შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„მეცხრე არხი“, ანუ, როგორ ვცდილობდით, დაგვენახა მეტი

19.08.2013 20:50

უსამართლობა რამდენიმე სახის არსებობს. უსამართლობაა, როდესაც ჩემი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ჩემს, როგორც მისი დაფინანსების მთავარი წყაროს, ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისიც უსამართლობაა, ერთ დროს ობიექტური ინფორმაციის მისაღები ერთადერთი საშუალება, აყვავებულ ქვეყანაზე რომ გიყვება მაშინ, როცა ყველაფერი თავზე გენგრევა, ისიც, როდესაც ერთ დღეს, ვიღაც ტელევიზიის გახსნას სპონტანურად იმიტომ გადაწყვეტს, რომ ზემოთხსენებული ტელევიზიების ალტერნატივა შექმნას.

„მეცხრე არხის“ დახურვის შესახებ მოულოდნელად გავრცელებული ინფორმაციის  გამო, ადამიანების ნაწილი შოკირებულია. არადა, მიზეზი არ არსებობს - თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ სპონტანურად გახსნილი არხი, ასევე სპონტანურად დაიხურებოდა. უბრალოდ, ყველა ვიმედოვნებდით, რომ ისტორია არ განმეორდებოდა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრემიერს ტელევიზიის ქონა  უხერხულობას უქმნის, თუმცა იგივე არ განუცდია მაშინ, როდესაც, უკვე პოლიტიკოსის რანგში, წინასაარჩევნო კამპანიისას, არხს ხსნიდა. არც მაშინ, როცა პრესკონფერენციებზე ტელეკომპანიისა და მისი უამრავი თანამშრომლის ბედზე ისე საუბრობდა, როგორც პირად ნივთზე, რომელსაც ფუნქციას ვერ უძებნი და გადასაგდებადაც გენანება, არც მაშინ, როცა არჩევნების შემდეგ არხზე ხმაურიანი ცვლილებები მოხდა, წამოსულ ჟურნალისტებს მასთან  კითხვები ჰქონდათ, თუმცა პასუხები არ მიუღიათ.

სინამდვილეში, „მეცხრე არხი“ არჩევნების შემდეგ დაიხურა. უზარმაზარი დაფინანსების, საუკეთესო ტექნიკურ-ინტელექტუალური ბაზისა თუ მრჩეველთა საბჭოში ლარი კინგის ყოფნის მიუხედავად (ეს უკანასკნელი მაინც განსაკუთრებული ფენომენია), შეიძლება ითქვას, რომ 1,3 წლის მანძილზე, არხმა მაყურებელს თავი მხოლოდ ციხის კადრების გავრცელებით და არჩევნებიდან ორ თვეში, საუკეთესო სტაფის წამოსვლით დაამახსოვრა. სხვა იყო „ინფო 9“, მისი მუშაობის თავისებურ სტილსაც (რომლითაც, ალბათ, იდეის ავტორებს, ჟურნალისტიკაში ახალი სიტყვის თქმა სურდათ), მეორე მხარე, საპასუხოდ, უარესს ახვედრებდა. შედეგად ჟურნალისტთა მიერ ერთმანეთის დევნის ისეთი მაგალითები მივიღეთ, რომლებიც, ალბათ, ჟურნალისტიკის სასწავლო კურსში უნდა შევიდეს.

ბუნებრივია, როდესაც არხი იხსნებოდა, ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა მისი დროებითობის შესახებ მზაობა. ლეგენდისა და რეალობის გარჩევა „მეცხრე არხის“ ხელფასების, სამუშაო გარემოსა და პირობების შესახებ, დღემდე რთულია, თუმცა, ნებისმიერი ადამიანისათვის, უსამსახუროდ დარჩენასთან ერთად, ძნელია, როდესაც მფლობელი ღიად წუხს, როგორ მოგიშოროს - უცერემონიოდ გაგიშვას, სხვას გადაგცეს თუ დაგტოვოს. ისიც ძნელია, როდესაც „ექსპერტები“ გაიძახიან, ჟურნალისტები სხვა არხებზე გადანაწილდებიანო ისე, თითქოს, მედიასფეროში სამსახურები ოხრად იყოს.

19 აგვისტოდან, დაახლოებით, შვიდასამდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ადამიანთა უმრავლესობის უკან, ოჯახები დგას. მიუხედავად იმისა, რომ არხის დახურვის შესახებ ინფორმაცია გამუდმებით ვრცელდებოდა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი  ტელევიზიებს სპონტანურად ხსნის და ასევე  სპონტანურად ხურავს. მეცხრე არხი ხომ 2004-შიც ასე მოულოდნელად დაიხურა.

რაც შეეხება გამოხმაურებებს, გამორჩეული მაინც პრეზიდენტის კომენატარი იყო. საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მით ბედნიერი ვიქნები, ჩემს დროს უამრავი ტელევიზია, მათ შორის რეგიონული არხები გაიხსნაო. არადა, სამი წელია, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში ვმუშაობ, რომელიც რეგიონულ ტელევიზიებს აერთიანებს. დღეს არსებული 24 არხიდან, ყველაზე ახალგაზრდა ტელეკომპანია „გურჯაანია“ (1998 წელი). პრეზიდენტის მიერ დასახელებული 25-ე არხი კი, საერთოდ, 1993 წლიდან იწყებს არსებობას.

პრემიერის განცხადების მიხედვით, „მეცხრე არხი“ ახალ მეპატრონეს 1 სექტემბრამდე დაელოდება. მისივე კეთილი ნებით (აბა, კანონმდებლობა არ ავალდებულებს), თანამშრომლები 2 თვის ხელფასს აიღებენ. პირადად მე, ამ არხის არსებობის აუცილებლობას ვერც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ ვხედავდი. მთელი ეს პერიოდი უშედეგოდ ვცდილობდი, დამენახა მეტი, თუმცა არაფერი გამომივიდა.

P.S. გულწრფელად მეცოდებიან  ტელევიზიის თანამშრომლები - მათთვის ხომ, როგორც ერთმა ყოფილმა მეცხრე არხელმა თქვა, ყველაფერი შეკითხვით დაიწყო და დასრულდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test