შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„სისხლიანი კალო“ და „ნომრიანი გიჟი“ - ანუ ქართული პრესის მიმოხილვის მცდელობა

28.10.2013 23:48

დილით, სახლიდან გამოსვლისას, პრესის სტენდთან გაზეთებს იშვიათად ვაკვირდები. როგორც ყველა, მეც ვამჯობინებ, კომპიუტერთან დავჯდე და ახალი ამბების სააგენტოები გავხსნა, თუმცა როდესაც ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, როგორიც პრეზიდენტის არჩევნებია, მაშინ ყველა მედიასაშუალება ერთნაირად გაინტერესებს.

ორშაბათი ის დღეა, როცა ჟურნალ-გაზეთების დიდი ნაწილი გამოდის. ხოლო როდესაც გაზეთის გამოსვლა პრეზიდენტის არჩევნებს ემთხვევა, უფრო სანტერესო ხდება.

დღეს, სახლიდან გამოსულმა, ჩვეულებისამებრ გულგრილად პრესის სტენდს იმიტომ ვერ ჩავუარე, რომ  „ასავალ-დასავალის“ პირველი გვერდი შემომეფეთა. „წაშავდა! წაეთრა! წაბნელდა!“ - თეთრით შავზე გამოტანილმა ამ სათაურმა, ცოტა არ იყოს, შემაშინა, პირველი ელდის გადავლის შემდეგ, ავტორის ემოციურ მდგომარეობაზე შევწუხდი. აქვე უნდა გამოვტყდეთ, რომ „ასავალ-დასავალი“, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის საყვარელი გაზეთია, ჟურნალისტიკისგან ცოტა მოშორებით დგას.

„საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა, სააკაშვილი წაეთრა, წაშავდა, წაბნელდა. სააკაშვილის წასვლას წასვლა არ ჰქვია, ეს არის წაშავება!“, - იწყება სტატია, რომელიც საკმაოდ ემოციურ ფონზეა დაწერილი. ცოტა ქვემოთ კი ავტორი მადლიერებას გამოხატავს ეგზიტპოლებისადმი, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს 66,7% მიანიჭა და „რუსთავი 2“-ს არ მისცა საშუალება, სატანური ექვსიანი დაესვა პრეზიდენტის სავარძელში ჩასაჯდომად გამზადებული კაცისათვის.

ცოტა გამიკვირდა, სტატიაში რატომ არ იყო მოხსენებული  მარგველაშვილის პარტნიორი ქალი, რომლის სტატუსმაც ე.წ. ჭიქაში ქარიშხალი გამოიწვია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტორს ეს მნიშვნელოვანი შენიშვნა, აღელვებისა და სისწრაფის ნიადაგზე გამორჩა, რაც უდავოდ, მისატევებელია.

„ასავალ-დასავალს“ სიძულვილის ენასა და კრეატიულ გამონათქვამებში ტოლი არც „კვირის ქრონიკამ“ დაუდო. მართალია, „წაშავდა, წაბნელდა და წაქვესკნელდა“ არ გამოუტანია, თუმცა „გვამებზე მორბენალი ნომრიანი გიჟის ეპოქა დასრულდა, მშვიდობით, მიშა!“ კი ჰქონდა პირველ გვერდზე.

„ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება და მიშა რეზიდენციიდან მოცოცხავს“, „ორღობის გიჟს დაემსგავსე, მიშა,“ „წადი ახლა, დაასტუკე პოლიტიკურ სანაგვეზე, ჩემო მიშა“, „გვამებზე მორბენალი ნომრიანი გიჟის ეპოქა დასრულდა. მშვიდობით, მიშა. სიძულვილის ენის მთესველმა პასუხად მიიღო - სიქიმ მიშა“, - იწყებს სტატიას ავტორი ისე, თითქოს თავიდან ბოლომდე, თვითონ არ აფრქვევდეს სიძულვილის ენას.

„ასავალ-დასავალსა“ და „ქრონიკას“ არც „კვირის პალიტრა“ ჩამორჩა. „9-წლიანი სისხლიანი კალოს დასასრული?!“ მართალია, სათაური სტატიის ავტორს არ ეკუთვნის და მთლიანად ინტერვიუზეა აგებული, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შეღავათია მკითხველისათვის, რომელიც კლასიკურობაზე პრეტენზიის მქონე გაზეთს კითხულობს.

რაც შეეხება „რეზონანსის“ პირველ გვერდს, თითქოს, გაზეთის თანამშრომლები, მშვიდად ჩატარებული არჩევნების გამო, სინანულს გამოთქვამენო, ისე წერენ მხოლოდ ერთ ტურზე, მეოთხე პრეზიდენტსა და უმაგალითოდ მშვიდ არჩევნებზე. საქმის კურსში რომ არ იყო, „პრაიმ-თაიმიდანაც“ გაგიჭირდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციის გაგება - აქ მხოლოდ მორიგი პრემიერის ვინაობა აინტერესებთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტიკისაგან შორს მდგომ პასკვილებზე არაფერი ვთქვათ, სტატიებიდან ისეთი სიძულვილის ენა ჩქეფს, სხვა გარემოში ალბათ, მათი ავტორები ჟურანლისტებად ვერ იმუშავებდნენ (თუმცა აქ „ასავალ-დასავალიცა“ და „ქრონიკაც“ ყველაზე სწრაფად იყიდება.).

ჰოდა, დილით, ამ გაზეთების თვალიერებისას უცებ წარმოვიდგინე, როგორ მიმოიხილავდა „ევრონიუსი“ ქართულ პრესას და ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, ჯერ რომ მაგ დონეზე ვერ ვქაჩავთ.

P.S. კიდევ მინდოდა რაიმე კომენტარი გამეკეთებინა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტი კომენტარზე ბევრს ამბობს და ვეცადე, ორიგინალი არ გამეფუჭებინა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test