შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

სად გადის ზღვარი მორალს, ეთიკასა და რეიტინგს შორის?

11.09.2013 13:39

თამარ კარელიძე

სად გადის ზღვარი მორალს, ეთიკასა და რეიტინგს შორის? - პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) დირექტორთან ერთად, ლექციაზე სწორედ ამ საკითხს განვიხილავდით, როდესაც შესვენებისას საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე შესულს, ნიუსი დამხვდა. რესპონდენტი ჟურნალისტს უჩიოდა. ამტკიცებდა, რომ მედიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა დამალა,  ის ფარულად ჩაწერა.

პრინციპში, ვიდეოში მოყოლილ და ნაჩვენებ ამბავს, გულგრილი არავინ დაუტოვებია. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიცვლებულისადმი გასაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია ყველას გვქონდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა.

ჟურნალისტის თქმით, რესპონდენტმა მისი ვინაობის შესახებ იცოდა, თუმცა მათ შორის სიმართლის გარკვევას, ალბათ, სასამართლო შეეცდება.

ეთიკურია თუ არა ინფორმაციის მიღების მიზნით, რესპონდენტს ჩვენი მისვლის მიზანი და პროფესია დავუმალოთ? ელისონ მაკკენზის თქმით, ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება. ისეთში, როდესაც საქმე ბევრის კეთილდღეობას ეხება, ან ამბის გამოაშკარავება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. საკუტარი ქვეყნის მაგალითზე  ჩემმა ჯგუფელებმა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები მოიყვანეს.  გაგონილის შემდეგ, მე,  კითხვის დასმის მიზეზზე საუბარი მომერიდა.

ზოგადად, ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალისტური მასალის მომზადება გაცილებით საპასუხისმგებლოა. საზოგადოებრივის გარდა, უნდა გაითვალისწინო მთავარი გმირის ინტერესები, ფრთხილად უნდა შეარჩიო კუთხე, კადრები, ტექსტი, თან ისე, რომ მთავარი ხაზი არ დაკარგო. ხოლო, როცა 18 წლის დაუმარხავ მიცვალებულსა და მის ჭირისუფალზე წერ,  ალბათ, No coment-ის ნაცვლად, მასალის ჩაღრმავებაზე უნდა იფიქრო.

მედიასაშუალება, რომელმაც ეს მასალა გაავრცელა, დიდი ხანია, კომერციული მიმართულებით მუშაობს და თავისი მყარი არგუმენტებიც აქვს. თუმცა, ბევრი თანხმდება, რომ ეს უკვე მარაზმში გადადის. მასალები სხვადასხვა საიტებიდან მოაქვთ და თავისას იშვიათად ამზადებენ.  ერთ-ერთი ბოლო ეს სკანდალური ვიდეოსიუჟეტი იყო, რომელიც საიტის ფორმატში თავისუფლად მოთავსდა.

დავაში, ერთის მხრივ, შესაძლოა, ჟურნალისტი მართალია და უარყოფითი გამოხმაურების გამო, მიცვალებულის დედა თავდაცვას ამ ფორმით ცდილობს, მეორეს მხრივ, ვიდეოში მეგრულად საუბარი იმის ეჭვს აჩენს, რომ რესპონდენტმა მართლა არაფერი იცოდა სტუმრის სტატუსისა და ვინაობის შესახებ.

რამდენიმე წელია, რაც მსოფლიო ჟურნალისტიკაში ახალი მეთოდების დანერგვას ცდილობს. ცვლილებებს ფეხს საქართველოც უწყობს, ოღონდ განსხვავებულად. აქ ყალიბდება ჟურნალისტიკა, რომელიც ყვითელ თემებსა და დაუბალანსებელ მასალებზეა დაფუძნებული. მასალებზე, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მზადდება,  რომ საიტზე ბევრი ადამიანი შემოიყვანოს და ისტორიის ვრცლად გასაცნობად, ჟურნალის მორიგი ნომერი ბევრმა იყიდოს.

იმ შემთხვევაში,  თუ რესპონდენტის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა, აღმოჩნდება, რომ ჟურნალისტმა სხვისი პირადი ცხოვრება მისი ნებართვის გარეშე გაასაჯაროვა. ისიც, რომ მასალა მხოლოდ მასალისთვის გაუშვეს და არავის მოსვლია აზრად, დაინტერესებულიყო, არის თუ არა მიცვალებულის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი ქმედება, რას ფიქრობენ სასულიერო პირები, როგორ აღიქვამენ ფაქტს გარშემომყოფნი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ზედმეტი თავის ტკივილია?!. მიცვალებულის კადრები კი, გოგა ხაჩიძის ფეისბუქის სტატუსებისა და ბიკინიანი ქეთა თოფურიას გარეშეც ხსნის რეკორდებს რეიტინგებში.

უფრო სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნული კომპანია, დღესდღეობით, ქართულ მედიაბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. პრაქტიკულად, ის საკმაოდ ბევრ მედიასაშუალებას სთავაზობს ქცევის წესებს და მისი შემყურე მომავალი ჟურნალისტების დიდი ნაწილიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მორალი და ეთიკა ისაა, სიუჟეტისა თუ სტატიის ბოლოს საკუთარ ბრძნულ აზრებს რომ დააფრქვევ, ლგბტ პირებს და ათეისტებს რომ მიალანძღავ და ქართველობის სადარაჯოზე დადგები.

P.S. თავიდან,  ჩემი ჯგუფელებისა და IPI-ს დირექტორისთვის, ამ შემთხვევის  მოყოლას ვაპირებდი. მერე გადავიფიქრე. შემრცხვა. შემრცხვა როგორც იმ უცნაური ტრადიციების შესახებ მოყოლა,  რომელის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვაქვს, ასევე ჟურნალიტის (შესაძლო) საქციელის გამოც, იმ ჟურნალისტიკას რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენთან ბოლო ტრენდად ყალიბდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test