახონ - როგორ არ უნდა კეთდებოდეს გადაცემა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test