შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

მედია და ლგბტ საკითხები

23.05.2013 13:17

თამარ კარელიძე

ნებისმიერი თემის მიმართ, რომელიც სოციუმში ტაბუირებულია, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. ინტერესი რეიტინგს ქმნის და, მედიის წარმომადგენლები, სწორედ დაუნდობელი კომერციული ბაზრით იმართლებენ თავს, როდესაც ასეთ დროს, გარკვეული ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა უწევთ.

ინტრიგასა და სკანდალს ზოგჯერ თავად მედია ქმნის, ზოგჯერ - სიტუაცია. სწორედ, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, პრესა ხშირად არის ჩასაფრების რეჟიმში. ჩვენ ვაქვეყნებთ ინტერვიუს იმ გოგონას დედასთან, მეგობართან, მეზობელსა თუ კეთილისმსურველთან, რომელიც ეჭვიანმა თაყვანისმცემელმა მესამე სართულიდან გადმოაგდო (თან, რატომღაც, ხაზს ვუსვამთ, რომ ფეისბუქში თავის გვერდზე პატრიარქის ფოტო ჰქონდა დაშეარებული); ვეძებთ პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლის ფოტოებს და, მაინცდამაინც, იმას ვაქვეყნებთ, სადაც საცურაო კოსტუმშია გადაღებული..

გასულ წელს, 17 მაისის გასაშუქებლად, ფილარმონიასთან ორიოდე მედიასაშუალება მივედით. დანარჩენები მაშინ მოცვივდნენ, როდესაც რუსთაველზე ჩოჩქოლი ატყდა. შარშანდელი მოვლენების გათვალისწინებით, წელს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს.

17 მაისის ამბებში, პასუხისმგებლობა, მხოლოდ პროცესებში მონაწილე მხარეებს არ ეკისრებათ. ხალხის ეგზალტირებული მასა, პუშკინის სკვერში ვარდისფერ ტრუსებსა და მათრახებით შეიარაღებული ადამიანებს რომ ეძებდა, ამაში მედიასაც გარკვეული ბრალი მიუძღვის. არ მახსოვს, რომელიმე მედიასაშუალებას, აქცენტი 17 მაისის შინაარსობრივ დატვირთვაზე გაეკეთებინოს. თითქმის, ყველგან საუბრობდნენ ლგბტ პირების აქციაზე, რომელიც ხალხმა, რატომღაც, აღლუმად მონათლა (ისე, რომ უმრავლესობამ არც კი იცის, რას ნიშნავს ლგბტ) და მედია ამ არასწორი ინფორმაციის დაზუსტებას არ შეეცადა.

თუმცა, როგორ მოვითხოვოთ ლგბტ საკითხების დაბალანსებულად გაშუქება, როდესაც ჰომოფობიური განცხადებები ტელეეთერითაც მოგვისმენია.  "რუსთავი 2“-ისა და "იმედის" დილის ეთერში, წამყვანებმა ელტონ ჯონსა და მის შვილებზე იხუმრეს. გასართობ შოუებში ხშირად იწვევენ სტუმრად ტრანსვესტიტებს, რომლებთან ინტერვიუს მთავარი წამყვანი ხაზი ისაა, რომ ისინი სინამდვილეში ქალები კი არა, კაცები არიან, რომ მანიკურსა და მაკიაჟს იკეთებენ და ა.შ.

საყურადღებოა, რომ კონტრაქციაზე მისულ ადამიანთა უმრავლესობის წარმოსახვაში, გეი აბსტრაქტული მონსტრია, რომელიც ყველა ბოროტებისა და გარყვნილების სათავეა და რომელიც გასართობ შოუებში ნანახ გმირებს ჰგავს.

პრობლემა ის არის, რომ მედია ამ თემებს ან დამახინჯებულად აშუქებს და მასების გულის მოგებას ცდილობს, ან მის ტაბუირებას ისევე ცდილობს, როგორც ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ ეკლესიის იმ მსახურების პასუხისმგებლობის ტაბუირებას, რომელთა ძალადობის ამსახველი ფაქტები, პირდაპირი ეთერით გადაიცა.  

მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ 17 მაისის მოვლენების დაბალანსებულად გაშუქებას, მედია უკვე პოსტ-ფაქტუმ ცდილობდა (მეცხრე არხის წამყვანის ბოდიში ეთერში მოხვედრილი ჰომოფობიური განცხადებების გამო),  თუმცა, როდესაც რაღაცა მექანიზმით უკავშირდები ავტობუსში მჯდომ, მართლა სიკვდილს გადარჩენილ ადამიანს და ეკითხები, საით წავიდა ავტობუსი, რომ შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოაცხადო, მინიმუმ, გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ კუთხით იკვეთება, განათლების საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო უკვე არსებობს, ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ უნდა გააშუქონ ლგბტ  საკითხები.

ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე, ჟურნალისტიკის სტუდენტებს ეუბნებიან, რომ საკუთარი პოზიციის ქონის მიუხედავად, სიუჟეტში/სტატიაში, ის არ უნდა დააფიქსირონ. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე ყველა თავს იქნევს, პრაქტიკაში ამ „კანონს“ იშვიათად ითვალისწინებენ. ლგბტ საკითხების გაშუქება კი ის სენსიტიური თემაა, როდესაც ბევრს ჰომოფობიური პოზიციის დამალვა უჭირს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test