შემოგვიერთდი

რატომ ბატონი ტყემალაძე?

14.11.2013 22:53

რაც მე ჟურნალისტიკაში ვარ, ვინ არ მყოლია რესპოდენტად. პრეზიდენტები ჩამიწერია, მინისტრებიც, სამხედროებიც, მუშა, მეეზოვე თუ რიგითი პოლიციელი. ჭკვიანური ბევრს უთქვამს და ათასი სისულელეც მომისმენია.  რესპოდენტები ცვალებადი გალერეაა ჟურნალისტისთვის, რომელსაც მეხსიერებაში ინახავ და ვისზეც ყოველდღე ფიქრობ.  ზოგჯერ არ იცი, წინასწარ შერჩეულ თემას რა ბედი ეწევა მომდევნო დღეს,  ბევრი რამ დამოკიდებულია მიზანში ამოღებულ რესპოდენტზე: მის  მოცლილობა-მოუცლელობაზე,  გუნება-განწყობაზე,   ზოგადად,  ხასიათზე   და რაც მთავარია,  კომპეტენტურ პასუხზე.  

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩემს რესპონდენტთა გალერეას რამდენიმე ხნის წინ, მგონი ოქტომბრის დასაწყისში,  და ისიც ცოტა ხნით, კიდევ ერთი შეემატა -თამაზ ტყემალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ჩვენმა მკითხველმა კი იცის, საზოგადოებრივი მაუწყებლის  ამბები: ხმაური, დაპირისპირება, ვიღაცის გადაყენება თუ თვითგადაყენება. ჰოდა,  ერთ ამგვარ საკითხზე ბატონ ტყემალაძეს დავურეკე, მანამდე არ ვიცნობდი.  ისეთი კომენტარი მომცა, ვიფიქრე, თემა არ იცის, ან ცუდად იცის-მეთქი. სხვა დროსაც ვცადე,  შედეგი-იგივე. ერთი სიტყვით, ვერ ვივარგე, ან ვერ ვივარგეთ ორივემ. სამაგიეროდ, სხვები ყოჩაღობენ, მაგალითად,  ნეტგაზეთი, რომელმაც   დღეს განსაკუთრებით იყოჩაღა. მისთვის უთქვამს ბატონ ტყელამალძეს -  მეგობარ ლანჩხუთში მეგობარს  მეგობრულად  მივწერე, საავტორო გადაცემა მაქვს -  „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“- დაეხმარე ჩემს ხალხს  და ლანჩხუთის შესახებ სიუჟეტს მოვამზადებო. აბა რა ვქნაო, დეფიციტში გარღვევა გვაქვსო. ისე, რასაც მე დავაკვირდი, ისაა, რომ  ბატონი ტყემალაძე  თავისი  განცხადებებით, ამ წერილზე აღარას ვამბობ,  ხანდახან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს გვერდით ჩაუქროლებს ხოლმე. ისე, კაცია და გუნება. რაზეც უნდა და ვისზეც უნდა, იმას იტყვის.

ქართველ ჟურნალისტებს   თანამდებობის პირთა მიმართ, ჩვენს რესპოდენტებზე ვამბობ,  მანიაკალური დამოკიდებულება  გვახასიათებს. უპასუხისმგებლოები, არცთუ იშვიათად, ჩინოვნიკთა პირად ცხოვრებაში ვიქექებით და მათ საცვლებს გარეთ ვფენთ,  უფრო პასუხიამგებლიანები პარტიულ-კლასობრივი კუთვნილების   ან სამეგობრო  წრის დადგენას ვჯერდებით. გვაინტერესებს, როგორ მოხვდა ესა თუ ის ადამიანი  მოხელეთა დიდ და პრივილეგირებულ  წრეში. მაგრამ, ზოგჯერ, არც ერთი გამოდის არც მეორე და არც მესამე- მხოლოდ ოფიციალური ბიოგრაფიით ვკმაყოფილდებით.

ასე დამემართა, ბატონ თამაზის შემთხვევაშიც.  არადა ძალიან მაინტერესებს: რატომ დაინიშნა ტყემალაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად? ვინ ჩააბარე მას  ეს უზარმაზარი საზოგადოებრივი მანქანა?

რატომ ბატონი თამაზი? რატომ  მაინცდამაინც ეს, როგორც ამბობენ,  კოლორიტული ფიგურა?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test