შემოგვიერთდი

შორენა კოპალეიშვილი

მუზა ქრება

22.01.2014 21:55

რადიო მუზა

თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ემყარება სარფიან კომერციასა და პოპულარულ ბრენდებს, სულ უფრო რთულად ხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები. სარეველასავით ვრცელდება მდარე ხარისხის, ე.წ. „სწრაფი მოხმარების არტი“. ამის დაბალანსება ხარისხიანი პროდუქტით განსაკუთრებით უჭირთ პოსტ საბჭოთა და განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ ვინაიდან სამეცნიერო და მხატვრული ღირებულებები ყოველთვის იყო და რჩება ცივილიზაციის განმსაზღვრელ მაჩვენებლად. რიგი ქვეყნებისა ახლა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებს კულტურულ პოლიტიკაზე.

2013 წლის 27 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას შორის შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის თანახმადაც კლასიკური მუსიკის რადიო „მუზას“ გამართული ფუნქციონირებისთვის, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას; (მუხლი2.2.ა.)

ასოციაცია, კი თავის მხრივ, რადიოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკურ საშუალებებს, საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. (მუხლი2.2.ბ.)

მოგვიანებით ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, სამინისტროს (თურმე) არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი მაუწყებლობა და მისი წარმომადგენლები „მუზას“ განუმარტავენ, რომ „ჩვენ სამართლებრივ ჩიხში ვართ“. ამ ჟესტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის მემორანდუმის პირობებით დაკისრებულ ველდებულებებს.

ამა წლის 4 იანვარს, უსახსრობის გამო მუშაობა შეწყვიტა ამიერკავკასიაში ერთადერთმა კლასიკური მუსიკის რადიოსადგურმა „მუზამ“, რომელიც 6 წლის მანძილზე მაუწყებლობდა დედაქალაქსა და ქვეყნის 10 რეგიონში, ასევე სატელიტისა და ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოში.

24 საათიანი მაუწყებლობა ემსახურებოდა მხოლოდ სახელოვნებო და სამეცნიერო ინტერესებს. მოიცავდა აკადემიური ხელოვნების ყველა დარგს. აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც ტექნიკური, ისე ინტელექტუალური ბაზისით. იყო „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ (EBU) ასოცირებული წევრი. (ყველა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ოპერატიულად აისახებოდა „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ (EBU) მონაცემთა ბაზაში და ებმებოდა საერთაშორისო კულტურულ დიალოგში.) თანამშრომლობდა ქვეყანაში არსებულ ყველა აკადემიურ თეატრთან, კოლექტივთან და ფესტივალთან. კომპეტენტურ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს. ქმნიდა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის აუდიო არქივს. რადიოეთერი ეთმობოდათ ცნობილ და ღვაწლმოსილ ხელოვანებსა თუ მეცნიერებს. მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა კულტურული ჟურნალისტიკის, როგორც დარგის განვითარებაში. მაუწყებლობა ხასიათდებოდა მზარდი რეიტინგით.

მისი უნიკალურობა ამიერკავკასიის მასშტაბით პრესტიჟულია ქვეყნისთვის და უტყუარი სტატისტიკა, რომელიც სახეზეა, მეტყველებს იმაზე, რომ მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის კოეფიციენტი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭირო მატერიალური სახსრები. ვფიქრობთ, რომ ეს ეროვნული პროექტია! 

რადიო „მუზას“ მაუწყებლობის შეწყვეტა ნიშნავს:

1. კლასიკური მუსიკის მაუწყებლობის შეწყვეტას საქართველოში.

2. გაქრება სივრცე სადაც 24 საათი ისმის კლასიკური მუსიკა.

3. აღარ ჩაიწერება აკადემიური მუსიკის არც ერთი კონცერტი, რასაც რადიო „მუზა“ უსასყიდლოთ ახორციელებდა მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე საერთაშორისო სტანდარტით.

4. ტელევიზიებს კონცერტების გადაღებისა და ტარნსლირების დროს აღარ მიეწოდებათ სათანადო ხარისხის აუდიო სიგნალი, რასაც მათ უსასყიდლოდ აწვდიდა რადიო „მუზა“. (მათ შორის ფრანგულმა ტელე არხმა MEZZO-მ სწორედ რადიო „მუზას“ ტექნიკურ ბაზაზე განახორციელა თავისი პირველი პროექტი საქართველოში)

5. ევროპის მაუწებელთა კავშირს (www.ebu.ch) აღარ მიეწოდება საქართველოში მიმდინარე კონცერტების აუდიო ჩანაწერები, რაც შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალური მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას და პოპულარიზაციას.

6. ქვეყნის მუსიკალურ მატიანეში აღარ აისახება მიმდინარე საფესტივალო და საკონცერტო აუდიო მასალა („მომავლის ოქროს ფონდი“).

7. ვეღარ განხორციელდება კამერული და სიმფონიური მუსიკის სტუდიური ჩაწერა სათანადო დონეზე.

8. ქვეყნის რეგიონებს გაუქრებათ კლასიკურ მუსიკასთან შეხების შესაძლებლობა, რაც ისედაც დეფიციტს წარმოედგენს საქართველოში.

9. შეწყდება მნიშვენოლვანი კავშირი ქვეყანაში მიმდინარე აკადემიურ-საკონცერტო, საფესტივალო ცხოვრებასა და საზოგადოების ფართო მასებს შორის (მაგ: შეწყდება პირდაპირი ტრანსლაციები, უახლესი საკონცერტო ცხოვრების ყოველკვირეული მიმოხილვა და ა.შ)

10. ქართველ მსმენენელს შეუწყდება საშუალება ეზიაროს შემდეგ მიმართულებებს: ოპერა (სრული შესრულებით, ლიბრეტოს ქართულ ენაზე გაცნობით), ბაროკოს მუსიკა (ისტორიული ასპექტებით), თანამედროვე და უახლესი მუსიკა (კომპეტენტური, ამომწურავი ანალიზით)

11. დამწყებ მუსიკოსებს წაერთმევათ საშუალება ეზიარონ პროფესიულ მუსიკას საუკეთესო შესრულებით.

12. ხელოვნების აკადემიურ დარგებს (მუსიკა, თაეტრი, სახვითი ხელოვნება) გაუქრებათ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საეთერო პლაცდარმი.

13. შეწყდება სახელოვანი პროფესორებისა და მუსიკათმცოდნეების მიერ განხორციელებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების სერია,  რაც ეყრდნობოდა რადიო „მუზას“ ეთერში გასულ გადაცემათა ციკლებს.

14. შეწყდება სასულიერი (ეროვნული, მსოფლიო) და ფოლკლორული მუსიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წყარო.

15. შეწყდება სხვადასხვა ვითარების გამო მივიწყებულ და ყურადღება მოკლებულ ქართველ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობის მოკვლევა, აღმოჩენა და მათი საზოგადობისთვის გაცნობა, რადგან  მედია სივრცეში არ არსებობს მსგავსი ფორმატი.

16. ქართველ კომპოზიტორებს შეუწყდებათ საავტორო ჰონორარის მიღების წყარო, რასაც რადიო „მუზა“ მისი დაარსების პირველივე დღიდან ანხორციელებდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონზე დაყრდნობით.

17. გაქრება უპრეცენდენტო, ორიგინალური შინაარსის რადიო მაუწყებელი.

 

შორენა კოპალეიშვილი

რადიო "მუზას" გენერალური მენეჯერი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test