შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

მიჭირხვნით, თუ მიჭირხვნის გარეშე

21.10.2013 17:23

თამარ კარელიძე

ჰამბურგში, რომელიც გერმანიის ოთხ უდიდეს მედიაქალაქს შორის ერთ-ერთია, ქალაქის თავი იმაზე წუხს, რომ ინტერნეტის ეპოქაში შპიგელის, შტერნის, ჰამბურგერ აბენდბლატისა, თუ ველტის ბეჭდური ვერსიების გაყიდვები შემცირდა. ისიც გვითხრა, მთავრობა ყველა ღონეს ცდილობს, მოძებნოს ოპტიმალური გზა და პრინტის ონლაინ სივრცეში ინტეგრირებას შევუწყოთ ხელი, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდესო.

კითხვაზე, ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში, ან გამოთქვამს თუ არა შენიშვნებს, ცოტა გაეცინა და გვითხრა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მედია სრულიად თავისუფალიაო.

ბუნებრივია, ხელისუფალისგან ამის დაჯერება ცოტა რთულია, მაგრამ მოგვიანებით, შპიგელ პრინტის ერთმა რედაქტორმა, ანგელა მერკელზე მომზადებულ მწვავე სტატიასთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, როცა კანცლერინის ადმინისტრაციიდან პრეტენზიებით დარეკეს. შპიგელიდან უპასუხეს, რომ რედაქციამ სტატიის გამოქვეყნება ასე გადაწყვიტა. "OK"-ო, უთქვამთ მერკელის ადმინისტრაციიდან. ეს იყო და ეს.

მიუხედავად იმისა, რომ ის გერმანიაა და ეს საქართველო, დღემდე დარწმუნებული ვარ, ტრადიციული მედიის ინტერნეტში ინტეგრირების გარდა, გერმანულ მედიას სხვა პრობლემებიც აქვს, რომელსაც ჩვენნაირ სტუდენტებს არც მოუყვებოდნენ. სხვადასხვა გაზეთების რედაქტორები კი გვიმეორებდნენ, რომ  იქ მედიას მართლა აქვს მაკონტროლებელი ფუნქცია.

გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში ხელისუფლებასა და მედიას შორის ურთიერთობაც შეიცვალა. თუ ადრე ჟურნალისტებს გამუდმებით აქებდნენ, მადლობებს უხდიდნენ თავდადებისა და მიუკერძოებელი სიუჟეტებისათვის (რომელთაგან ზოგიერთი ნახევარსაათიანიც იყო და კონკრეტული პირის ქება-დიდებას ეძღვნებოდა), ახლა კრიტიკისა და მიჭირხვნის მეტს, უმაღლესი ხელისუფალისგან ვერაფერს მოისმენს კაცი.

ე.წ. ორხელისუფლებიანობა მედიაზე უცნაურად მოქმედებს. ცოტა არ იყოს, დამაბნეველია, ერთი რომ გეჩხუბება, მეორე კი თავზე ხელს გისვამს. მაგალთად, მაშინ, როცა პრემიერს სხვადასხვა გადაცემიდან ციტატები ფურცელზე საგულდაგულოდ აქვს ამოწერილი და ჟურნალისტების ნაწილს საჯაროდ კიცხავს, პრეზიდენტი მეორე ნაწილს სამოქალაქო თავდადებისათვის აჯილდოვებს. მათ შორის, ბრწყინვალების ორდენი მათე კირვალიძესაც ერგო, როგორც „იმედის გმირების“ იდეის ერთ-ერთ ავტორს. თუმცა, ეგეც რომ არა, „ქრონიკისა“ და იმ სიუჟეტებისათვის, რომელიც „იმედზე“ მისი პროდუსერობის დროს გადიოდა, პრეზიდენტისაგან ბრწყინვალების ორდენს ნამდვილად იმსახურებდა.

პარლელურად, პრემიერი ჟურნალისტებისგან გამუდმებით ითხოვს იყვნენ კრიტიკულები და დაუცხრონ ამბიცია, რომ ერთ წელიწადში გასაკეთებელი გააკეთა, დასვან არგუმენტირებული კითხვები. ამავდროულად, კრიტიკაზე მძაფრად რეაგირებს და, არც მისი პასუხები გამოირჩევა მყარი არგუმენტებით (მაგალითად, კითხვაზე, რატომ შეარჩია გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, გარდა იმისა, რომ მარგველაშვილი კარგი პიროვნებაა და ყველა თვისება აქვს პრეზიდენტობისათვის, მეტს ვერაფერს მოისმენ). 

პრემიერს კრიტიკული მედია კი უნდა, მაგრამ თან კრიტიკაზე მძაფრად რეაგირებს. სამაგიეროდ, პრეზიდენტი ჟურნალისტებს განსაკუთრებულ მადლობებს უხდიდა არსებობისთვის და ქება-დიდებას არ იშურებდა მაშინ, როდესაც 2007 წელს „იმედი“ დაარბიეს, მაშინაც, როცა 26 მაისს (პრესკარტების ფრიალის მიუხედავად) ჟურნალისტებიც გვარიანად მიჟეჟეს, მაშინაც, როცა ერთი ხელის მოსმით, ყველგან დაიხურა ტოქ-შოუები, რადგან ამის საჭიროება აყვავებულ ქვეყანაში არ არსებობდა და, რა თქმა უნდა, მაშინაც, როცა მისი მმართველობის დროს გახსნილ ისეთ რეგიონულ ტელევიზიებზე საუბრობდა, როგორებიცაა ბათუმის 25-ე არხი (დაარსდა1993წ) თუ ოდიში (დაარსდა 1989 წელს).

საყოველთაო მიჭირხვნის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენების დარიგება, ბავშვთან მიმართებით, რძალ-დედამთილის ურთიერთობას ჰგავს. მაშინ, როცა ერთი უჯავრდება, მეორე რომ თავზე უსვამს ხელს და, ამასობაში, როგორც მავანნი ამბობენ, ბავშვი ფუჭდება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test