შემოგვიერთდი

ნათია კუპრაშვილი

საზოგადოებრივი მაწუხებელი

27.12.2013 14:57

თავიდან გავოგნდი, შევშვშფოთდი და ყველაფერი ის დამემართა, რაც მსგავს შემთხვევებში მდგომარეობის გამოსახატავად დიპლომატიური კორპუსების მიერ გავრცელებულ განცხადებბეში იწერება. მერე ცოტა რომ დავფიქრდი იმით გავოგნდი - რატომ მქონდა სხვაგვარი მოლოდინი:

ჩვენი დეპუტაციის დიდი ნაწილისთვის ხომ მართლაც უცნობია იაგო კაჭაკჭიშვილი თავისი საზოგადოებირვი აზრის კვლევებით, უცნობია გიორგი ლობჟანიძის თარგმანები, მისი ნაწარმოებები; პარალმენტარები არ იცნობენ უჩა სეთურს, რომელმაც ლამის მარტომ დაწერა ის, რაც წლებია ვერ დაწერა ეკონომიკის სამინისტრომ და  ვერ დაამტკიცა პარალმენტმა (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონცეფციას ვგულისხმობ); უმრავლესობისთვის უცნობია დავით მჭედლიძე და მისი media.ge, უცნობია ჯანა ჯავახიშვილი და დარტ ცენტრი, მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებისთვის ტრავმის მიყენება ხელისუფალთა პროფესიად რჩება; უცნობია ყველა დანარჩენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის აწ უკვე ყოფილი კანდიდატიც, რადგან პარალამენტარებისთვის თავის გასაცნობად ერთადერთი სცენა არსებობს - პოლიტიკური, ეს ხალხი კი არ მდგარა ამ სცენაზე.

უსაფუძვლოა უკლებლივ ყველა დეპუტატისგან მოვითხოვოთ  ის, რაც მათ ძალებსა და უნარს აღემატება, უსაფუძვლოა მათ უმრავლესობას მოვთხოვოთ - წაიკითხონ კანდიდატთა კონცეფციები, რადგან იმ კანონებსაც კი არ კითხულობენ რომლებსაც ხმა მისცეს (ასეთია მაუწყებლობის შესახებ კანონიც). რთულია  პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა  საზოგადოების ინტერესების დაყენება. ძნელია  საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დაშვება, რადგან ასე რომ მოხდეს, სხვა მაუწყებლების კონტროლს აზრი დაეკარგება.

ახლა ის მაოგნებს, რამ შექმნა იმ პროცესის საფუძველი, რაც პარლამენტში 27 კაციანი სიის წარდგენამდე მიმდიანრეობდა. ყველაფერი სულ რამდენიმე ადამიანის ბრალია: იმ ადამიანების - ვინც ჯერ უანგაროდ დაწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახალი დაკომპლექტების წესი და შემდეგ თავდაუზოგავად იბრძოლა მის დამტკიცებაზე, ისე რომ პირადი ინტერესი არ ქონია; ჩემი კოლეგების ბრალია შესარჩევი კომისიიდან -მათი იმედები გადამდები იყო, მათი ენთუზიაზმი და სიხარული, როცა კონცეფციებსა და პრეზენტაციებში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ახალ, ჯანსაღ ხედვას აღმოაჩენდნენ. იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც კონკურსში მონაწილება მიიღეს და იმ ადამიანების ვინც ოფისებში, სახლებსა თუ სოციალურ ქსელებში პროცესის გამჭვირვალობით გაიხარეს. ბრალდებულთა რაოდენობა, როგორც ჩანს, იმაზე მცირეა, ვიდრე მე წარმომედგინა და ვიმედოვნებდი, რადგან კონკურსი მოკვდა, ,,გაუმარჯოს“  ,,კონკურსს“!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test