შემოგვიერთდი

სალომე ფხალაძე

ქართული მედიის დეკადანსი?!

14.01.2014 11:32

აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი, რა მოვულოცოთ ჩვენს მედიას, რა გთხრათ, რით გაგახაროთ...

ჯორჯ ორველმა თქვა, ჟურნალისტიკა არის იმის დაბეჭდვა, რაც სხვას არ უნდა რომ დაიბეჭდოს,  დანარჩენი საზოგადოებასთან ურთიერთობააო.

როგორ გამოსდით ჩვენთან ბეჭდვა, ან საზოგადოებასთან ურთიერთობა, რამდენად ახერხებენ თანამედროვე მიღწევებისთვის ფეხის აწყობას და ახლის შექმნას?- აი, რასთან გვაქვს საქმე:

Copy paste საავტორო უფლებების დარღვევით, პროპაგანდა, „დასპინული“ინფორმაცია, როცა არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას განგებ აყოვნებენ და იმ დროს ავრცელებენ, როცა სხვა მოვლენების ფონზე დაიჩრდილება. ხშირად გვხვდება სპინის კიდევ ერთი სახეობა-გებელსის პრინციპი-“ ნებისმიერი ტყუილი ხშირად განმეორებული, თავისუფლად ხდება სიმართლე.“

 „ინტელექტუალური ცხოვრების შეცვლა უსაგნო ფეიერვერკთა მთელი რიგით და საზოგადოების გონების გახრწნა“. კიჩი, ყველგან კიჩი, არაშემეცნებითი გადაცემების მთელი ასორტი და ე.წ „ექსკლუზივები“... დავიწყებული კულტურტრეგერული მოვალეობა. დასავლეთის პროექტების მიბაძვა...

წარმატებული პროექტების მიბაძვა, რა თქმა უნდა, კარგია და საჭიროც, მაგრამ ისინი წლიდან წლამდე ელვის სისწრაფით ვითარდებიან, მათი შემქმნელები ყოველდღე დაუღალავად შრომობენ ინოვაციების დასანერგად, არ უშინდებიან ექსპერიმენტებს. ჩვენთან კი მხოლოდ გადმოიღებენ პირვანდელ ვარიანტს და გვაქვს და გვაქვს საშვილიშვილოდ, თუ, რა თქმა უნდა, კუს ნაბიჯებით გაუმჯობესების პატარა მცდელობებს არ ჩავთვლით.

ხშირად გამიგია სხვადასხვა ასაკის თანამოქალაქეებისაგან, რომ მათთვის მედია, არაფრის მომტანია, არაფერს ასწავლის, არაფერს არგებს. „არ ვუყურებ“, „არ ვკითხულობ“, „არ ვუსმენ“...  ეს სტერეოტიპული მიდგომები დროა დაიმსხვრეს და ყველამ გაიგოს, რომ თუ მედია არაფერს აძლევს, ესე იგი ართმევს და ართმევს, სწორედაც რომ მათი ასეთი განდგომის გამო. როცა საზოგადოების უმრავლესობა მოითხოვს, რომ მათ სურთ უკეთესი და იმსახურებენ უკეთესს, როცა ისინი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ბრძოლას არ შეწყვეტენ, მაშინ მედია იძულებული გახდება უფრო მაღალი სტანდარტის გახდეს და უპასუხოს ხალხის მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1875 წელს არის შექმნილი, ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური ტექსტი „ფრანგული პრესის დეკადანსი“ არ კარგავს აქტუალობას და სავსებით შეგვიძლია ის დღევანდელი  ქართული მედიის რეალობას მივუსადაგოთ. მერე რა, რომ 139 წლის წინანდელ ფრანგული მედიის მანკიერებებზე წერს ავტორი, ქართველებს ეს 21-ე საუკუნეში გვაწუხებს... სამწუხაროდ...

ნიკო ნიკოლაძე გამოყოფს ჟურნალისტთა სხვადასხვა კატეგორიას:

ლანძღვა-გინების მოყვარული ჟურნალისტები  - „მათი მეთოდია უწმაწური სიტყვების ხმარება. ისინი პროვოკატორულად და სრულიად თავზეხელაღებულად აფრქვევენ გაბედულ ფრაზებს, გადმოსცემენ შემოკლებულ ჭორებს; ხალხს თავს ისე აჩვენებენ ვითომც დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ თავიანთი სიტყვების სიმართლეში. მყვირალა პატრიოტიზმის შესახებ წარმოთქმული ცარიელი სიტყვებით ისინი ქვეყანას ატყუებენ და იმედს ამყარებენ ზოგის უვიცობაზე,ზოგის ცუდ მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი მასების გულუბრყვილობაზე“.

ჟურნალისტი-რეკლამა/ ჟურნალისტი მოდის შემომტანი - „ის მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც დავალებული აქვს - შეაქოს და სახელი გაუთქვას... ამ მეთოდს იყენებენ არამარტო იმისთვის, რომ „საქმეებს“ გაუთქვან სახელი, არამედ კახპებსაც და, რა თქმა უნდა, მათ პატრონებსაც.

მოხეტიალე დასის ჟურნალისტები - „მიჩვეულნი ყველა საქმის რიგრიგობით მომსახურებას და ღალატს, ბოლოს მართლა სკეპტიკოსები  და გულგრილები ხდებიან, კარგავენ ილუზიებსა და რწმენას. როგორც უბადრუკი მსახიობი ადგილს პოულობს მოხეტიალე დასში, ეს ჟურნალისტებიც ისე ემსახურებიან გარკვეული „დანიშნულების“ გაზეთს, თამაშობენ როლს ყოველ საღამოს. ფარდა ჩამოეშვება თუ არა, ანდა ნომერი გაიშვება თუ არა დაზგის ქვეშ, იწყება რედაქტორის ქილიკი...“

ზემოთჩამოთვლილ სახეობათა გარდა, ნიკოლაძე გამოყოფს ნიჭიერ, გულრწფელ და უაღრესად პატიოსან  ჟურნალისტებს, რომლებიც მზად არიან სიცოცხლე შესწირონ იმ საქმეს, რომელიც მართალი ჰგონიათ, ემსახურებიან სიმართლეს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი არიან.

აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი, რა მოვულოცოთ ჩვენს მედიას, რა გთხრათ, რით გაგახაროთ...

გისურვებთ რომ გაგვიმრავლდნენ პატიოსან  ჟურნალისტები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test