შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ფოსტალიონი, რუპორი და არაკორექტულობა

14.05.2013 23:54

თამარ კარელიძე

თვეში ერთხელ ჟურნალისტებთან შეხვედრა, კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი დამოძღვრაც კი, ახალი მთავრობის პროექტ „ღია მმართველობის“ ერთ-ერთი კომპონენტია. ეს კარგია. იმიტომ, რომ, მთავრობის წევრებისგან, ჯერჯერობით მაინც შეგიძლია, ნებისმიერ თემაზე ჩაწერო კომენტარი და თან ისე, რომ, ზედმეტი კითხვის დასმის შიშით, პრესსამსახური თვალების ბრიალით არ დაგადგეს თავს.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციები  ყოველთვის გამოირჩევა. არამხოლოდ დასამახსოვრებელი პასუხით, არამედ, ჟურნალისტებთან დამოკიდებულებითაც.

მართალია, თითქმის, არცერთი ჩვენგანი არ ბრდღვნის ეკონომიკას, პოლიტიკას, სამართალს.. ბევრი ჩვენგანი სცოდავს ეთიკურად, ამახინჯებს ფაქტებს, არ იცნობს თემას, ბევრიც, ჩემი ერთ-ერთი ვირტუალური მეგობრისა არ იყოს, პრესკონფერენციებსა და გადაღებებზე იმიტომ დადის, რომ სარკეებიან ლიფტში თავი შეათვალიეროს, მიკროფონით ხელში ფოტოები გადაიღოს და მერე ფეისბუქზე დააწყოს, მაგრამ რაც არ უნდა სცოდავდნენ ჟურნალისტები, შენიშვნების მიცემასაც აქვს ფორმა.

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებისადმი თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან გამოირჩეოდა. რიგ შემთხვევებში სამართლიანადაც. გამონაკლისი არც დღევანდელი პრესკონფერენცია ყოფილა.

კითხვის დასმის საშუალება, ადრინდელის მსგავსად, ყველა ჟურნლისტს არ მისცემია. ადრე თუ მიზეზი დრო იყო, ახლა სიები გახდა. პრესსამსახურის განმარტებით, სიაში ის მედიასაშუალებები მოხვდნენ, რომლებსაც წინა ჯერზე კითხვები არ დაუსვამთ. ბუნებრივია, აღნიშნული კრიტერიუმი, ცენტრალური ტელევიზიებზე არ გავრცელებულა;

პრემიერი ჟურნალისტებისგან ყოველ ჯერზე ითხოვს, გააანალიზონ ფაქტები. თუმცა მას ავიწყდება, რომ ამ პროცესში რესპონდენტები, რომელთა შორის თავადაც მოიაზრება, დიდ როლს თამაშობენ;

პრემიერი ჟურნალისტებს არაკომპეტენტურ კითხვებზეც უთითებს, თუმცა ბევრს კითხვის დასრულების საშუალებას არ აძლევს და თითოეულ სიტყვაზე ეკიდება;

პრემიერი ჟურნალისტებს მასთან პოლემიკაში შესვლისკენაც მოუწოდებს, თუმცა ავიწყდება, რომ ამას დროს სჭირდება, რომელიც პრესკონფერენციებზე არ არის. სხვისი დროის წაღება კი არაკოლეგიალურია (მერე რა, რომ ათასგზის თხოვნის მიუხედავად, პრესკონფერენციაზე ერთის ნაცვლად ორი კითხვა ხშირად ისმება);

„ჟურნალისტებმა მეტი უნდა იკისროთ თქვენს თავზე და მარტო ფოსტალიონობას ნუ დაიბრალებთ,“ - აცხადებს პრემიერი, ხოლო როცა ჟურნალისტი ეუბნება, რომ ფოსტალიონი არ არის და კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს, ივანიშვილი ამბობს, რომ პასუხს არ გასცემს.

პრემიერი დამრიგებლური ტონით აანალიზებს ჟურნალისტების დასმულ კითხვებს, გადაჭარბებით და ხისტად იძლევა შენიშვნებს, ხოლო როცა არაკორექტულობაზე მიუთითებენ, პირიქით უწოდებს არაკორექტულებს და უკვირს, რატომ ხედავენ ჟურნალისტები აგრესიას მის გამონათქვამებში. 

პრემიერი არ ტოვებს შანსს, ერთ-ერთ ჟურნალისტს დანახვისთანავე არ გაახსენოს,  როგორ მუშაობდა “რეალ-ტვ”-ში და არ აღნიშნოს ის „ფასდაუდებელი საქმე“, რომელიც, ამ ტელევიზიამ, წინასაარჩევნოდ გაუკეთა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, პრემიერი ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედია სურს და მისი მასტერკლასიც ამ სურვილის შემადგენელი ნაწილია და ჟურნალისტებს შენიშვნები არ უნდა ეწყინოთ.   

ჟურნალისტებისადმი აგდებული დამოკიდებულება ახასიათებს განათლების მინისტრსა და, ამჟამად უკვე, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. ეს კარგად იგრძნობა გიორგი მარგველაშვილის მიმართვის ტონში, კითხვებზე პასუხში და ა.შ. გასაგებია, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მიმართვის ფორმები ადამიანის ტაქტზე მეტყველებს. როგორც მთავრობის წევრების, ასევე ჟურანლისტების მხრიდანაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერისა და ჟურნალისტების „ორთაბრძოლა“, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ვიღაცეები გაერთობიან, ვიღაცები განიცდიან, თუმცა პროფესია ჟურნალისტი, მავანთა სურვილის მიუხედავად, მანამდე ვერ გახდება პატივსაცემი, სანამ ის ფოსტალიონობასთან ვიღაცის რუპორობასთან  თუ უვიცობასთან ასოცირდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test