შემოგვიერთდი

ტარიელ ზივზივაძე

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გააკეთოთ რეკლამა რეგიონულ მედიაში

26.12.2013 13:58

დაახლოებით 8 წლის წინ ჩვენი თანამშრომელი ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაციის მიერ გამართულ სემინარს ესწრებოდა. ისეთი გახარებული სახით დაბრუნდა, გიჟს გავდა ... სულ იმას იძახდა - „ეს რა ვნახე, ეს რა ვნახე“-ო ... დავინტერესდი, ნეტა ასეთი რა ნახა მეთქი ... „აუ ისეთი მაგარი ფურშეტი ჰქონდათ რომ მსგავსი არაფერი მინახიაო ... “. Whaaat? არადა მართლა აქტუალური თემა იყო, მართლა ცნობილი ორგანიზაცია აკეთებდა და მართლა საინტერესო სემინარი უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც ჩანს იმდენად მდარედ და ა.შ. ჩატარდა [როგორც ხშირად ხდება ხოლმე], რომ ის ღონისძიება დღესაც იმ „ფურშეტით“ გვახსენდება ...

déjà vu ხომ იცით რაცაა? იგივე შეგრძნება კინაღამ დამემართა 24 დეკემბერს, რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენაზე. მართლა იშვიათად გამორჩეული ფურშეტი იყო. ყველაფერი ძალიან გემრიელი, სამივე განყოფილების დიზაინიც SUPER [პირველი გამოფენა, მეორე სემინარების სივრცე, მესამე ფურშეტის სივრცე], მაგრამ ამჯერად აღმოჩნდა, რომ შინაარსიც არანაკლები იყო. ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გავაზიარებ ჩემს შთაბეჭდილებას განსაკუთრებით ეროვნული მასშტაბით მომუშავე კომპანიების მარკეტინგის მენეჯერების და მათი მმართველების საყურადღებოდ: რეგიონის მედია სივრცე თითქმის საერთოდ აუთვისებელია, არადა უნიკალურის შემოთავაზება ნამდვილად შეუძლიათ!

სიმართლე გითხრათ მაინცადამაინც ოპტიმიზმით აღსავსე არ წავსულვარ გამოფენაზე. უბრალოდ მაინტერესებდა სიახლე გამეგო; უფრო მეტად კი მეგობრების და ნაცნობების ნახვის იმედი მქონდა. გავესაუბრე რამოდენიმე მედია საშუალების წარმომადგენელს, დიდი ხნის უნახავი ნაცნობებიც აღმოვაჩინე, საკმაოდ ღიად ვისაუბრეთ, მერე სემინარებსაც დავესწარი. პირველზე [ცოტა დაგვიანებით კი შევედი] კვლევის პრეზენტაცია იყო ... იმდენი ციფრით, რომ მათემატიკასთან ჩემი ახლო მეგობრობის მიუხედავად თავი ამტკივდა. 1-2 შეკითხვაც დავსვი და პასუხიც მივიღე. მე პირველ რიგში წარმატებული მაგალითები მაინტერესებდა, რომლებიც როგორც ჩანს ბევრი არ არის ამ ეტაპზე.

რატომ უნდა დახარჯოს კომპანიამ ფული რეგიონულ მედიაში რეკლამაზე?

საერთო ჯამში ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა:

1. რეგიონულ მედია საშუალებებში რეკლამა იაფია [შედარება არაა თბილისურ ფასებთან]. ფასებს და სათანადო დაფარვას რომ ჩავხედე გავოცდი. ნუთუ ეს ასეა? ეგ კიდევ არაფერი, თუ გრძელვადიანი და მსხვილი კლიენტი ხარ, ფასდაკლებას მიიღებ სოლიდურს. რა თქმა უნდა სიიაფე მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ ასე რომ არის ფაქტია!

2. თითქმის ყველა რეგიონულ მედია საშუალებას თავისი მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. რადიოა? თავისი მსმენელი ჰყავს; გაზეთია? თავისი მკითხველი ჰყავს; ტელევიზია? თავისი მაყურებელი ჰყავს; მათთან მუშაობით შესაძლებელია მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფებზე გასვლა. ეს ციფრები არსებობს [კვლევის შედეგები] და მოაზროვნე მედია მენეჯერი მათი მეშვეობით კარგად დაალაგებს კამპანიას და დაფარვასაც სოლიდურს მიიღებდა!

3. ეროვნული მედია სივრცე დიდწილად გაჯერებულია. ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, პრესა, გარე რეკლამა ... განა რა ეფექტი ექნება 30 სარეკლამო ტიხარში გაჩრილ 20 წამიან სარეკლამო რგოლს? GRP შედეგები გაკმაყოფილებს? მაშინ ჩემი პასუხი იქნება ასეთი: „ცოტა ცხვირს იქითაც გაიხედეთ!“ რეგიონალურ საშუალებაში გაკეთებული რეკლამით კი უფრო უნიკალურად შეიძლება მიწვდე სამიზნე ჯგუფს, ხოლო თუ სარეკლამო კომპანიასაც ჩართავთ საქმეში და შემოქმედებითად/მასშტაბურად მიუდგებით ... მოკლედ არის აქ შესაძლებლობები!

