შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

პარანორმალური „პანორამა“

17.12.2013 15:53

თამარ კარელიძე

ორშაბათი მძიმე, კვირა კი, შედარებით, მსუბუქი დღეა, თუმცა არა ტელევიზიაში. როცა სხვები ისვენებენ, აქ საკვირაო ეთერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, მით უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს. როგორც წესი, საკვირაო პრაიმ-თაიმში აქცენტი ერთ გადაცემაზე კეთდება. ასეთი, „რუსთავი 2-ზე“ „პოსტკრიპტუმია“, პირველ არხზე - არ ვიცი (სავარაუდოდ, შუასაუკუნეების არქივებში ნაპოვნი დოკუმენტური ფილმი), „იმედზე“ კი „პანორამა“ დაიწყო.

გადაცემა, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ეთერში გადის, თუმცა, პროფილი, ცოტა ბუნდოვანია. ავტორებს სურთ, „პანორამას“ ჰყავდეს, დაახლოებით, ისეთი საინტერესო გუნდი, როგორიც „დროებას“ (თემებზე ტელეკომპანიის წამყვანი ჟურნალისტები მუშაობენ), იყოს ისეთი ამომწურავი, მხატვრული და საინტერესო, როგორიც პირველი „ჟურნალისტის დღიური“ იყო, ორიგინალურად გადმოსცეს სათქმელი, თუმცა, ჯერჯერობით, ვერცერთ ზემოთჩამოთვლილ ფორმატში ჯდება.

ალბათ, ამ პოსტს არ დავწერდი, რომ არა გასული კვირის გადაცემა და თემები გლობალიზაციაზე, საიმიგრაციო კანონსა თუ პარანორმალურ მოვლენებზე.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული დასავლეთის ერთადერთ საზრუნავში - როგორ წაგვართვას ქართველობა. სიუჟეტი, რომელსაც „ანტიდასავლური განწყობა - რეალობა და მითი“ ერქვა, სხვა არაფერი იყო, თუ არა, მტკიცება, რომ გლობალიზაცია განადგურებით გვემუქრება და რომ დასავლეთი ცუდია. სიუჟეტის რესპონდენტები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ მოვლენებში ამერიკის ხელი ურევია, რომ მაშინ, როცა დასავლეთი 7 ნოემბერს, 2008 წლის აგვისტოს ომს, 26 მაისის ამბებს მხოლოდ აღშფოთება-შეშფოთებით გამოეხმაურა, 17 მაისის მოვლენებზე „აყვირდა,“ რომ ევროკავშირის სურვილია, არ იყოს ეროვნება და სარწმუნოება, რომ დასავლეთს გლობალიზაციის ხელისშემშლელად განსხვავებული რელიგია და ენა მიაჩნია და ქართველობას დავკარგავთ... ავტორს ბალანსის (უფრო, ზრდილობისათვის) მიზნით, გიგი თევზაძე ჰყავდა ჩაწერილი, რომლის ფრაზებიც, აშკარად, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და, ჯამში, ისევ მთავარ თემას ასხამდა წყალს. 

ზოგადად, ყველა გადაცემას ჰყავს პროდუსერი, რომლის მოვალეობაცაა, ნახოს სიუჟეტი, მისცეს მითითება ჟურნალისტს (რაც, საერთოდ არაა ვინმეს პროფესიული შეურაცხყოფა), იზრუნოს ბალანსზე.. ამ შემთხვევაში პროდუსერი ან მთლიანად ენდო ჟურნალისტს, ან ისე აღფრთოვანდა თხრობის განსაკუთრებული სტილით, რომ მთავარი გამორჩა, ან სავსებით ეთანხმება პათოსს, რომლის „ავბედითობაც“ ფონად დადებულმა მუსიკამ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

გადაცემის კიდევ ერთი სიუჟეტი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება, თუმცა სიუჟეტის ნახვის შემდეგ, მაყურებელს უფრო მეტად, აფროამერიკელების ქართველ ქალებზე ქორწინება, ბავშვების გაჩენისა და აქ დამკვიდრების სურვილი დაამახსოვრდებათ (რაც კიდევ უფრო ამყარებს წინა სიუჟეტიდა გამოყოლილ პათოსს ქართველობის წართმევის შესახებ). რატომ გახდა საჭირო რეჟიმის გამკაცრება, რა მიზანს ემსახურება და ა.შ, მიუხედავად იმისა, რომ პარალამენტის რომელიღაც კუთხეში, თვით შს მინისტრის მოადგილეც ჰყავთ ჩაწერილი, სიუჟეტიდან ვერ შევიტყობთ. 

უფრო საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება რეპორტაჟი ტყვიავიდან, რომელიც ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დატრიალებულ პარანორმალურ მოვლენებზე მოგვითხრობს. თავად თემა კია საინტერესო, თუმცა მუსიკალური გაფორმების, კადრებისა და მონტაჟის მიხედვით, უფრო ღამის ეთერს განეკუთვნება, ვიდრე საღამოს ცხრა საათიან ფორმატს.

სიუჟეტის უამრავი ჟანრი არსებობს, თუმცა ვერ მივხვდი, რომელს განეკუთვნებოდა წინა გადაცემებში გასული ეკა ხოფერიას სიუჟეტი, რომელიც ცნობილი დედებისა და შვილების ფოტოსესიას ეხებოდა. ტიტლიკანა ბავშვების ჩვენებას რომ დავანებოთ თავი, ხოფერია თავადაც მონაწილეობდა სესიაში და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიუჟეტის მთავარი მოქმედი გმირიც იყო.

 მოკლედ... ტელეჟურნალის გაკეთება რთულია. სამაგიეროდ, ადვილია ეთერში გასვლამდე სიუჟეტების ნახვა, კეთების პროცესში შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიცემა, თუ სათქმელი ბუნდოვანია, სიუჟეტშივე გამოკვეთა თუ არა, წამყვანის ქუდში გატანა მაინც. პასუხისმგებელი პირების ნიუსის სტილში, სადმე კუთხეში ჩაწერა კი არა, მათთან ინტერვიუს დაგეგმვა, დაბალანსებაზე ზრუნვა, რომლისთვისაც ხშირად სულაც არაა საკმარისი ე.წ. მეორე მხარისგან ზედაპირული კომენტარის აღება, კონტროლი იმისა, რომ ფიჩერზად ჩაფიქრებული სიუჟეტი დაცინვაში არ გადავიდეს.. პრინციპში, მე ვის რას ვასწავლი, გადაცემაზე, პრაქტიკულად, ჩემხელა სტაჟის მქონე ხალხი მუშაობს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაფერი ესწავლებათ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test