შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

მასშტაბური მუსიკალური კონკურსები ქართულად - შოუ არაფრისათვის?

02.07.2013 10:02

მსგავსი აზრი „ჯეოსტარის“, „საქართველოს ვარსკვლავისა“, თუ „ნიჭიერის“ პირველივე სეზონების ნახვის შემდეგ გამიჩნდა. იყო ვარსკვლავი ხომ ამ ქვეყანაში საუკეთესო რესტორანში სიმღერას  ნიშნავს.

გასართობი შოუების ნაკლებობას ქართული ტელესივრცე არ უჩივის. მთავრდება ერთი, იწყება მეორე და პირიქით, თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა რეიტინგული. ისინი, რომლებსაც მთელი საქართველო ელოდება.

რეიტინგებს, უმეტესად, „რუსთავი 2“ გვთავაზობს. მათ შორისაა „ნიჭიერი“ და „საქართველოს ვარსკვლავი“, რომელსაც ადრე „ჯეოსტარი“ ერქვა. ეს უკანასკნელი, თითქმის, ათი წელია, რაც ეთერში გადის. მისი რეიტინგი ისევ მაღალია, თუმცა, ალბათ, პირველი რამდენიმე სეზონის ფონზე, ცოტა მოსაწყენი გახდა (არ ვგულისხმობ კონკურსანტებს, რომლებიც ყოველ წელს უფრო და უფრო  მაღალი დონის არიან).

საქართველო არის პატარა ქვეყანა. შესაბამისად, ბაზარიც პატარაა და პროდუქტს მალე იბეზრებს. მაშინ, როდესაც, რუსეთსა, თუ ამერიკაში გადაცემები ათეული წლების მანძილზე გადის ეთერში და რეიტინგები კვლავ მაღალი აქვს, ეს ქვეყნის სიდიდისა და პოპულაციის ოდენობის ბრალია. შესაძლოა, ვიღაცას სახელგადარქმეული „ჯეოსტარიც“ მობეზრდეს. მობეზრდეს თავისი მასშტაბურობით, სიდიადით, არაჩვეულებრივი დაპირებებითა, თუ მონაწილეთა კარიერულ წინსვლაში ნათამაშები უმნიშვნელოვანესი როლით.

მაშინ, როდესაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოების შერჩევაში ჩართული მკაცრი ჟიური შედარებით, „ლმობიერი“ წევრებით იცვლება, შოუს ის მომხიბლავი ელემენტი ეკარგება, რასაც კრიტიკა ჰქვია. ასე მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ჯეოსტარში“ ჟიური პირველად შეცვალეს. სავარაუდოდ, წინა გამოცდილების შეცდომას ორგანიზატორები მიხვდნენ და ზაზა შენგელია მოიწვიეს (რომელსაც, მართალია, ხშირად უყვარს აფიშირება, რომ ჯაზს უსმენს და ტანია მარია მისი მეგობარია, მაგრამ კომპეტენტურია და მისი შეფასებაც ყოველთვის საინტერესოა), მაგრამ ნინი ბადურაშვილისა და მიშა მშვილდაძის ფენომენი ჩემთვის ისეთივე გამოცანად დარჩა, როგორც თავის დროზე სოფო ხალვაშის და ნიკო ნერგაძისა.

მეორე, რაც შოუს მაყურებელთა ნაწილს აღიზიანებს, არის კონკრეტული მომღერლებისა თუ ჯგუფებისადმი მიძღვნილი ტურები. ფანების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ბუნებრივია (კარგად მახოვს, როგორ გააფუჭეს შარშან „ბითლზი“), თუმცა ვფიქრობ, სპეციფიკიდან გამომდინარე, არ შეიძლება, მაიკლ ჯექსონის, ან deep purple-ს ტური მოაწყო. არა იმიტომ, რომ მათი შესრულება არავინ უნდა გაბედოს, არამედ იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მომღერლები ამ რეპერტუარს ვერ ართმევენ თავს და უარყოფითი კუთხით წარმოჩნდებიან. კონკურსებში ქართველი მუსიკოსებიც პოპულარულები არიან. მათ შორის ირაკლი ჩარკვიანი (რომლის მუსიკაც, რატომღაც, მისი გარდაცვალების შემდეგ შემოვიდა მოდაში. როგორც ხალხში, ისევე - მუსიკალურ შოუებში) და ნინო ქათამაძეც.

მესამე, რაც მაყურებელს წლევანდელი კონკურსის ყურების ხალისს უკარგავდა, ჩაცმულობა იყო. დიზაინერი, რომლის სახელი და გვარი, ალბათ, ბევრმა ამ შოუს საშუალებით გაიგო ვერ ვიტყვით, რომ ნორმალურთან მიახლოებულ სასცენო კოსტუმებს ქმნიდა.

მეოთხე - საჩუქრები. შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს მოკრძალებული პრიზები გახლდათ. შარშანდელისაგან განსხვავებით, გამარჯვებულს რეალურად არსებული მინი კუპერი არ შეხვდა, თუმცა მშენებარე სასტუმროს ნომრის გასაღები მიიღო. ისევე, როგორც ლუკა ზაქარიაძემ, თედო ფიფიამ და სხვებმა.. გასაღები, რომელიც გამოუსადეგარია - იმიტომ, რომ მშენებლობა არ დასრულებულა. J ასევე საინტერესო ფენომენია ალბომი, რომელსაც გამარჯვებულს უწერენ. ის ერთი, ან ორი წლის შემდეგ მზადდება. ალბათ, ოჯახის ახლობლების გარდა,  არავინ ყიდულობს. წელს გამორჩეული პრიზი იყო - ოქროს დისკი (თუმცა ამის ქართული ფენომენი რაში მდგომარეობს, წარმდგენმა ბუნდოვნადაც ვერ გაგვაცნო).

და ბოლოს, ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი. როდესაც შოუში ხედავ ნიჭიერ ადამიანებს, მუსიკოსებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა სასწაულებს ჩადიან და იცი, რომ შოუს დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ჩაქრებიან, ძნელია, არ დასევდიანდე. როდესაც უსმენ ირინა ბაირამაშვილს, გიორგი სუხიტაშვილს, ლევან მასპინძელაშვილს, ნუკა გვალიას, ან ნინა სუბლატს, როცა დილეტანტური სმენითაც კი ხვდები, როგორი მაგარი ტიპები არიან, დასაკარგად გენანება.  არადა, იცი, რომ ეს გარდაუვალია. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, მომღერლის განვითარებისათვის ხელშემწყობი შოუ-ბიზნესის ნაცვლად, რესტორნები არსებობს. რესტორნები, სადაც ეს მაგარი ტიპიები, მთვრალი კაცებისათვის 70-იანების ქართულ ჰიტებს იმღრებენ, უკეთეს შემთხვევაში კი, რომელიმე წიგნის მაღაზია-კაფეში შეასრულებენ ჯაზს პერომოყვარული საზოგადოებისათვის.

და აქ კიდევ ერთხელ ჩნება კითხვა: კარგი, მიიღე მონაწილეობა ყველაზე გრანდიოზულ, ყველაზე მასშტაბურ, ყველაზე რეიტინგულ, ყველაზე მაგარ „საქართველოს ვარსკვლავში“, „ნიჭიერში“, „ახალ ხმასა“ თუ „მაგთიფანში“. გაიმარჯვე. და ჰაზრი?!

საქართველოს ვარსკვლავი ნინა სუბლატი გახდა - 1 ივლისი, 2013 წელი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test