შემოგვიერთდი

სალომე ფხალაძე

მონაცემთა ჟურნალისტიკა: 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკის წამყვანი მიმართულება

21.11.2013 17:06


მონაცემები - ამ სიტყვის წაკითხვისას  ციფრები, პროცენტები, ფორმულები, მათემატიკა და სტატისტიკა გაგახსენდებათ. თუ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო პროფესიის წარმომადგენელი არ ხართ, შესაძლოა მონაცემებთან გამკლავება რთული, ან მოსაწყენი გეჩვენოთ, მაგრამ  მონაცემთა ჟურნალისტიკა (data journalism) და მისი საქმიანობის შედეგი აზრს შეგაცვლევინებთ. 21-ე საუკუნე მონაცემების ერაა, ის გვხვდება ყველაგან, იქნება ეს  ბიზნესი და ეკონომიკა, პოლიტიკა, ჯანდაცვა, მეცნიერება, განათლება, გარემოს დაცვა, თუ სოციალური სფერო. ჟურნალისტიკა, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოიცავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ინფორმაციის მიუკერძოებლად ობიექტურად, დაუმახინჯებლად და ყველასთვის გასაგებ ენაზე გდმოცემაა.

მონაცემთა ჟურნალისტიკა სტატისტიკისა და  კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით მონაცემებს იყენებს როგორც წყაროს, ამბის მოსათხრობად და გარდაქმნის მათ ვიზუალურად ადვილად აღსაქმელ, ლამაზ და სახალისო გამოსახულებად, რომელიც ყველასთვის ადვილად წასაკითხია. იმან, თუ როგორ გაუმკლავდა ნიუ იორკ ტაიმსი და გარდიანი ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ დიდი რაოდენობის მონაცემებს, ჟურნალისტიკის ეს დარგი კიდევ უფრო წინ წაწია და სხვებსაც დაანახა მისი მნიშვნელობა.

ამბის სრულყოფილად  გადმოსაცემად ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ 1952 წლიდან დაიწყეს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მონაცემების დამუშავება. CAR-მა (computer assisted reporting) რეპორტიორების მუშაობის სტილი სრულად შეცვალა. მათ დაიწყეს მონაცემთა ბაზების შექმნა, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ ცხრილებში განთავსება, სტატისტიკის გამოყენება, ინტერვიუების ელექტრონული ფოსტით წარმართვა, პოლიტიკური და დემოგრაფიული ცვლილებების შესწავლა და გეოგრაფიული ინფორმაციის სისტების (GIS) მეშვეობით  მათი რუკაზე დატანა... პირველად CAR-ი ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ბი-ესმა გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად. ბევრი მიიჩნევს ,რომ CAR-მა დღევანდელ მონაცემთა ჟურნალისტიკას ჩაუყარა საფუძველი.

საქართველოში, სამწუხაროდ, ეს სფერო არ არის განვითარებული. ორგანიზაციები, რომლებიც მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობენ, თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ, ჟურნალისტებს, რომელთაც მონაცემებზე მუშაობის სწავლა სურთ, შეუძლიათ ინტერნეტით მიიღონ ეს ცოდნა სრულიად უფასოდ. Media.ge-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება უფასო ონალინ კურსის შესახებ მონაცემებთან მუშაობის სფეროში წამყვანი პროფესიონალების ინსტრუქტორობით, რომელიც 2014 წლის დასაწყისში დაიწყება, დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: http://datadrivenjournalism.net/course/.

საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციები, ხვდებიან რა ამ სფეროს მნიშვნელობას და პოტენციალს, სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობენ მის  პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოვიდა მონაცემთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო(The data journalism handbook), რომელიც ასევე უფასოდ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ან ესპანურ ენაზე ამ ვებგვერდიდან: http://datajournalismhandbook.org/.

მანამ, სანამ მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალურად წარმოდგენას სრულყოფილად შეისწავლიდეთ, შეგიძლიათ სხვადასხვა უფასო ვებგვერდი გამოიყენოთ საკუთარი ინფოგრაფიკის  შესაქმნელად.

ავტორი: Jumpstart Georgia

https://infogr.am/ არის ვებგვედი, რომელზეც შეგიძლიათ უფასოდ დარეგისტრირდეთ, საკუთარი დიზაინით შექმნათ ინტერაქტიული ინფოგრაფიკა და გააზიაროთ ის თქვენს სოციალურ ქსელში, თუ ვებნგვერდზე.

http://www.wordle.net/ დაგეხმარებათ სიტყვების ღრუბელის შესაქმნელად, თქვენ უბრალოდ ტექსტის აკრეფა და დიზაინის არჩევა დაგჭირდებათ. მზა მასალა კი შეგიძლიათ ამობეჭდოთ  გააზიაროთ ან გამოიყენოთ თქვენი სურვილისამებრ. წარმოდგენილი სურათი გვიჩვენებს საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს. როგორც ხედავთ, აღსაქმელად ასე უფრო ადვილია ვიდრე და რიცხვებისგან, თუ პროცენტებისგან შემდგარი მშრალი ტექსტი.

http://feradi.info/ka არის ქართულენოვანი გვერდი, რომელიც დარეგისტრირების შემდეგ საშუალებას გაძლევთ თქვები იდეები ვიზუალურად გამოსახოთ, მარცხნივ განთავსებული სურათი სწორედ ამ ვებგვერდიდანაა. 

ადამიანები იმახსოვრებენ იმის 10%-ს რასაც კითხულობენ, იმის 20%-ს რასაც ისმენენ, იმის 30 %-ს რასაც ხედავენ, იმის 50%-ს რასაც ხედავენ და ისმენენ ერთდროულად, იმის 70%-ს რასაც წერენ და წარმოტქვამენ ერთდროულად და იმის 90%-ს რასაც ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან და გააკეთებენ. (Dale’s Cone of Experience)

ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზემოთმოყვანილი ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ცხადყოფს, რომ ადამიანები წაკითხულზე, თუ მოსმენილზე მეტად ვიზუალს იმახსოვრებენ და სწორედ ამიტომ უნდა ეცადოს ჟურნალისტი მონაცემები ვიზუალურად გამოსახოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test