შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

უცნობი ამომრჩევლის დღიურიდან

08.10.2013 11:07
 (photo: )

"დღეს დიდი დღეა. საქართველო კიდევ ერთ ტესტს აბარებს. ამჯერადაც დემოკრატიაში.

საძინებლის ფანჯრიდან ნინო ბურჯანაძე მიყურებს. სამზარეულოს ფანჯარაშიც ნინოა ბურჯანაძე. მეორე საძინებლის ფანჯარაშიც, აივნის კარშიც, აბაზანის "ფორთოჩკაშიც", მაცივარშიც, ტლევიზორშიც და უთოშიც.

"ოცნება არ მუშაობს"  - განწირული ხმით კივის ტელევიზორი. "ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ ხალხი და მთავრობა ერთადაა," "ოცნება არ მუშაობს,"  "ჩემთვის მთავარი ღირებულება ოჯახია" "ოცნება არ მუშაობს,"  "ჩვენ ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა..." "ჰერიო ბიჭებოო, ჰერიოო..."

ჩაფიქრებული გამოვდივარ სახლიდან (ნინო ბურჯანაძის მკაცრი სახე მიმაცილებს საარჩევნო უბნისკენ).  ნეტა რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი მოდის საქართველოში 1 მ2 - ზე? რატომ არ არსებობს ასეთი ინდექსი? უსათუოდ პირველ ადგილზე გავიდოდით მსოფლიოში და ...

"ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჩვენ მოვახერხეთ და გავხდით ნომერ პირველი ქვეყანა 1 მ2 - ზე საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობით, რაც უსათუოდ სწორად წარმართული დემოკრატიული პროცესების შედეგია,"- ჩამესმის თითქმის უკვე ექსპრეზიდენტის ხმა.

"ის რაც გასული 9 წლის მანძილზე ვერ მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩვენ 1 წელიწადში შევძელით - 1 მ2 - ზე იმდენი საპრეზიდენტო კანდიდატი მოდის უკვე ქვეყანაში, რომ ბევრ წარმატებულ სახელმწიფოსაც არ დაესიზმრება ევროპაში", - თითქმის უკვე ექსპრემიერიც აკეთებს კომენტარს.

ნეტა საარჩევნო ბიულეტენი ორ ტომად იქნება თუ ყველა ერთად ჩაატიეს?! ანდა, რა მნიშვნელობა აქვს. ასეთი უღიმღამო წინასაარჩევნო პერიოდის მნახველი არა ვარ. კი, ყველამ იცის ვინც გაიმარჯვებს, მაგრამ არც ქვების სროლა, არც გაუპატიურების კადრები, არც სატელეფონო ჩანაწერები, არც ნაცემი მხარდამჭერები, არც წინასაარჩევნო, მოკლემეტრაჟიანი ვადით გახსნილი ტელევიზიები, აღარც ალისტრახო...  რა არჩევნები ესაა?!

ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ვის მივცე ხმა. ნატოსა და ევროკავშირში ყველა შეგვიყვანს (შალვას გარდა), პენსიებს და სოციალურ დახმარებებს ყველა გაზრდის, ტერიტორიულ მთლიანობას ყველა აღადგენს, უმუშევრობას ყველა დაამარცხებს, ანაბრებსაც დააბრუნებენ, ემიგრანტებსაც და კაი ცხოვრებასაც. და რაც მთავარია, რითიც ეს არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან განხვავდება - სამართლიანობას ყველა აღადგენს. თუმცა ნინო ბურჯანაძე ყველაზე უფრო კარგად, ყველგან და ყველასთვის აღადგენს სამართლიანობას.

უკვე საარჩევნო ყუთთან ვდგავარ. ხელში "შპალერის რულონივით" გრძელი ბიულეტენი მიჭირავს და მახსენდება:

"ბეზპიწიმინუტ" ბიძინას ხათრით გაპრეზიდენტებული გიორგი მარგველაშვილი, მიკროავტობუსებით მოსეირნე პედაგოგებთან ერთად, ბიძინასთან ერთად, ბიძინას გვერდით, ბიძინას უკან, ბიძინას მხარდამხარ, ბიძინას წინ, ბიძინასთან ახლოს, ბიძინასგან ოდნავ მოშორებით;

დაღლილი დათო ბაქრაძე, რომელსაც ნუგზარ წიკლაური და მარიამ საჯაია აუცილებლად მისცემენ ხმას;

თემურ მჟავია - ფონზე ნოდარ ნათაძე; ფონად - გოგი დოლიძე;

კობა დავითაშვილი, რომელიც ამომრჩეველთა ინტერესებს თანამდებობაზე არც ამჯერად გაყიდის და აუცილებლად გადავა ოპოზიციაში;

ტრადიციებით ევროპისაკენ მიმავალი გიორგი თარგამაძე. ხმალამოღებული რომ ებრძვის ერთსქესიანთა ქორწინებას ქვეყანაში, სადაც ყოველი მეათე ადამიანი შიმშილის პირასაა, ყოველ მესამე ოჯახში ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, უმუშევართა რაოდენობა მალე მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს, განათლების ზოგადი დონით მხოლოდ ზიმბაბვეს და ერიტრიას უსწრებს. მოკლედ, გადასარევი დროა კუდიანებზე სანადიროდ. ანდა, რა გინდა რომ ქნა, როცა წინა არჩევნებში 2%-ს იღებ პარტია, იქნებ ფობიებით მაინც მოახერხო დაკარგული ელექტორატის გულის მობრუნება.

პლასტელინით (რომელიც მარგველაშვილის მეტაფორაა) მომავალი სერგო ჯავახიძე. სერგო ჯავახიძეს ვიდეოებს საერთოდ რა დამავიწყებს. ჯერ იყო და მეგონა "Walking Dead”-ის ახალი სეზონის ტრეილერს ვუყურებდი, აპოკალიფტური მუსიკითა და სივრცეში მარტო მიმავალი ზომბებზე მონადირით.

მერე კი... მერე კი პირდაპირ მის ოჯახში ამოვყავი თავი. 


4 000 438 სხვა წევრთან ერთად. არტისტიზმი - 0; კრეატივი -0; წრაფად კითხვა -10;


მოკლედ, გადასარევი წინასაარჩევნო რგოლებია. მაგრამ ჩემი ხმა მაინც სხვას ეკუთვნის. იმას, ვინც მოდის "იდეით, ბიზნესგეგმით, ნოუ ჰაუთი, ფულით და საკვანძო კადრებით".

"ის, რომ ჩვენ დღეს გაგვიჭირდა ადაპტაცია კაპიტალიზმთან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან კაპიტალიზმი არ დადგა და მე უნდა ვიყო პირველი პრეცედენტი კაპიტალიზმის დადგომის", - მახსენდება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ისტორიული გამოსვლა. როგორ გინდა, რომ თავი შეიკავო ამის შემდეგ. კმაყოფილი ვხაზავ 7-იანს.

 
ჩემი ხმა ნინოს ეკუთვნის. ოღონდ არა იმ ნინოს, ყველგან რომ იყო და ახლა უკვე ბუკვალურად ყველგან რომ არის. სხვა ნინოს. ჭანიშვილს. (მართლა არსებობს ასეთი კანდიდატი.)
 
ბლოგი პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.mportal.ge ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.

Source:http://www.mportali.com/news/l/geo/nid/43#.UlMKd9Li1e
© mportali.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test