შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

შავლენტიანი აკრედიტაციები და ჟურნალისტები ინაუგურაციაზე

18.11.2013 16:52

აკრედიტაცია შავი ლენტით

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ პერიოდს, რიგითი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, მედია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს. აკრდიტაციები, პრესისათვის გამოყოფილი ადგილები, დღის გეგმა. ასეთ დროს მოსაგვარებელი ყოველთვის ბევრი რამეა. თან არაფერი უნდა გამოგრჩეს.

ინაუგურაციამდე, დაახლოებით, 10 დღით ადრე, მთავრობის საიტზე აკრედიტაციების მიღების პირობები დაიდო. ტექსტის მიხედვით, ღონისძიების გაშუქება მხოლოდ იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს შეეძლოთ, რომლებსაც მთავრობის კანცელარიის საშვი ჰქონდათ (ზოგადად, ასეთები ბევრნი არ არიან, რადგან შარშან, აკრედიტაციებზე, ლიმიტი დაწესდა). გადაგვაგზავნინეს ფოტოები, პირადობების მოწმობები, მოკლედ, ყველაფერი, როგორც საჭიროა. მოწმობის გამოსატანად მისულს კი დამხვდა  ჩვეულებრივი ბეჯი, წარწერით, „პრესა“, რომელიც ძალაში პირადობის მოწმობასთან ერთად იყო. რაში სჭირდებოდათ ამდენი ჟურნალისტის ფოტო, ეგ ვერ დავადგინე, თუმცა ვვარაუდობ, რომ აკრედიტაციაზე ფოტოების განთავსებაც უნდოდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს.

აკრედიტაციის მოწმობის კიდევ ერთი უცნაურობა ლენტი იყო. ორი დღე ვიმტვრიე თავი, რატომ უნდა ჰქონოდა შავი ლენტი ამ სადღესასწაულო ბეჯს? მესმის, რომ წითელი ახლა არააქტუალური, ზოგისთვის, გამაღიზიანებელი ფერიც კია, მაგრამ თუ ფერში იყო საქმე, მაინცდამაინც შავი რატომ შეირჩა?

რაც შეეხება თვითონ ინაუგურაციის პროცესს.. პრესისათვის ადგილი გამოყოფილი იყო სულ ბოლო სართულის აივანზე, საიდანაც, დურბინდის გარეშე, ქვემოთ მიმდინარე პროცესების დანახვა, მინიმუმ, გაგიჭირდებოდა. ქანდარაზე ჟურნალისტების ამოსხმას თუ გამართლებას მოვუძებნით, მოსახერხებელი, უფრო, მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიოს ჟურნალისტებისათვის იყო. ამასთან, გასაგებია, რომ პირდაპირ ეთერს ტელევიზიები ანძიდან იღებდნენ, მაგრამ იმ მედიასაშუალებებს რა უნდა ექნათ, ვისაც სიგნალის მიღების ტექნიკური საშუალება არ ჰქონდა?! ამაზე პასუხი არავის გაუცია. ჰოდა, დარჩნენ კიდეც კადრების ამარა.

რაც შეეხება ფოტოგრაფებს: გიორგი გოგუა წერდა, რომ ინაუგურაციის დაწყებამდე, რეპეტიციის დროს, ზოგ ფოტოგრაფს მისცეს გადაღების საშუალება, ზოგს - არა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მხოლოდ პირადი ფოტოგრაფები იღებდნენ, არადა, იქ სხვებიც ყოფილან. როცა გოგუამ გააპროტესტა და ეს აღნიშა, უპასუხეს, მხოლოდ უცხოელი ფოტოგრაფებისათვის შეიძლება დასწრებაო (საერთოდ, უცხოელის სახე ქართულ რეალობაში, ცალკე ფენომენია, სულ მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ ის უცხოელი უფრო ნიჭიერია, ან უფრო უკეთ გადაიღებს. მათ ყოველთვის პრივილეგიას აძლევენ. თუნდაც, (ახლა უკვე ყოფილი) პრემიერის პრესკონფერენციებიც რომ გავიხსენოთ). ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ყველაზე დიდი და პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს, Interpressnews-ის ფოტოგრაფი, რომელსაც ის შავლენტიანი აკრედიტაცია ჰქონდა, ცერემონიაზე არ შეუშვეს და განუმარტეს, შენთვის ადგილი არ დარჩაო.

ინაუგურაციის შემდეგ, დახურული ღონისძიება გაიმართა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის, ჟურნალისტებიც ყოფილან. გასაგებია, რომ წვეულებას მედიისთვის ხურავენ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, ცალკეულ ჟურნალისტებს რა სტაჟისა და დამსახურებისათვის ეპატიჟებიან? ბუნებრივია მე, როგორც ყოველთვის, შორს ვარ აზრისგან, რომ, შესაძლოა, ეს მიწვევა, ჩახუტება-ურთიერთგაგებასა და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდზე დგომის განმტკიცებას ითვალისწინებდეს.

სტაჟსა და დამსახურებაზე გამახსენდა ბარემ: ჩვენმა, აწ უკვე, ყოფილმა პრეზიდენტმა, თავისი უფლებამოსილების ბოლო დღეს, მაია ასათიანს, ნანუკა ჟორჟოლიანს, სოფო მოსიძეს, ინგა გრიგოლიას, ნინო შუბლაძესა და სხვებს, თამარ მეფისა და ღირსების ორდენები ჩამოურიგა.  განმარტების მიხედვით, სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღე იმ ადამიანებს დაუთმო, რომლებმაც „საკუთარი პროფესიული საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.  მათ ნაწილს ამის შესახებ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, ნაწილმა - საშუალება რომ გვექნება, დავუსვამთ კითხვებს, რატომ მოგვცა ორდენებიო, ნაწილმა კი, ჩვეული თავდმაბლობით განაცხადა, უხერხულად ვგრძნობ თავს, საერთოდ არ მეკუთვნის ორდენიო. არადა, თუ ასე დაბნეული და გაოცებული ხარ, სიტუაციაში გარკვევამდე, რას იღებ ამ ორდენებს?!

P.S. ...და მე ისევ ინაუგურაციაზე აკრედიტაციის შავი ლენტის ფენომენზე ვფიქრობ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test