შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

რეალითი შოუდ ქცეული ადამიანური ტრაგედიები

21.06.2013 10:28

საიდუმლო საცავი, აღმოჩენილი იარაღი, ნარკოტიკები და, მასთან ერთად, ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა - შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გასული კვირის ერთ-ერთი ცხელი თემა გახლდათ.

ვიდეოკადრებზე ხალხმა ყურადღება მაშინ გაამახვილა, როდესაც ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა დააანონსა, საზოგადოებას არაადამიანური სისასტიკის კადრების ნახვა მოუწევსო. ხალხმაც გაფაციცებით დაიწყო ლოდინი. შედეგად კი შსს-ში დახურული ჩვენება მივიღეთ, რომელიც თავისი არსით, ჩვენებამდე მიმდინარე პროცესებითა, თუ შემდგომი გამოხმაურებებით, სასიამოვნო შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს.  

მე შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. იდეაში იქ, მხოლოდ მედიასაშუალებათა ხელმძღვანელები და არასამთავრობო სექტორი უნდა მისულიყო (არადა, კადრებში რიგით ჟურნალისტებსაც მრავლად მოვკარი თვალი). როგორც დამსწრეები ამბობენ, სამინისტროში შესვლისას არავინ შეუმოწმებიათ. შესაბამისად, აპარატურის შეტანის საშუალებაც იყო. არც ტელეფონები დაუტოვებია ვინმეს დაცვისათვის.

დამსწრეები ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე შემზარავი კადრები, რაც უნახავთ. იმაზე უარესი, რაც გასული წლის სექტემბერში იყო. მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე ვიხილეთ ციხეებში წამებისა და, მოგვიანებით, ადამიანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, პირადად ჩემთვის ამბავი სხვა, შემზარავი კადრების აღმოჩენის შესახებ, სრულიად საკმარისია. არ მჭირდება მათი თავიდან ნახვა.

შესაბამისად, ვერ მივხვდი, რას ემსახურებოდა ამ ვიდეომასალების ჩვენება. იმას, რომ რა ცუდ რაღაცებს აკეთებდა წინა ხელისუფლება, იმას, რომ შსს არ იტყუება და მართლა უფრო მწვავე კადრები აღმოაჩინა, იმას, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო, თუ თხოვნას სამოქალაქო სექტორისადმი, ახლა როგორ მოვექცეთ ამ მასალებს, გვირჩიეთ რამეო?!

დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ ადამიანთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. გარდა იმისა, რომ სახე მხოლოდ კუბიკებით ჰქონდათ დაფარული, სხვა მახასიათებელი ნიშნებიც ჩანდა (მაგალითად სვირინგი). მეორე ნაწილისათვის კი მათი აღშფოთება მიუღებელი აღმოჩნდა.

შემდეგ, ერთი-ორი ჩემი კოლეგისაგან, რომელიც ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებოდა, ფეისბუქის საშუალებით ისიც შევიტყვე, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (სვირინგით, ხალით თუ  სხეულის მოყვანილობით), ადამიანის ცნობა მხოლოდ ახლობელს შეუძლია და იქ არავინ იყო ამ ადამიანთა ახლობელიო. არადა, საქმე იმაში კი არ არის, რომ დამსწრეთა ნაწილმა ვინმე კარის მეზობელი ან გარებიძაშვილი ამოიცნო. არამედ, იმაში რომ ამ აქტით, თუნდაც, 100 ადამიანის წინაშე, კიდევ ერთხელ დაირღვა იმ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომლებსაც ძალიან დიდი სტრესი აქვთ გადატანილი.

როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის შემდეგ, შსს-მ ჯერ გადაწყვიტა, რომ ამ კადრებს არ გაანადგურებს, შემდეგ კი დააანონსა, რომ მათ პარლამენტშიც წაიღებენ საჩვენებლად. მერე, ალბათ, სასამართლოსაც გააცნობენ და ბოლოს, რიგითი მოკვდავების ჯერიც დადგება - კინოთეატრებში.

პრობლემა ის არის, რომ ასეთი მძიმე ტრაგედიები, ერთგვარ, რეალით შოუდ იქცა. შოუდ, რომელშიც ეთიკურობასა და მიზანშეწონილობაზე თავგადაკლულ მსჯელობაში, უკანა პლანზე გადადის დამნაშავეების მოძიებისა და დასჯის საკითხი და, ამავდროულად, გვავიწყდება, მთავარი - მსხვერპლი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test