შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ინგლისური, კომპუტერი და მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება

23.04.2013 12:40
Job (photo: )

ჩემი მშობლები ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ იურიდიულზე ჩავაბარებდი. მამაჩემს დღემდე სჯერა, რომ ჩემგან კარგი  მოსამართლე დადგება. მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი იყო ოჯახის წევრთაგან, რომელმაც ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, ცხვირის ჩამოშვების მაგივრად, მომილოცა.

სინამდვილეში, ჩემს მშობლებსაც იმის ეშინოდათ, რაც თითქმის ყველა  მშობელს აწუხებს - როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი ადამიანმა სფეროში, რომელიც ასე შორს დგას მისი გარემოცვისგან და რომლიც ჩაკეტილ წრეს უფრო ჰგავს? სიმართლე ვთქვა, მეც მეშინოდა ამის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ყველა ჟურნალისტმა იცოდა ინგლისური, კომპიუტერი, უფროსისათვის ყავის მოდუღება და (როგორც გადმოცემით მეუბნებოდნენ) ჰქონდა პირფერობის საოცარი ნიჭი, რომლის არნახულ დეფიციტსაც დღემდე განვიცდი. მე კიდევ კომპიუტერის ძალიან ცოტა გამეგებოდა, ვიცოდი გერმანული და არ ვიცოდი ყავის მოდუღება. ამდენი მინუსის მიუხედავად, გამონაკლისი აღმოვჩნდი.

დიდ ტელევიზიაში ბედის ცდა აზრად არასოდეს მომსვლია. სულ მგონია, რომ იქამდე მისასვლელად განვითარების გარკვეული ეტაპები უნდა გაიარო. ესეც რომ არ იყოს, ისეთი მაუწყებლები გვაქვს, იქ მუშაობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს. მიუხედავად ამისა, დადებულ ვაკანსიებს ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი. მაინტერესებდა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ჟურნალისტებს არჩევნდენ.

ერთ-ერთი ბოლო, მასობრივი „ქასთინგი“, ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდება. მოთხოვნები სტანდარტული იყო: მუშაობის, მინიმუმ, სამწლიანი გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების ბრწყინვალედ ცოდნა (კომპიუტერზე აღარაა საუბარი), სტრესულ გარემოში მუშაობა და ბლა ბლა ბლა...

ადგილები მალე შეივსო. რატომღაც, ისე მოხდა, რომ, ძირითადად, მანამდე სხვა ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტები მოხვდნენ. ბევრი ადამიანი მახსენდება, ვინც CV გაგზავნა, თუმცა  გასაუბრებაზეც არ დაურეკეს. მეტიც, არ ვიცნობ ადამიანს, ვინც რომელიმე ტელევიზიაში CV-ს გაგზავნით იშოვა სამსახური.  მიუხედავად მაღალი მოთხოვნებისა, ხშირადაა, რომ აქ მომუშავე ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა, არათუ ორი, ერთი უცხო ენაც არ იცის.  შესაბამისად, ვერ ვხვდები, საჯაროდ გამოცხადებულ ვაკანსიებს რა აზრი აქვს? რატომ ხარჯავენ დროს, ენერგიასა, თუ თანხებს, რაში სჭირდებათ ვაკანსია ვაკანსიისათვის?

ისევ „იმედის“ თემას რომ დავუბრუნდეთ (ძირითადად, ყველგან ასე ხდება. უბრალოდ, "იმედი" ბოლოა და ადვილად გასახსენებელი), ყველაზე საინტერესო მძღოლის ვაკანსია ჰქონდათ. ტიპს, რომელსაც, იდეაში, მანქანის ტარებისა და ჟურნალისტთა A-დან B პუნქტში მიყვანის გარდა, არაფერი ევალება, ინგლისურის ენის სრულყოფილად ცოდნას სთხოვდნენ. ძალიან საინტერესოა, რა პასუხი ექნება არხის HR-ს, რატომ უნდა იცოდეს მძღოლმა ინგლისური, თანაც სრულყოფილად?

მეორე თემა, რომელსაც მინდა შევეხო, უფრო გლობალურია. საუბარი მაქვს ტრენინგებსა და ვორქშოფებზე. ისეთზე, სადაც ყავა-ჩაის შესვენებასა და ლანჩამდე დროის თვლის ნაცვლად, მართლა შეიძლება  რაღაც ისწავლო. ასეთ ტრენინგებს, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციები აწყობენ. ბუნებრივია, ვორქშოფისათვის სამუშაო გამოცდილება აუცილებელია, თუმცა  ვერ ვხვდები, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს, რომელსაც მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი აქვს, რომ მსგავს ტრენინგზე შეიტანოს განაცხადი? როგორც წესი, ასეთი რაღაცებით ახალბედები უფრო ინტერესდებიან.

მსგავსი შემთხვევები ყველა სფეროზე ვრცელდება. ზოგადად, ამ ქვეყანაში რთულია, მეზობლისა და გარე ბიძაშვილის წახმარების გარეშე დაიწყო მუშაობა, თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვს. არადა, თუ ერთხელ ვიღაცამ არ მოგცა შანსი, საქმის კეთება ისწავლო, სტაჟი არასოდეს გექნება. 

 

P.S. სულ მგონია, ეს ვაკანსიები ოდიოზური იმიტომ გახდა, რომ რეალურად, ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც ინგლისური და კომპუტერი იცის, თან  მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს, რასაც შემდეგ დასაქმებული კადრიც აჩვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია მოთხოვნების გამოცხადებისას, ბაზარს არ იცნობს, რაც, თავის მხრივ, მაღალპროფესიონალიზმზე ვერ მეტყველებს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test