შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

მსოფლიო საზღვრებისა და უსაფრთხოების გარეშე?!

08.05.2013 14:57

თამარ კარელიძე

მას შემდეგ, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ინტერნეტი გაჩნდა, კაცობრიობის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. გამარტივდა ურთიერთობები, სამუშაო, მანძილი. აქ ადამიანს დროის უკან დაბრუნებაც შეუძლია, სხვა ქვეყანაში მოგზაურობაც, სხვისი პირადი ცხოვრების თვალთვალიც. აქ არ არსებობს შეზღუდვა, ცენზურა და სხვა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელების არაოფიციალურ, თუმცა მაინც ყველაზე პოპულარულ საშუალებად მიიჩნევა - ადამიანებს ხომ ყოველთვის გვიზიდავს ნატურალიზმი, გვაინტერესებს როგორია სინამდვილე, რა ხდება დავარცხნილი მოვლენების უკან?!.

სხვადასხვა სოციალური ქსელი არაერთხელ გამხდარა სკანდალის, სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისა თუ ადამიანთა უფლებების შელახვის მიზეზი. თუმცა მსგავს ფაქტებს, აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობის გარდა, შედეგი არ მოუტანია. ეს შემთხვევები პრევენციისთვის გამოუსადეგარი ჩანს. იმიტომ, რომ უსაზღვროობა და მაქსიმალური თავისუფლება ვირტუალურ სამყაროში ის პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც მსოფლიო, წლებია, თავს იმტვრევს.

ჰაკერული შემოტევებისგან, პირად ცხოვრებაში შეჭრისა თუ მისი ხელყოფისგან, არც საქართველოა დაცული. მსგავსი შემთხვევები უახლოეს წარსულშიც გვქონდა. ჯერ ციხის კადრები, შემდეგ კი, შსს-ს მიერ გავრცელებული, ადამიანთა ინტიმური ცხოვრების დეტალები. ციხის მასალის მსგავსად, ამ კადრებმა როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მედიაც მოიარა. შემთხვევას აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობა და მოწონებაც არ დაკლებია.

ფაქტი, თავისთავად, ამაზრზენია. განსაკუთრებით, მოტივი, რომელიც წინა ხელისუფლების „ავკაცობის“ გამოვლინებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი, უარესი თავად ჩაიდინეს. მსგავსი ჩავარდნა სახელმწიფო უწყებას არ უნდა მოსდიოდეს, თუმცა კიდევ კარგი, რომ ვიღაცამ მოიფიქრა და ადამიანებს სახეები დაუფარა.

სამაგიეროდ, რამდენიმე დღის წინ, იმავე სერიიდან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოქმედი პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახლდათ. ეს ადამიანები ამოიცნეს და მათი ვინაობისა და ინტიმური ცხოვრების დეტალების შესახებ უკვე მთელმა საქართველომ იცის.

ამ წუთს არ აქვს მნიშვნელობა, როდის შეიქმნა ბლოგი, სადაც ეს კადრები იდო, რამდენ ხანს იყო განთავსებული ინტერნეტში მასალა, რამდენმა კაცმა ნახა, თავში ხელი შემოირტყა და ა.შ... ფაქტია, რომ მათ შესახებ ახლა ძალიან ბევრმა იცის და კიდევ საკითხავია, მოხდება თუ არა ფაქტის გამოძიება. იმიტომ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, თუ მაღალი დონის სპეციალისტი მუშაობს, ინტერნეტი უკვალოდ მოქმედების საშუალებასაც იძლევა.

ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ვიდეოები, რომლებიც სახედაფარული ვნახეთ, დაუფარავიც არსებობს და რადგან ერთი გავრცელდა, არ არის გამორიცხული, სხვებიც დაიდოს. ამ ლოგიკით კი, ან ჩვენი შსს მუშაობს ცუდად, რადგან კადრები სხვა ადამიანის ხელში მოხვდა, ან უფრო უარესი - ამას სპეციალურად აკეთებს და სხვებს გაფრთხილებას აძლევს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან ძნელია, თავი მსხვერპლის ადგილას წარმოიდგინო. უარესად ხდები, როდესაც იაზრებ, რომ არც შენ ხარ დაზღვეული. მსგავსი მასალის გამოსაქვეყნებლად, ინტერნეტი მართლა საუკეთესო საშუალებაა. მისი მომხმარებლებზე მოქმედება ყოველთვის ეფექტურია. ზოგჯერ უფრო ეფექტურიც კი, ვიდრე ტრადიციული მედია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ეს კადრები ამ ფორმით, ტრადიციულ მედიაში ვერც მოხვდებოდა (ქართული ტელევიზიებისგან კი არაა გასაკვირი, მაგრამ მაინც).

კითხვაზე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თითოეული ჩვენგანი მსგავსი შემთხვევებისგან იყოს დაზღვეული, პასუხი არ არსებობს. ეს ის თემაა, რომელზეც მთელი მსოფლიო წლებია მუშაობს. საერთაშორისო ვიდეოპორტალებს ვითომ კი აქვთ დაცვის სხვადასხვა საშუალება, თუმცა პრაქტიკულად, უმოქმედო. არადა, მსოფლიო საზღვრების გარეშე კია ძალიან მაგარი, მაგრამ როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, არავის სურს, ის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რასაც უსაზღვრო მსოფლიო მოითხოვს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test