4. რეგიონებში რეიტინგების დათვლა აშკარა პრობლემაა! მაგრამ მარკეტინგში თუ მუშაობ, მაშინ გაბედული ექსპერიმენტებისათვის მზად უნდა იყო. ხშირად შეიძლება დაგიდგეს შემთხვევა, როცა უბრალოდ უნდა „გაისროლო“, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა „დაივიწყო“, რომ ეფექტი უნდა აუცილებლად გაზომო [სხვათა შორის შედეგების გაზომვის საკმაოდ მოხერხებული მეთოდი მირჩიეს ადგილზე]!

5. მიიღეთ მეტი ინფორმაცია და იმუშავეთ კომპლექსურად შუამავლის მეშვეობით. მე დავინახე, რომ ბევრმა მარკეტერმა უბრალოდ არ იცის რა პოტენციალია რეგიონში. გარდა ამისა 30 რეგიონულ მედია საშუალებასთან სამუშაოდ შეიძლება კადრი არ გყავთ, მაგრამ მიმართეთ თქვენს სარეკლამო კომპანიას, ან IREX-ს ან ამ ორგანიზაციებს: 1) http://betterfly.ge - სარეკლამო სააგენტო, 2) http://www.rmm.ge - სარეკლამო სააგენტო, 3) http://garb.ge - საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, 3) http://preda.ge - სარეკლამო სააგენტო ]. კვლევითი ინფორმაცია არის, ორგანიზაციები [შუამავლები] არიან ... დანარჩენი თქვენზეა ...

აქვე რამოდენიმე მეგობრული წინადადება ორგანიზატორებს [ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლა]:

1. მე მგონი ბიზნეს სექტორის გარდა ყველა იყო გამოფენაზე [ეს მარტო ჩემი აზრი არაა, მონაწილეთა მოლოდინი, ვისაც მე ვესაუბრე, აშკარად მეტი იყო]. Marketer.ge -ს სახით ძალიან კარგი პარტნიორი გყავდათ, მაგრამ პერიოდული კამპანიაა საჭირო და არა მხოლოდ „ერთ გასროლა“. ამას კი ვერცერთი რეგიონული მედია საშუალება ვერ გააკეთებს დამოუკიდებლად. თქვენი მხარდაჭერაა აუცილებელია. რეგიონული მედიის გაყიდვების ზრდას მედია გაყიდვებში ესოდენ „პოპულარული“ ტრენინგების ჩატარება არ შველის;

2. როცა გამოფენა ტარდება ერთი ბროშურა მაინც უნდა იყოს, რომ ჩემნაირმა სტუმარმა ნახოს ვინ არის წარმოდგენილი და საიდან;

3. კვლევა ქართულ ენაზე [სლაიდზე] და რაც მთავარია გასაგებ ენაზე ჯობდა დაწერილი ანგარიშის სახით ყოფილიყო;

4. ქეისებია საჭირო, ვინ რაში რამდენი დახარჯა და რა ხეირი მიიღო. საქმიანი ხალხი, ვინც თქვენი აუდიტორიაა, ძალიან გადატვირთულია დღეს [განსაკუთრებით ამ პერიოდში] და თან ყველა არ მეგობრობს მათემატიკასთან; იმოდენა კვლევის გაკეთებასთან ერთად კარგი იქნებოდა წარმატებული ქეისებისთვისაც მოგეყარათ თავი;

5. დეკემბერში, წინასაახალწლოდ მე მგონი არ არის კარგი იდეა ასეთი გამოფენის ჩატარება. ამ პერიოდში ბევრი კომპანია მედია საშუალებებთან კონტრაქტებზე კი მუშაობს, მაგრამ ამ ციებ-ცხელებაში ინფორმაციის მიწოდება არ არის კარგი აზრი ყურადღების მოპოვების თვალსაზრისით. ჩემი აზრით ადრე ჯობია, მაგალითად შუა შემოდგომაზე ასეთი გამოფენის გაკეთება;

6. ამ სტატიის წერისას ვიფიქრე გამოფენის ბმულს მაინც მივუთითებ მეთქი. მაგრამ pass … ასეთ საქმეს თავისი საიტი არ სჭირდება? ეს ხომ ასე ადვილი და იაფია დღეს?

 

გამოფენაზე ჩემი 9 წლის ქალიშვილი მახლდა. მამი რა მოგეწონა მეთქი ვეკითხები გზაში. პრიორიტეტები ასე დაალაგა: 1) „აუ მაგარი რამეები იყო“ [ფურშეტი იგულისხმა, ბავშვია მაინც], 2) „გამომსვლელებს ეტყობოდათ რომ მომზადებულები იყვნენ, ზეპირად იცოდნენ ტექსტი და არ კითხულობდნენ ეკრანიდან“, 3) „შიგნით სიტუაცია მომეწონა, როგორ იყო დალაგებული ყველაფერი“;

რაღა დავამატო, ღონისძიება შედგა!

მაგრამ შედგა კი კომუნიკაცია მიზნობრივ ჯგუფთან?


ავტორი ტარიელ ზივზივაძე -  საკონსულტაციო კომპანია marnet-ის ხელმძღვანელი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test