შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

"ბატონო ბიძინა, რომელ წელს დავსვათ კითხვა?"

02.10.2013 11:03

როდესაც სკოლაში ბავშვი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, ხშირად ოჯახური სასამართლოები ეწყობა. ოჯახურ სასამართლოს განსასჯელთან ერთად,  ოჯახის ყველა წევრი ესწრება. დამნაშავეს უწევს კრიტიკის, საყვედურის ატანა, აქვს თავის მართლების საშუალებაც, თუმცა მისი არგუმენტები ხშირად, მხედველობაში არ მიიღება. იმიტომ, რომ დამნაშავეა.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციები (ცალკე ცენტრალური მედიის ხელმძღვანელებთან, ცალკე ჟურნალისტებთან, ცალკე რადიოსთან, ცალკე პრესასთან, ცალკე რეგიონულებთან და, აწი უკვე, ექსპერტებთანაც), ხშირად ჰგავს ოჯახურ სასამართლოს, თუმცა დღევანდელმა შეხვედრამ, ალბათ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

პრემიერმა, გვითხრა:

 - მარტო თქვენ კი არა, მეც მაქვს კითხვის დასმის უფლებაო,

- ვერც ერთმა ვერ გაიგეთ, წასვლაზე განცხადება რომ გავაკეთე, რას ვგულისხმობდიო,

- ერთ წელიწადში საოცრებები მოვახდინეთ და თქვენ მაინც მაკრიტიკებთო,

- დილეტანტები და საკითხის უცოდინრები ხართო,

- მინისტრებს რომ აკრიტიკებთ, ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და ზოგმა შეიძლება ვერ გაუძლოს იმ წნეხს, რაც თქვენგან მოდისო. მინისტრებს თქვენგან წახალისება სჭირდებათო,

- თქვენი აღწერილი სიტუაცია წინა ხელისუფლებისაგან არ განსხვავდება და ისეთია, ახალი რევოლუცია მოხდებოდაო, - ჟურნალისტობა კრიტიკოსობა არ არისო,

- პოზიციები უნდა დააფიქსიროთო, დვანზე რომ მეკითხებით, იქ ჩადით და იმათ მოჰკითხეთ პასუხი, ვინც ეს პროცესები დაიწყოო, წინა ხელისუფლების ჩადენილ საქმეებზე ჩვენ პასუხს ნუ გვთხოვთო, თქვენს გამონათქვამებზე იფიქრეთო,

- რაც იცით, იმაზე დასვით კითხვა, რაც არა - გაჩუმდითო,

- ჟურნალისტობა იმასაც ნიშნავს, ხვდებოდეს, რომელ წელს უნდა დასვას კითხვაო,

- თქვენთვის არაფრის სწავლებას არ ვაპირებ, სრულიად დამოუკიდებლები ხართო, ხალხს ნუ აშინებთ ტელევიზიით თქვენი გამონათქვამებით და სიუჟეტებითო,

- "ტაბულას" კიდევ, ყოველთვის აქვს ჩემთან კითხვის დასმის საშუალებაო,

დღევანდელი პრესკონფერენციის ყურებისას მეგონა, კლასში ვიჯექი, საკონტროლოს შედეგებით აღშფოთებული მასწავლებელი კი მოსწავლეებს თავზე ახურავდა და მეტი არგუმენტისათვის, მათი ნაუმშევრებიდან მოჰყავდა ციტატები. შეპასუხების შემთხვევაში კი ისე ბრაზობდა, როგორც სხვა, პირადი პრობლემებით შეწუხებული ადამიანი აფრქვევს ბოღმას თავისზე სუსტებზე.

არადა, პრემიერი არგუმენტებს და საკითხის ღრმა ცოდნას მოითხოვს ჟურანლისტებისაგან მაშინ, როდესაც თავად ძალიან ზედაპირულია. კირიტიკის საგნისადმი მისი ცოდნა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე, არ გასცდენია იმ ციტატებს, რომლებიც პრესსამსახურის თანამშრომლებმა, საგანგებოდ, ამ დღისათვის შეურჩიეს (რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ვახო სანაიას კრიტიკისას, როცა ბოდიშის მოხდის მცდელობაც ჰქონდა).

პრემიერი იმასაც გვეუბნება, თქვენ ახლა ისეთი დამოუკიდებლები ხართ, როგორც არასდროსო, თუმცა, პარალელურად, მისთვის დამახასიათებელი "მიჯირყვნით" განაგრძობს ირიბ ზეწოლას (რა თქმა უნდა, შორს ვარ აზრისგან, რომ ამას გამიზნულად აკეთებს), შეგიძლიათ, დასვათ ყველა კითხვა, რაც გინდათო, ამასთან მიგვითითებს, რომ რაც ვიცით, მხოლოდ იმაზე უნდა ვკითხოთ და რაც არ ვიცით - გავჩუმდეთ. ყველაფერს გიპასუხებთო, გვპირდება, კრიტიკულ კითხვებზე კი ბრაზდება და პასუხის ნაცვლად, თითოეულ სიტყვაზე ეკიდება ჟურნალისტებს. ამ დროისათვის ყველაზე აქტუალურ და მწვავე კითხვაზე კი, დვანსა და დიცში ჩასვლა კი არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ გაჭირვებულები საქართველოს ყველა კუთხეში არიან და ყველას ოჯახში ხომ ვერ მივალ, მთავრობა უპატრონოდ დამრჩებაო, ამას რომ მთხოვთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენი საქმე მაქვსო, ვერ აფასებთ იმ საქმეებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთო, ჩემი ჩასვლა დვანში არაფერს შეცვლიდა პრინციპულადო, მე ათასად ვერ გავიჭრებიო, მოგვახსენა. მოგვიანებით კი დაამატა, "უკაცრავად ვარ იმ ხალხთანო".

 ეგ კი არა, პრემიერს პრეტენზია პოლიტიკურ რეკლამებზეც ჰქონდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატები სხვადასხვა პარტიებიდან, რგოლებში "ქართული ოცნების" შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ - გადამოწმების გარეშე რატომ უშვებთ ეთერშიო...

ივანიშვილის პრესკონფერენციები ისეთივე სანახაობაა, როგორც სააკაშვილის მონოლოგები. ხალხი ორივეზე ხალისობს, თუმცა, შეურაცხმყოფელია, ამ უკანასკნელის მიერ არჩეული, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმა. კი, ჟურნალისტები ბევრს ვაშავებთ, გვაქვს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ვსვამთ არაადეკვატურ კითხვებსაც, თუმცა, მე მგონი, ურთიერთობის გარკვეული ნორმები ყველასთვის ერთიანად მუშაობს. პრემიერობა და შვიდი მილიარდი კი,  კრიტიკოსებისათვის თავზე გადავლის საშვს არ ნიშნავს.

შემდეგი პრესკონფერენციები რადიოჟურნალისტებთან, რეგიონებთან და პრესასთან იგეგმება. ალბათ, უკვე ყველა იმაზე ნერვიულობს, როგორ შეარჩიოს მიმდინარე წლისათვის აქტუალური კითხვა, შემთხვევით მომავალ წელში რომ არ გადაიჭრეს და პრემიერის რისხვა არ დაიმსახუროს.

ჰოდა, გაგრძელება იქნება...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test