შემოგვიერთდი

ნინო ჩიმაკაძე

ქართული მედიის სამი გამოწვევა

24.06.2013 16:12

მედია ექსპერტობას ნამდვილად ვერ დავიჩემებ, თუმცა უკვე 7 თუ 8 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და რაღაც გამოცდილება კი დამიგროვდა იმისთვის, რომ ქართულ მედიაში არსებულ სიტუაციასა და პრობლემებზე ჩემი აზრი ჩამომყალიბებოდა. გუშინ, რაღაც სტატიების ძებნისას შემთხვევით ამერიკის ყოფილ ელჩთან, ჯონ ბასთან ჩემი ინტერვიუს ნაწყვეტებს გადავაწყდი, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობს.  ელჩზე და მის მეუღლეზე სტატია ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ დაიბეჭდა 2012 წლის თებერვალში, თუმცა ეს მონაკვეთი მასში არ მოხვედრილა, სტატია ისედაც გადატვირთული იყო სხვადასხვა თემებით და საბოლოოდ ასე გადაწყდა. მაგრამ ახლა, წელიწადნახევრის მერე, როცა მისი ეს სიტყვები წავიკითხე, მივხვდი, რომ ძალიან ზუსტი, მკაფიო და საინტერესო შეფასებებია და ის თემები, რაზეც ის მესაუბრა, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. ჯონ ბასის ციტატები ფეისბუქზეც დავპოსტე, რამაც მედიასთან შეხებაში მყოფი ჩემი  არაერთი „ფრენდის“  დაინტერესება გამოიწევია. მათ შორის  Media.ge–ს რედაქტორიც იყო, რომელმაც მთხოვა, დამეწერა ამ საკითხის ირგვლივ. ჰოდა ელჩის მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩემს მოკრძალებულ აზრებსაც გაგიზიარებთ.

„მედია პროგრესირებს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც რჩება სერიოზული პრობლემები“, – მითხრა ჯონ ბასმა, როცა სხვა თემებზე საუბრის შემდეგ ქართულ მედიაზე დავუსვი შეკითხვა. შემდეგ კი იმ სამ  ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:  პირველ რიგში, ეკონომიკურ  და ბიზნესფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის, როგორც ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან მეტ–ნაკლებად თავისუფალი მედიასივრცის ჩამოყალიბებისთვის. შემდეგ ჟურნალისტების კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე გაამხავილა ყურადღება,  და ბოლოს იმ გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც მედიას უწევს მუშაობა.

მართლაც, ეს სამი ფაქტორი ბოლო ათწლეულში (მანამდე არსებული სიტუაცია კარგად არ მახსოვს და თავს შევიკავებ კომენტარისგან) ყველაზე მეტად განაპირობებს მედიის იმ სახით არსებობას, რა სახითაც გვაქვს ის დღეს საქრათველოში.

ეკონომიკური ფაქტორიდან რომ დავიწყოთ, ერთი შეხედვით ასეთი პარტარა ბაზრისთვის საკმაოდ ბევრი ტელევიზია, გაზეთი, რადიო, თუ ჟურნალია საქართველოში, აღარაფერს ვამბობ ონლაინ გამოცემებზე. თუმცა როგორც ბიზნესი, ცოტა მათგანი თუ მუშაობს. ტელევიზიების უმეტესობა, აღიარებენ ამას ოფიციალურად, თუ - არა, ძირითადად სხავდასხვა პოლიტიკურად მოტივირებული, თუ პოლიტიკააში მყოფი ადამიანების დაფინანსებაზე და პოლიტიკურ  გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაც მათი, როგორც სუფთა ბიზნესის სახით განვითარებას აპრიორი ჩანასხშივე კლავს. ცხადია, ეს საზოგადოებრივ არხს არ ეხება, მაგრამ ამ არხის პრობლემებზე და მუდმივ სტაგნაციაზე უკვე იმდენი დაწერილა, მგონი აღარც ღირს ლაპარაკი.

