შემოგვიერთდი

რუსუდან ცხომელიძე

ჩვენ დავაგვიანეთ!

01.07.2013 16:14

წინა კვირას ჟურნალისტებმა უპრეცენდენტოდ ხანმოკლე და იმ კონკრეტულ მომენტში, შედეგიანი აქცია გავმართეთ. ტრანსპარანტი, წარწერით „შეასრულეთ მოვალეობა! გადაარჩინეთ ბავშვების სიცოცხლე!“ ხელში სულ რამდენიმე წუთი გვეჭირა. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჯანმეთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი მოვიდა და გვითხრა, რომ 12 წლის მირზა ცეცხლაძის სიცოცხლის გადასარჩენი თანხა გამოიძებნა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით, „დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის“ და ოჯახის მიერ მოგროვებულ თანხას სამინისტრო დანაკლისს დაამატებდა. ეს საკმაოდ დიდი ფული იყო.

საუბედუროდ, ჩვენ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ დავაგვიანეთ! მირზას გაჟონვა დაემართა და რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ეს სისხლის ვერაგი დაავადების მოსალოდნელი შედეგია. ამიტომაც ვჩქარობდით ფულის შეგროვებას, მაგრამ მაინც დავაგვიანეთ. 9 თვე მირზას მშობლები მარტო იბრძოდნენ, ყველა კარზე აკაკუნებდნენ, სახელმწიფო მოხელეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. დედა გუშინ მხოლოდ იმას იხსენებდა, როგორ ეძახდა მირზა, ტელევიზორში მილიონების სხვადასხვა მისამართით გადანაწილების ამბის მოსასმენად... ბავშვი ვერ იგებდა, იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ფული სხვადასხვა სფეროზე იხარჯება, რატომ არ მოიძებნა თანხა მის გადასარჩენად...

ეს არც ჩვენ გვესმოდა, ჟურნალისტებს. არ გვესმოდა, ქვეყანაში რატომ არის უგულვებელყოფილი კონსტიტუციით დაცული სიცოცხლის უფლება, რატომ არ შეიძლებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ტენდერი ერთი ჯიპით ნაკლებზე გამოცხადებულიყო, რატომ არ შეიძლებოდა ერთი მილიონით ნაკლები პრემია დარიგებულიყო?!  ანა რომანაძის მშობლებიც კარდაკარ დადიოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. ეს წინა ხელისუფლების დროს იყო... მაშინ, როდესაც მილიონები იხარჯებოდა  გაურკვეველი დანიშნულების მშენებლობებზე და ძვირადღირებულ ვოიაჟებზე... მაშინ, როცა ბიუჯეტში პოლიტიკოსების კოსმეტიკური ოპერაციების თანხა არსებობდა, ანას სიცოცხლის გდასარჩენი არ მოიძებნა.  ამიტომაც შევახსენეთ ხელისუფლებას მოვალეობა. ჩვენდა გასაოცრად,  ამჯერად ჩვენი ხმა გაიგონეს. მაგრამ ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც დავაგვიენეთ!

იყო თუ არა გამოსავალი? იყო. საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი რომ არსებულიყო, მირზას ფულის მოძიებისთანავე გაეწეოდა საჭირო სამედიცინო დახმარება. ახლა კი მშობლებს ხელში უჭირავთ იტალიაში კვირის ბოლოს  გასაფრენი ბილეთი, სამკურნალო თანხა, მირზა კი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში თითქმის დასრულებულია ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრი. როგორც გვითხრეს, საჭიროა მხოლოდ სპეციალური გამწოვი სისტემის დამონტაჟება, მაგრამ პროცესი გაჩერებულია.  კლინიკის მენეჯერის თქმით,  კერძო სტრუქტურისთვის ამ საქმეს კომერციული ხიბლი არ აქვს, პროგრამული დაფინანსება კი არ არსებობს.

რას აპირებს ხელისუფელბა? როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გვითხრა, 2014 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების მშენებლობა, სადაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც იარსებებს. ეს სახელმწიფო კლინიკა იქნება. მაგრამ, თუ კი ოპერაცია პროგრამულად, სახელმწიფოს მიერ  არ დაფინანსდა ოჯახები როგორც უცხოეთში სამკურნალო თანხას ვერ შოულობენ, ასევე ვერ გადაიხდიან საქართველოში. ჩვენ ქვეყანაში ფასი გაცილებით დაბალი იქნება, მაგრამ ოპერაცია მაინც სოლიდური თანხა ეღირება. ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პროგრამული დაფინასნების საკითხზე მუშაობენ.

2014 წლამდე და საავადმყოფოს აშენებამდე ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტი, 13 წლის გიორგი გაბედავა ვერ მოიცდის. გუშინ საღამოს, მირზა ცეცხლაძის ამბის გასაგებად კლინიკაში მოსულმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ გიორგის სიცოცხლის გადასარჩენი თანხა უკვე გამოყოფილია. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტები, საზოგადოება და ხელისუფლება ერთად ვიმოქმედებთ, ანუ ფონდში შეგროვებულ ფულს სახელმწიფო შეავსებს და გიორგი  ძვლის ტვინის გადასანერგად ვერონაში წავა.

რამდენად აქტიურია საზოგადოება?  მირზას სიცოცხლისთვის ბრძოლაში არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უამრავი ადამიანი დაგვიდაგა გვერდით. ვისაც როგორ შეეძლო, ისე დაგვეხმარა. საქართველოში მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე დიდი საქველმოქედო მარათონის, The Global Charity Trust -ის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ კიდევ 12 საბავშვო საქმელმოქმედო ორგანიზაციას აერთიანებს (ნელსონ მანდელას ფოდი, Virgin Unite, Tusk და სხვა), შაბათს, ბუდა ბარში, საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ამ დღეს, მოწვეულ სტუმრებს, 1 საათი ქველმოქმედებისთვის უნდა დაეთმოთ. საღამოზე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არ მოვიდა აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.  ეს დრო ბავშვებს არ დაუთმო არც დიდი ბიზნესის მესვეურთა უმეტესობამ. იყო თუ არა ეს გულგრილობა? ჩემი აზრით, იყო. უფრო ნათლად  ეს მომავალში გამოჩნდება. შესაძლოა  ის ვინც არ მოვიდა, გვერდით სხვა ფორმით დაგვიდგეს... ფაქტია, რომ გამოფხიზლება დავაგვიანეთ!

 

ზაფხულის ბოლოს ექიმებს ეცოდინებათ, კიდევ ერთ პატარა გოგონას დასჭრდება თუ არა ძვლის ტვინის გადანერგვა. გადასარჩენი სიცოცხლე კიდევ ბევრია და ამიტომაც ჟურნალისტებისა და საზოგადოების აქტიურობას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჩვენ აღარ გვაქვს დაგვიანების უფლება! მირზა მოთმინებით ელოდა მისთვის ფულის შეგროვებას, მაგრამ დაავადება არ იცდის! მას ახლა მხოლოდ სასწაული თუ იხსნის, რომ ანა რომანაძესავით უსახსრობის მსხვერპლი არ დაერქვას!. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test