შემოგვიერთდი

ანა გურული

ორი დეზინფორმატორი

24.05.2013 14:57

ანა გურული

ქართული ტელევიზიები შეცდომებს რომ ხშირად უშვებენ - ახალი ამბავი არ არის. ქართველი ჟურნალისტები რომ სცოდავენ - მით უფრო. მართალია, ნათქვამია ცოდვა გამხელილი სჯობსო, მაგრამ სატელევიზიო ცოდვა, ალბათ, ის ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) შემთხვევაა, რომლის გამხელა და გავრცელება კიდევ უფრო უარესი ცოდვაა.

ჟურნალისტური გამოთქმაა - სჯობს დასვა შეკითხვები და ერთ ადამიანთან გამოჩნდე სულელი, ვიდრე მოგვიანებით - მილიონთანო. უკიდეგანოდ ვეთანხმები, რის არგუმენტადაც ორი არხის ორი სიუჟეტი შეიძლება მოვიტანო, რომელიც დღეს იმედზე, და მეცხრე არხზე თითქმის ერთდროულად გავიდა.

საქმე ეხება ორ საპროტესტო აქციას დედა ენის ბაღში, რომელსაც ერთი მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მართავს, მოთხოვნით - „არა თეოკრატიას!“ და მეორე მხრივ - ამ აქციის მოწინააღმდეგეები, რომელიც ამავე ადგილზე ერთი საათით ადრე აპირებენ შეკრებას. მართალია, ორივე მხარე ამბობს, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების (და განსაკუთრებით, მეორე მხარის) შემყურემ, ძნელია მსგავსი პაციფისტური პროგნოზი თამამად გააკეთო.

შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი ტემპერატურა მაღალ ნიშნულებს აღწევს და მხურვალებისგან ნებისმიერ წამს შეიძლება იფეთქოს, თითოეული არასწორი ინფორმაცია დენთზე ცეცხლის მოკიდების ტოლფასია. თუმცა, „არასწორი“ კიდევ რბილი ნათქვამია ისეთ დროს - როდესაც ერთ არხზე აქციას „სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს“ ამართვინებენ და მეორე არხზე მთლად მხოლოდ „სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს“.

სხვანაირად - ამას დეზინფორმაცია ჰქვია და თანაც საფრთხის შემცველი დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, აქციაზე შეიძლება სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც იყოს და მისი მხარდამჭერიც. ისევე როგორც შეიძლება იყოს ცაცია, ფერადკანიანი, ქერათმიანი, ინჟინერი, ბლოგერი, ვინმეს მეზობელი ან ვინმეს ძაღლი, ვინც „თეოკრატიის საფრთხეს ხედავს და ამას აპროტესტებს“... ამიტომ აქციის გამართვის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის იარლიყის მიწებება სექსუალური უმცირესობისათვის, არასწორი მიდგომაა (და ინფორმაციაც).  მით უმეტეს იმ დროს, როცა მავანს და მავანს ხელები ექავება „მოყვასის ორივე ლოყაში გასარტყამად“, თქმა იმისა, რომ იქ ვინც მივა, ყველა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი (ან მისი მხარდამჭერი) იქნება, ცოტა უპასუხისმგებლობა მგონია, ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება თუ არა.

ჟურნალისტიკა მარტო ის არ არის მიკროფონი რომ მიუშვირო ვინმეს და მერე რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი თქვა. ჩაწერას და გამეორებას კამერა თვითონაც კარგად ახერხებს. ჟურნალისტიკა მიღებული ინფორმაციის გააზრება და ადეკვატურად გადმოცემაა... სულ მინიმუმ. მარკ ტვენი ამბობდა, სჯობს გაჩუმდე და გამოჩნდე სულელი, ვიდრე ხმა ამოიღო და ამაში ყველა დარწმუნდესო. ჰოდა, მაესტროსი არ იყოს (რამდენიმე წლისწინანდელი ჩხუბის კადრები, არაინფორმირებულობის გამო, ლა ტრუფეში მომხდარ ჩხუბად რომ ჩათვალეს) სანამ ზოგიერთი არხი ამ გამონათქვამს კარგად არ გაიაზრებს, იქამდე ძნელია ჩვენი მედიის განვითარებას ოპტიმისტური პულტით შეხედო. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test