შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

Copy-Paste და სხვის ხარჯზე გაზრდილი რეიტინგები

17.07.2013 16:32

როდესაც პროდუქტს ინტერნეტ-სივრცეში ჰყიდი, ყველაფერი „მოსულა“. მათ შორის, არასერიოზული და ყვითელი თემების გაშუქება, კამერის ჩართვამდე პოლიტიკოსთა ხუმრობების ჩაწერა და დაშეარება, საინტერესო ინტერვიუ რიგით გამვლელთან, აქციებისას ჩაწერილი ტიპების სინქრონები, სასაცილო შემთხვევები ქუჩაში, ანდაც გამოთქვამები, რომლებიც შემდეგ ჰიტდება.. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის მასალებს ნახვა უფრო მეტი აქვს, ვიდრე სერიოზულ კვლევასა და ანალიზს.

ამ ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ფენომენი რომ არ არსებობს, ეს ახალი ნამდვილად არაა. ბევრჯერ გვინახავს ვირუსული ვიდეო, რომელიც რამდენიმე მომხმარებელს თავისი სახელით აქვს ატვირთული. ინტერნეტის მედიასივრცეში კი ვიდეოების საკუთარ გვერდზე გადმოტანის ფენომენი, ჩვენს ქვეყანაში, პირველად, palitratv-მ შექმნა. 

პორტალი, რომელიც 2-3 წელია ფუნქციონირებს, რეიტინგების ხუთეულს ყოველთვის იკავებს. ეს პოპულარული საიტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული მედიაჰოლდინგის შემადგენლობაშია,  რეიტინგს იუთუბიდან, myvideo-დან, სხვადასხვა უცხოური საიტებიდან წამოღებული ვიდეოების დადება-გაზიარებით იზრდის. მათ შორის, წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მასალების ჩამოტვირთვას და საკუთარ გვერდზე ატვირთვასაც. მართალია, კუთხეში წყაროსაც აწერს და ლინკავს კიდეც, მაგრამ თუ ოდესმე, თქვენი გადაღებული ვიდეო სხვის მიერ ატვირთული გინახავთ, დამეთანხმებით, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.

Garbonline.tv-დან (ისევე, როგორც სხვა საიტებიდან) პალიტრას წარმატებულად აქვს გადაკატავებული არაერთი ვიდეო. როგორც თბილისის სტუდიის, ასევე რეგიონების მიერ გადაღებული. მნიშვნელობის თვალსაზრისით ბევრი არაფერი, თუმცა მათ საიტზე მნახველი შეჰყავს. მასალას ქვემოთ, კუთხეში აწერია წყარო. სამაგიეროდ, ჩვენ ჭკუას ვხმარობთ და უზარმაზარ ლოგოს ვადებთ (რომელიც ერთხელ კვესიტაძის გადაცემის მემონტაჟეს, რატომღაც, არ მოეწონა, მოაჭრა და ისეთი კადრი ჩასვა ანონსში, ეთერში გაშვება კი არა, საიტზე მომერიდებოდა დადება).

ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ youtube-სა თუ vimeo-ს პლატფორმას. არა იმიტომ, რომ გამოყენება არ ვიცით, ყველაფერს საკუთარ სერვერზე ვტვირთავთ, რომელიც არც youtube-ია და არც myvideo, რომ მოკიდო ხელი, შენს გემოზე ამოჭრა და სხვის ხარჯზე საკუთარი რეიტინგები ზარდო.  ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებში, ელემენტარულ ეთიკასა, თუ კოლეგიალურობასთან გვაქვს საქმე, რომელსაც  ასე უგულვებელჰყოფენ.

ალბათ, პოსტის წაკითხვის შემდეგ, საიტის მესვეურები მეტყვიან, ჩვენ მასალებს წყაროს ყოველთვის ვუთითებთო, მაგრამ ჩემთვის, ჩემი საიტისა და თანამშრომლებისათვის მსგავსი „ნუგეში“ დიდი ვერაფერი შეღავათია.  სხვისი გაკეთებულით ქულების დაწერა ყოველთვის ადვილია, რადგან ერთადერთი შრომა, რომელიც ამ დროს გიწევს, copy-paste და, შემდეგ, ფეისბუქზე გატანაა. Garbonline.tv ამას არ აკეთებს. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, არამედ, იმიტომ, რომ გვირჩევნია, ჩვენ გავაკეთოთ ღირებული და სხვისი ნათქვამი იშვიათად ვიმეოროთ.

მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო არ მითქვამს: Palitratv-ს განყოფილებაში „ჩვენ შესახებ“ უწერია, რომ წყაროს მითითების გარეშე, მათი ერთი პუბლიკაციის გამოყენების საფასური, 100 $-ის ექვივალენტია ლარებში. საინტერესოა, რომელ მასალას გულისხმობენ, რადგან კონტენტის, ალბათ, ნახევარზე მეტი, ან youtube-დანაა წამოღებული, ან myvideo-დან, ან სხვადასხვა უცხოური არხებიდან.  

Palitratv-ს დამკვიდერებულ წესებს,  რეიტინგების შემყურე ბევრი პორტალი მიმართავს. მათ შორისაა news.ge. მაშინ, როდესაც პირველს ჩვენი საიტი გალინკული მაინც აქვს, ამ უკანასკნელს მხოლოდ სასხვათაშორისოდ აქვს ბოლოში მიწერილი მისამართი.

მესმის, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით, მთავარი რეიტინგი და მნახველთა რაოდენობაა, მაგრამ, ქართულ მედიაპორტალებს მასალების ამოჭრა-წაღება-ერთმანეთისაგან მოპარვა უკვე მანიაში გადასდით და, მომხმარებლის თვალშიც სასაცილოდ ჩანს. მართალია, ყველა თავად წყვეტს, რა იმიჯი სურს ჰქონდეს, მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როდესაც სხვის რეიტინგზე, შენგან დაუკითხავად, საკუთარი საიტისათვის გადაღებული ვიდეოთი ზრუნავ.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test