შემოგვიერთდი

რამაზ სამხარაძე

გადავდოთ პოლიტიკა, მეგობრობა და პირადი გრძნობები

07.11.2013 11:07

დღეს სასამართლოში რადიო „ჰერეთის“ საქმის განხილვა იწყება. სიმბოლურია, რომ ეს 7 ნოემბერს ხდება. 6 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაარბიეს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი, დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი „ტელეიმედი“, სცემეს ბევრ ჟურნალისტს, ეს ყველაფერი შერჩათ... მათ შორის მასაც,  ვინც ახლა „სამართლიანობა ყველასთვის“ ქადაგებს.

მაგრამ ძალადობა მხოლოდ 7 ნოემბრით არ შემოფარგლულა,  საფრთხე „ჰერეთსაც“ დაემუქრა. თუ არ შევწყვეტდით ეთერში ოპოზიციური აზრის გავრცელებას, დაგვარბევდნენ ისე, როგორც დაარბიეს ტელეიმედი.  

ყოველივე რეალური იყო. მუქარიდან გამომდინარე, კარგად ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე. ან დავრჩებოდით ეთერში, ან ისეთები გავხებოდით,  ვინც დამოუკიდებელ ახალ ამბებს ფული ანაცვალა.

მიყვარს რისკი, ამიტომაც  ფარული ჩანაწერი გავავრცელეთ... რომ არა მაშინდელი სახალხო დამცველის ძალისხმევა, დღეს „ჰერეთი“ ეთერში არ იქნებოდა. 2007 წლიდან ეს „ორგზის საქმე“ დღემდე პროკურატურაშია.

შესაძლოა, ზოგიერთისთვის „სადღაც პროვინციაში“ ჩვენი რადიო  არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის,  ჩვენი საერთო ოჯახისთვის -  მთელი ცხოვრებაა, მთელი 15 წელი.

პოლიტიკური გარემო ლაკმუსის ქაღალდივით აისახება ხოლმე, ამ მართლაც დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე, რომელიც არასოდეს დაფინანსებულა არც ერთი მთავრობის თუ ოპოზიციური ძალის მიერ, ამიტომაა, რომ მაშინაც და ახლაც მწირე სარეკლამო შემოსავლების ფონზე გვიწევს არსებობა.

2008 წელს, ომამდე, „ჰერეთის“ შემოსავლები პიკს აღწევდა, თამამად შეგვეძლო იმ ბიუჯეტებით რადიოს ხარჯი დაგვეფარვა და თანამშრომელს სოლიდური გასამრჯელოც მიეღო. ძალიან ძნელია მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და ენთუზიაზმი.

კარგია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები მაინც გიცხადებენ მხარდაჭერას და აფინანსებენ იმ პროექტებს, რომლებიც „ჰერეთს“ ჰქონდა წარდგენილი სხვადასხვა დროს.  სულ ტყუილად ფიქრობთ, თუ ეს თანხები საკმარისია,  მაგალითად,  კვალიფიციური ჟურნალისტური გამოძიებების ჩასატარებლად, მაგრამ მაინც წავსულვართ დიდ რისკზე, რეგიონში, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობია.  კარგად მახსოვს,  ერთხელ, ადრე, არჩევნების დღეს, ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი როგორ ჩაკეტა საკუთარმა ძმამ ოთახში და არ გამოუშვა სამსახურში... მოგვიანებით მან პროფესია შეიცვალა.

მოკლედ, კახეთის ბაზარი საკმაოდ ნაცნობი და ამავდროულად მწირშემოსავლიანია, სადაც წარმოუდგენელია, თუ რამე ფინანსური დანამატი არ მიიღე,  კარგი, მდგრადი მედიასაშუალების გაკეთება.

რეგიონებში ერთნი თუ „მწვავე კრიტიკით“ და „სენსაციური აღმოჩენებით“ გამოირჩევიან, მეორენი „ფურფუშელა მასალებს“, მესამენი კი  მწირ ინფორმაციას ჯერდებიან. ამიტომაც, რაღაცნაირად „გაგებით“ ვეკიდები, როცა ადგილობრივ მედია ორგანიზაციებს დოტაციურად აფინანსებს ხელისუფლება.

ხელისუფლებიდან-ხელისუფლებამდე მათ ჭირდებათ შენახვა. ვერც ფონდების და ვერც ქარტიიის ძალისხმევა იქნება ეფექტური მათ გადასარჩენად, ნათქვამია: შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო, და პირიქით. მათ უბრალოდ სურვილი არ აქვთ, გახდნენ  რეალურად დამოუკიდებლები.

ამ მწირი ბაზარის გადამკიდენი, რაც „ჰერეთისთვის“,  როგორც ჩანს,  კარმულია, დიდი ხანია თბილისის საეთერო სივრცისთვის ვიბრძვით, მუდმივი უსამართლობის ფონზე,  თუმცა... ისევ იმედგაცრუება, ისევ სასამართლო, ისევ ლოდინი...

მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არსებობს, რომ ჩვენ პროფესიულად და მაღალი სტანდარტებით ვმუშაობთ  - დამოუკიდებელ მედია ბიზნესს არ აძლევენ განვითარების საშუალებას.

ისევ პოლიტიკური, ისევ კლანური  თუ ახალი ჩინოვნიკების ინტერესი...

თითქოს,  ხელისუფლების სურვილი მკაფიოა, რომ მედია გათავისუფლდეს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავთ,  სად მიედინება რეკლამა და ადამიანური რესურსები.

არავინ დაიჯეროს, რომ სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებული არ არის, მართალია,  ის შესუსტდა,  მაგრამ  ახალ მოთამაშეებსაც დიდი მადა აქვთ - ძვირადღირებულ პროდუქციას და სტაფს შენახვა უნდა.

დიახ! სარეკლამო სივრცე კვლავ პოლიტიკურად ანგაჟირებულთა   ხელშია. ჰო,  მეტ-ნაკლებად მისი  მხარდამჭერებიც - სამოქალაქო სექტორი, რომელიც,  რბილად რომ ვთქვა,  სირაქლემას პოზიციაშია.

არადა,  ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დავდგეთ სიტუაციაზე მაღლა, გადავდოთ პოლიტიკა, ნაცნობ-მეგობრობა,   „პირადი გრძნობები“ და უფრო პროფესიონალები ვიყოთ.

სანამ ასეთი ქვედინებები იქნება, ვერასოდეს ამოვალთ იმ „ჭაობიდან“ სადაც არჩევნებამდე ვცხოვრობდით და რასაც ისევ სხვებს ვაბრალებდით.

 

რამაზ სამხარაძე

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test