შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

სცდება, თუ არა, მედია მკვლელობის გაშუქებისას ეთიკურობის ზღვარს?

29.07.2013 10:53

თამარ კარელიძე

ადამიანური ტრაგედიები, ისევე როგორც ყვითელი თემები, მედიისათვის ყველაზე რეიტინგული მასალებია. ადამიანურ ტრაგედიებს ბევრი მკითხველი ჰყავს. რაც უფრო შემზარავია ის, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს.
ჭორი, მართალი, პირადი ცხოვრება, ფოტოები, ფეისბუქის სტატუსები, გამოკითხული მეზობლები, საბავშვო ბაღის ზეიმის ჩანაწერები და ა.შ. ის თემებია, რომლებსაც მედიასაშუალებათა ნაწილი იაფფასიან სენტიმენტალურ სახეს აძლევს და ყიდის. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანური ტრაგედიებისადმი პრესა ზედმეტ ინტერესს თავად აჩენს და ზრდის. ზოგჯერ კი ისეთ მარაზმში იჭრება, ადამიანს გაფიქრებინებს, რომ ჟურნალისტებს ტრაგიკული შემთხვევები ახარებთ.
სამწუხაროდ, ასეთი აღმოჩნდა ბათუმში, 16 წლის მოზარდის მკვლელობის ამბავიც. მედიას, თითქოს, დაავიწყდა მთავარი ფაქტი და მთელი აზარტით გადაეშვა გოგონას შესახებ ისეთი ამბების მოძიებაში, როგორებიცაა - თუ რაზე ოცნებობდა დაღუპული, როგორ ახასიათებდნენ მას მეგობრები, რას ფიქრობდნენ მომხდარზე მისი ახლობლები, როგორი მოსწავლე გახლდათ, რა ტიპის სტატუსებს წერდა ფეისბუქზე და ა.შ. ასეთი ამბები, მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ საათში, ბევრ საინფორმაციო სააგენტოსა და პორტალზე დაიდო.
გარდა მედიის მიერ ჩატარებული „სერიოზული მოკვლევისა“ (ალბათ, უკეთესი იქნება, მსგავსი მონდომება და გამჭრიახობა, მიცვალებულის ცხოვრების ქექვაში კი არა, სხვა თემებზე მუშაობისას გამოიჩინონ), სოციალურ ქსელებში ჩანაწერიც გაჩნდა, სახელწოდებით "მე მარიამი ვარ, 16 წლის, მომკლეს". მის  ლიტერატურულ, ემოციურ თუ ეთიკურ ღირებულებებზე შეჩერება არ ღირს, მით უმეტეს, რომ მრავალი კომენტარი გაკეთდა, თუმცა ჩანაწერი ბევრმა სააგენტომ ისეთი  მონდომებით გადმოიტანა საკუთარ გვერდზე, თითქოს,  ეს უღიმღამო ჩანაწერი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი გახლდათ.
მაშინ, როდესაც მეგონა, ონლაინ მედიის მარაზმში გადასული ინტერესის შემდეგ არაფერი გამაკვირვებდა, ტელეკომპანია "იმედმა", ეთერში ფარულად ჩაწერილი მოქალაქის კომენტარი  გაუშვა, რომელიც მოწმის სახელსა და გვარს ასახელებდა. დავუშვათ, რომ ჟურნალისტს შეეშალა, მაგრამ რედაქტორები ხომ იმისთვის არსებობენ, რომ მათი დაშვებული შეცდომები გამოასწორონ (არ მინდა ვიფიქრო, რომ რედაქტორმა, ჟურნალისტის მსგავსად, ამ ფაქტს არ მიაქცია ყურადღება. ან უარესი, სპეციალურად გაუშვა)?!.
დღემდე ვერ შევთანხმებულვართ, ფეისბუქი საჯარო სივრცეა თუ პირადი. ქართულ მედიაში ბოლო მოდა, აქ გამოქვეყნებული სტატუსების მიხედვით, ნიუსების შექმნაა.  გასაგებია, რომ მომხმარებელს, შესაძლოა, აინტერესებდეს ცნობილი ადამიანების ფეისბუქაზრები, თუმცა,  ეთიკურია თუ არა გარდაცვლილის პირადი ფოტოების, კომენტარების, სტატუსებისა, თუ მიმოწერის გამოქვეყნება, ამაზე ფიქრით დიდად არავინ იჭყლეტს ტვინს. მახსენდება შარშანდელი შემთხვევაც, როდესაც მაღლივის ხიდიდან თოკით ხტომისას, ორი ადამიანი დაიღუპა. მათმა ფეისბუქის მიმოწერებმა მთელი მედია მოიარა. წესით, ეს ყველაფერი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველია და, თუ ის მომხმარებელთა ვიწრო წრისთვისაა განკუთვნილი, არავის აქვს მისი გამოქვეყნების უფლება.
ვფიქრობ, ორმაგად არაეთიკურია გარდაცვლილის ფეისბუქის მიხედვით, ნიუსებისა და სიუჟეტების მომზადებაც. ჭორ-მართალის გარჩევაში მედიას ავიწყდება ოჯახი, რომელმაც დაკარგა წევრი,  ავიწყდება გარდაცვლილის მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, რომლებზეც ყოველივე ამის გახსენება, დამატებითი სტრესია.
დარწმუნებული ვარ, ტრენინგებსა და სემინარებზე, ყველა კოლექტიურად თანხმდება, როგორ უნდა გააშუქონ ეთიკურად ესა თუ ის შემთხვევა, რა არის დაშვებული და რა არა, მაგრამ სამსახურებში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერი ძველებურად გრძელდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test