ჟურნალ–გაზეთების შემთხვევაშიც, რამდენიმე ძალიან „ყვითელი“ ჟურნალისა და გრანტებზე ორიენტირებული გამოცემების გარდა, ხშირად ისევ პოლიტიკური მოტივები იკვეთება. პრესაში ამას ეთიკურობის პრობლემაც ემატება, რადგან არაერთ გამოცემაში პირდაპირ ვხვდებით ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, სექსისტურ, თუ სხვა სახის ტექსტებს. (ამაში ფლაგმანის როლს უცვლელად ინარჩუნებს გაზეთი „ასავალ დასავალი“,  რომელიც რატომღაც ჩვენი ერთი შეხედვით უმცირესობების  უფლებების თავგამოდებული დამცველი პრემიერის საყვარელი გაზეთია).

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა ახალ ამბებზე ორიენტირებული ვებ გვერდებიც, რომელთა უკანაც ხშირად ასევე იგრძნობა პოლიტიკური, თუ რელიგიური გავლენები და მათი, როგორც მედიაბიზნესის განვითარებაზე, ალბათ, დიდად არავინ ფიქრობს.  საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში მათი პროდქუტების დამშეარებლების ვინაობაც კარგად ასახავს, თუ ვინ დგას ამ გამოცემების უკან. ამ მხრივ განსკუთრებით თვალსაჩინოა შედარებით ახალი ონლაინ პორტალები  - Politico.ge  და  pirveliradio.ge,  ასევე  info9.ge და  iverioni.com.ge.

გამოდის, რომ თუ მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე,  ეთიკური და  შეძლებისდაგვარად ობიექტური და დაბალანსებული  (აბოსლუტირი ობიექტუბის არ მჯერა) მედიის გაკეთება გინდა, ან საერთაშორისო გრანტი უნდა მოიპოვო, ან მუდმივად გადარჩენისთვის იბრძოლო. ეს გადარჩენისთვის ბრძოლა კი, სამწუხაროდ საქართველოში მედიამფლობელების დიდმა ნაწილმა ნორმალურად არც კი იცის.

არ იციან  როგორ აქციონ მედია ბიზნესად, ისე რომ  პროფესული, კვალიფიცური და საინტერესო კონტენტიც შეინარჩუნონ და თან  უფრო მეტი ადამიანისთვის გახდნენ მიმზიდველები, ანუ სხვადასხვა უწყინარი  „სატყუარებით“  ე.წ.  პაპსა  მედიას მიჩვეული აუდიტორიაც მოიზიდონ. ამას ძალიან კარგად გათვლილი, სწორი მარკეტინგი სჭირდება,  რაც აქ საკმაოდ იშვიათობაა. ამას ეკონომიკური პრობლემებიც ემატება და შედეგად იმას ვიღებთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან რეგიონული მედიასაშუალებები, რადგან იქ კიდევ უფრო პატარა ბაზარია და გადარჩენისთვის ხშირად ერთადერთი გზა ისევ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების გატარებაა. ჯონ ბასი ამაზეც საუბრობდა და ერთი საინტერესო და დასაფიქრებელი  მოსაზრებაც გამიზიარა:

„საქართველო პატარა ქვეყანაა პატარა ეკონომიკით, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ეს ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა ერთმანეთისგან განსხვავებული, სპეციფიური რეგიონული ინტერესებით. ეს ქმნის ძალიან ბევრ პატარა მედიამარკეტებს, რაც ჟურნალისტებისთვის კარგია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ართულებს რეკლამის და მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებას. ამიტომ, ვფიქრობ ერთერთი გამოწვევა ამ პატარა მარკეტების ერთამენთთან დაკავშირებაა, რაც რეგიონულ მედიას საშუალებას მისცემს ლოკალური დონეზე კვლავ გადასცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პარალელურად კი განვითარდეს ბიზნესიც და ეს მედია საშუალებები უფრო დიდ სარეკლამო ბაზარზე გავიდნენ და მეტი დამკვეთი მიიზიდონ“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test