შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ბავშვთა საკითხები და მედია

08.04.2013 23:04

უამრავი ტრენინგის, კანონში არსებული მკვეთრი თუ ბუნდოვანი განმარტებების, მსჯელობის, კამათისა თუ შეთანხმებების მიუხედავად, ზუსტი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ბავშვთა საკითხები მედიაში, არ არსებობს.

კანონში არსებული ჩანაწერების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მშობლის ნებართვით მოქმედებს, შეუძლია არ დაფაროს ბავშვის სახე და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა ნიშნები. სწორედ ამ უფლებას იყენებენ მედიასაშუალებები არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას, რაც ხშირად ხდება  კამათისა და მსჯელობის საგანი და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მედიაში ეთიკური საკითხები ირღვევა.

არასრულწლოვანებთან მუშაობა ყველაზე ფაქიზი თემაა. ჩვენ მშობლებისგან ნებართვა, წესით, მაშინაც კი გვჭირდება, როდესაც საბავშვო ბაღში, პირველ ივნისთან დაკავშირებული ღონისძიების გადასაღებად მივდივართ. აღარაფერს ვამბობ მეურვეთა ნებართვაზე კონკრეტული არასრულწლოვანის შესახებ სტატიის, ან ვიდეოსიუჟეტის მომზადებისას, თუმცა, ბავშვთა საკითხებზე მუშაობისას, ყველაზე მთავარი კონტექსტია, რომელიც საკითხის მორალურ-სამართლებრივ მხარეს განსაზღვრავს.

მაგალითად, როდესაც ვაშუქებთ 12 წლის მოზარდს, რომელმაც რომელიღაც საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და მოზარდს, რომელიც მეზობელმა გააუპატიურა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მშობლის ნებართვა ორივე შემთხვევაში გვქონდეს, მათი ერთნაირად გაშუქება რთულია. ხშირად ხდება, რომ ასეთ დროს ჟურნალისტები მოზარდს სახეს კი უფარავენ, მაგრამ აჩვენებენ გარემოს, მეზობლებს, მშობლებს, ისე, რომ არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, სახელისა და გვარის ხსენების გარეშეც ადვილია. თუმცა მასალის ავტორებს რკინის არგუმენტები ყოველთვის აქვთ: მათ ხომ  ბავშვის სახე დაბურეს!

ბავშვთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებით მტკივნეულია თემები, რომლებიც მათ გარდაცვალებას ეხება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მისაქციელის ტრაგედიის გაშუქებისას, თითქმის, ყველა მედიასაშუალებამ „შესცოდა“. გარდა იმისა, რომ სოფლის ბირჟაზე მოსმენილი ამბებით გაჯერებული უამრავი სტატია ვიხილეთ და არც ბავშვის ქელეხზე მისული მეზობლების საქციელის მორალურ ჭრილში განხილვით სავსე სიუჟეტები დაგვკლებია,  გარდაცვლილი ხუთი წლის ბავშვის ფოტო, ერთი კვირის მანძილზე, ყველა მედიასაშუალებამ დაატრიალა. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ, ერთი კვირის წინ, შიმშილით დაღუპული ჩვილის შესახებ. ბავშვის ფოტო რომ ვერ ნახეს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, კადრი ტელეკომპანია „აჭარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ამოჭრეს და მთავარ გვერდებზე გამოიტანეს. თუმცა, ყველაზე მძიმე სანახავი მაინც კახეთის საინფორმაციო ცენტრის გავრცელებული, ცხრა თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ამსახველი ვიდეო იყო. მაშინ რედაქციამ განმარტა, რომ მასალა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გაავრცელა.

შესაძლოა, ამ მედიასაშუალებებს კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა ფოტოს, ვიდეოსა თუ ჭორ-მართალის გავრცელებას, ბევრი ეთიკურად გაუმართლებლად მიიჩნევს. მათი არგუმენტით, ადამიანმა ტრაგედია რომ დაიჯეროს, არ არის აუცილებელი, გარდაცვლილი ბავშვების ფოტოები ნახოს და ამ თემაზე მეზობლებისგან მოსმენილი ჭორ-მართალი გაიგოს.

ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით, ბოლო აჟიოტაჟი პორტალ „პოლიტიკოს“ მიერ, ბაჩო ახალაიას შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა. საუბარი ეხებოდა მუქარას, რომელიც ანი ნადარეიშვილს ფეისბუქის საშუალებით გაუგზავნეს. ჟურნალისტთა ნაწილმა ფაქტი ბავშვის უფლებების დარღვევად შეაფასა. მიუხედავად ამისა, ერთი მხრივ, პორტალს უკანონოდ არ უმოქმედია -  ფოტოების გამოქვეყნების ნებართვა დედისგან აიღეს, თუმცა, მეორე მხრივ, ფართო მასებისათვის ჩვენებით, შესაძლოა, ბავშვი რისკის ქვეშაც დააყენეს.

პოსტის თავში აღვნიშნე, რომ უნიკალური ფორმულა, როგორ უნდა შუქდებოდეს ბავშვთა საკითხები მედიაში, არ არსებობს, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც არასრულწლოვანის ფოტოს მშობელთა ნებართვით ვაქვეყნებთ, შესაძლოა, კანონს არ ვარღვევთ, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა ნამდვილად მოგვეთხოვება. მაშინ, როდესაც, შესაძლოა, მშობელი ვერ აცნობიერებდეს საფრთხეებს, დაზღვევაზე ჟურნალიტმა უნდა იმოქმედოს.

მოკლედ, აჟიოტაჟი, რომელიც ბავშვთა თემების გაშუქების ეთიკურობაზე ტყდება, თან მართებულია, თან - არა. ჟურნალისტები, შეიძლება, არ არღვევენ კანონს,  მაგრამ არღვევენ მორალურ და ეთიკურ ჩარჩოებს, რომელმაც ამა თუ იმ ბავშვის შემთხვევაში, შეიძლება თავი წლების შემდეგ იჩინოს. სამწუხაროა, რომ ბევრი მედისაშუალებისათვის, ეს საკითხი რეიტინგის ფონზე, არაფერს ნიშნავს.

 

P.S. პოსტი, თითქმის, დასრულებული მქონდა, როდესაც ჟურნალ "ლიბერალის" ყდა ვნახე. მთავარ გვერდზე გამოტანილია 3-4 წლის ბავშვის ფოტო, ქვემოთ კი წერია: "სიღარიბე, როგორც სასჯელი". 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test