შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ეკა ხოფერიას „ქალური ბედნიერება“

09.01.2014 18:31

მახსოვს, როგორ აღშფოთდა ნანუკა ჟორჟოლიანზე ერი, როცა ეგვიპტეში ჩაწერილ გადაცემაში რესპონდენტად მოგვევლინა. ნანუკა ჰყვებოდა და ჰყვებოდა თავისი პირადი ცხოვრებისა და ქალური ბედნიერების შესახებ. შურიანი ქართველები (ძირითადად, ქალები) ალაპარაკდნენ, როგორ გაუვიდა თავს, როგორ არაფრის რცხვენია, როგორ უნდოდა, ვინმეს მაინც აეღო მისგან ინტერვიუ და როცა არავინ ისურვა, თავად გააკეთა ეს... ნანუკას შემთხვევა ერთხელ იყო, თუმცა ერთადერთი არ აღმოჩენილა.

უკვე რამდენიმე წელია, ეკა ხოფერიამ ძირითად სამუშაო სფეროდ, ქართულ/თბილისურ გლამურსა და ბომონდთან ერთად, ოჯახური იდილია აიღო - არამხოლოდ სხვისი. ასე, მაგალითად, გადაცემა “პანორამაში”, ცნობილი ქართველი დედების ფოტოსესიის შესახებ, მის მიერ მომზადებული სიუჟეტი ვიხილეთ, რომლის მთავარ გმირადაც ხოფერია, შვილებითურთ მოგვევლინა. რაც შეეხება ფოტოსესიას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაყურებელი მას ჟურნალ “სითის” გვერდებზე იხილავდა (აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჟურნალი ეკა ხოფერიას ეკუთვნის).

დიდი და ნათელი სახლი, ქმარი, შვილები, სამზარეულოში მამაკაცების ფუსფუსი, ნაძვის ხე, სტუმრები, საჩუქრები, ამბები ოჯახური ცხოვრებიდან, გიტარა, სიმღერა, ნამდვილი ქართული სუფრა და ბედნიერი დიასახლისის როლი – ეს უკვე ეკა ხოფერიას საშობაო გადაცემიდანაა. უყურებ და უხერხულობის განცდა არ გტოვებს. ასე გგონია, ვიღაცის პირად ცხოვრებაში დაუკითხავად შეიჭერი და ჩუმად ადევნებ თვალს.

ზოგადად, ოჯახური ვიდეოები ღირებული რამაა. ფასი, დროსთან ერთად ემატება. თუმცა ერთი ნაკლი აქვს – ოჯახის საკუთრებაა და, როგორც წესი, გარეშე ადამიანებს დიდად არ აინტერესებთ. გამონაკლისი ე.წ. ვარსკვლავები არიან, რომლებიც საქართველოში არ არსებობენ და თუ არსებობენ, მათი დღესასწაულების შესახებ, იმდენჯერ მომზადებულა საახალწლო გადაცემები, მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის. მცირედ უხერხულობას და ინტერესთა კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ, ხმამაღალი განაცხადია თავი “ვარსკვლავების” კატეგორიაში გაიყვანო და თან იმდენად გჯეროდეს ამის, რომ საკუთარ ოჯახზე გადაცემა თავადვე მოამზადო.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც “ნანუკას შოუ” კრიტიკის ობიექტი იყო, ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ავტორი ქვეყანაში არსებული ფონიდან იყო ამოვარდნილი და სულ სხვა საქართველოზე გვიყვებოდა. წლების შემდეგ, ნანუკა მიწაზე დაეშვა, თუმცა სხვა საქართველოზე გადაცემების კეთება ხოფერიამ გადაიბარა. სწორედ ამ კატეგორიაში გადიოდა მისი საახალწლო გადაცემაც. წითელ ხალიჩაზე შეშხუილებული ვარსკვლავები ამაყად თვლიდნენ მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, რომელთა სამოსსაც “ყველაზე ელეგანტურ საღამოზე” ატარებდნენ. აქვე იმედოვნებდნენ, რომ “ყველაზე ელეგანტურებეეეს” ტიტულსაც გამოჰკრავდნენ ხელს. არადა, მათი ყოველდღიურობის შემყურეს საფუძვლიანი ეჭვი გიჩნდება, რომ ძვირადღირებული ბრენდების სამოსი შესაძლოა, სულაც არ ეკუთვნოდეთ მათ და, უბრალოდ, კონკრეტული საღამოსთვის, არა  მათ მიერ იყოს დაქირავებული.

მეორე საკითხია ე.წ “ვარსკვლავთა” ვინაობა, რომლებიც “ყველაზე ელეგანტურ საღამოზე” წითელ ხალიჩას ტკეპნიდნენ. მათ უმეტესობაზე ხალხს წარმოდგენა არ აქვს, ვინ არიან, რას საქმიანობენ, მაგრამ ელიტას ეკუთვნიან. ელიტაზე კითხვების დასმა კი გოიმობაა.

“ეკა ხოფერიას ტოქ–შოუ” გასართობ–შემეცნებით–სოციალური(?) ხასიათისაა,  რომელიც სადღაც, მიყრუებულ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, არარსებულ ფუფუნებასა და კარგ ცხოვრებაზე  უყვება. შიგადაშიგ ავტორის ოჯახური იდილიითაა გაფორმებული და ხანდახან პრობლემებსაც ეხება.

არსებული მოსაზრებების მიხედვით, ოჯახური იდილია და “ქალური ბედნიერება”, ცოტა არ იყოს, ინტიმურ სფეროს განეკუთვნება. ნორმალური ადამიანები კი უხერხულობას გრძნობენ, როდესაც გარკვეული გარემოებების გამო, სხვების სამყაროში ამოყოფენ ხოლმე თავს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ეკა ხოფერიას აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, არის ძალიან ბედნიერი. თან, ჟურნალისტიკაში საკუთარი თავიც იპოვა. ამაში დასარწმუნებლად და მისი ბედნიერებით გასახარად, ხალხს ზედმეტი თვალსაჩინოებები არ სჭირდება – უფლის რჩეული ქართველი ერი ხომ ყველაზე კეთილია მსოფლიოში?!. 

 

P.შ.  ნებას გრთავთ, ეს პოსტი მაშინ ამომიქექოთ, როცა ნამდვილ, ქალურ ბედნიერებას ვიპოვი და საკუთარ იდილიაზე ყველაზე რეიტინგული გადაცემის მომზადებას, საკუთარ არხზე, თავად დავიწყებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test