შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

31 მაისის მატჩი და პრიორიტეტები აკრედიტაციებზე

02.06.2013 10:44

თამარ კარელიძე

იმას, რასაც 31 მაისს დინამოს სტადიონზე ხდებოდა, არამხოლოდ საფეხბურთო სამყარო ელოდა ინტერესით. ალბათ, უეფას რუკაზე, საქართველო, როგორც ცხელი წერტილი, სულ რამდენჯერმე მოხვდა. მათ შორის, 31 მაისსაც.

ბუნებრივია. რომ კალაძის გაცილების მატჩზე, უამრავი ადამიანი მოიყრიდა თავს - ბილეთები სამ  დღეში გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რამდენმა მათგანმა იცოდა, სად თამაშობდა კალაძე და ვინ იყო პაოლო მალდინი, როგორც მოსალოდნელი იყო, მედიამაც დიდი ინტერესი გამოიჩინა (419 განაცხადი 200-მდე ადგილზე). თუმცა, გარკვეული წინაპირობების მიუხედავად, აკრედიტაციის პროცესი მაინც ძალიან უცნაურად წარიმართა.

აკრედიტაციაზე მოთხოვნის გაგზავნასთან ერთად (რაც პირველივე დღეს გავაკეთეთ), ალბათ, მატჩის ორგანიზატორებს, თავიდანვე, თითქმის, ყოველდღე ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB-ი), რომელიც 20 რეგიონულ ტელევიზიას აერთიანებს და თბილისიდან აწვდის მასალებს, ამ მატჩზე უნდა ვყოფილიყავით და უნდა გვქონოდა ისეთივე დაშვება, როგორიც სხვა ტელევიზიებს. ისინი გვპასუხობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

დაპირების მიუხედავად, აკრედიტაციის გამოსატანად მისულმა აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ ოპერატორს მისცეს, თანაც, მხოლოდ პრეს ლოჟაში დასასწრებად. რაც ნიშნავდა, რომ ჩვენ მხოლოდ ზემოდან, რამდენიმე კადრის გადაღებისა და პრესკონფერენციის გაშუქების უფლება გვქონდა. ბუნებრივია, ამაზე უკმაყოფილება გამოვთქვი (ჟურნალისტის აკრედიტაციას ვინღა ჩიოდა?!), რაზეც ქალმა, რომელიც სიებს ამოწმებდა, რბილად რომ ვთქვა, კულტურულად გამომლანძღა და მითხრა, რომ 22 ტელევიზიას ჰქონდა შემოტანილი განაცხადი და არენა იმის მიხედვით გადანაწილდა, ვინც ყველაზე კარგად აშუქებს სპორტსო. თქვენ რას აშუქებთო, ვინ ხართ საერთოდო, მარტო ვარსკვლავების ნახვა კი არ არის, „ჩიხურას“ თამაშიც უნდა გააშუქოთო. არადა, რეგიონული ტელევიზიები სპორტს, მათ შორის, ფეხბურთსაც დიდ ყურადღებას უთმობენ. „ჩიხურასაც“ აშუქებენ და გორის „დილასაც“ (ამის გადამოწმება უმარტივესია). მეტიც - აშუქებენ არამხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატს, არამედ, ცდილობენ, მოკვლევითი სიუჟეტების გაკეთებას, თუ რატომ აქვს ზოგიერთ კლუბს, აყვავების შემდეგ, ფინანსური პრობლემა.

ბოლოს, როდესაც ირიბ ლანძღვას ვეღარ გავუძელი და ვთხოვე, აღარ ეყვირათ ჩემთვის, მოსაწვევით დამაჯილდოვეს და გამომიშვეს. თან მიხსნიდნენ, როგორ გადაიღალნენ, როგორი რთული პერიოდი ჰქონდათ (რაც აბსოლუტურად მესმის, მიუხედავად იმისა, რომ აგდებულ დამოკიდებულებასა და ყვირილს არ ამართლებს. ასეთ დროს კი, როდესაც საქმეს ორი ადამიანი ვერ სწვდება, ლოგიკურია, რომ იქ ხელმძღვანელმა მესამე და მეოთხეც უნდა დაამატოს), როგორ არ სურდათ ვინმესთვის გული დაეწყვიტათ და ა.შ. თუმცა, აქვე „დამემუქრნენ“, რომ მალდინის ვერ მივეკარებოდი (რაც ფიქრის დონეზეც არ გამიბედავს).

საოცარია, მაგრამ მატჩის დღეს ისე აღმოჩნდა, რომ მგონი, მხოლოდ GARB-ი Music Box-ი იყვნენ ტელევიზიებიდან, რომლებიც პრეს ლოჟაში გამოგვჭიმეს და ქვემოთ გადაღების საშუალება არ მოგვცეს. აღარ ვსაუბრობ ჟურნალისტებისადმი მიმართვის ფორმებსა და აგდებულ დამოკიდებულებაზე (გადი იქით, შენ რატომ დგახარ აქ? ჩქარა, ჩქარა, წადი აქედან!. და ა.შ.)

მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვკრიბეს და მკაცრად გაგვაფრთხილეს, რა, სად და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პრესკონფერენციაზე ფოტოც დაუშვეს, აკრედიტაციის არქონის მიუხედავად, მეც უპრობლემოდ შევედი, მალდინისაც გადასარევად მივეკარე და ფოტოებიც ვაჩხაკუნე. თან ისე, რომ ყველა იქ იდგა და არავის არაფერი უთქვამს. ჩემნაირი კი დარბაზში ბევრი ჟურნალისტი იყო.

მორალი: არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო მატჩამდე ერთი ისტერიკის ატეხვა, მკაცრი გაფრთხილებები და საყვედურები მედიისადმი, თუ რატომ არ აშუქებენ „ჩიხურას“ თამაშს, მაშინ, როდესაც რაღაცების გაკეთების უფლება მაინც მოგვცეს. ვერც იმას ვხვდები, რატომ დასჭირდათ აკრედიტაციაზე პასუხისმგებელ პირებს, დროებითი მონსტრების როლის მორგება, თუმცა პრიორიტეტების გადანაწილებისას, რეგიონული მედიის სადღაც შეყუჟვა (მათი სპორტისადმი ინტერესის მიუხედავად), ორგანიზატორების სერიოზული ჩავარდნაა. ამის გაგებინება კი მათთვის, ამ პოსტით მაინც მინდოდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test